“რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა“ - UNFPA-ის დირექტორი საქართველოში
ადამიანებს სურთ ჰყავდეთ შვილები. ადამიანები ამას განიხილავენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბედნიერებას, თუმცა ისინი აცნობიერებენ, რომ იმისთვის, რომ მათ შეძლონ სასურველი ზომის ოჯახის ყოლა, საჭიროა ეკონომიკური სტაბილურობა დღეს და ასევე, ფინანსური უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში. როდესაც ისინი ყველა ამ ფაქტორს უყურებენ, აცნობიერებენ, რომ რთულია ოჯახის უზრუნველყოფა იმ ხარისხითა და სტანდარტებით, რომლებიც მათ თავისი შვილებისთვის სურთ, - ამის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელი თურქეთში და ორგანიზაციის დირექტორი აზერბაიჯანსა და საქართველოში მარიამ ხანი „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
მარიამ ხანის განცხადებით, საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს განეკუთვნება, სადაც შობადობა ჩანაცვლების დონეზე დაბალია, ასეთ ქვეყნებში კი, მისი თქმით, უსაფრთხო დედობაზე ყურადღების გამახვილება ძალიან მნიშვნელოვანია.
რა დემოგრაფიული გამოწვევების წინაშე დგას საქართველო, რამდენად აქტიურად თანამშრომლობს ხელისუფლება გაეროს მოსახლეობის ფონდთან დადებითი დემოგრაფიული ტენდენციების მისაღწევად და რა არის ყველაზე ეფექტური სტიმულები დემოგრაფიული სტაბილურობისთვის, ვრცლად ინტერვიუში...
- პირველ რიგში, მსურს დემოგრაფიულ ტენდენციებზე გკითხოთ, რა დინამიკაა მსოფლიოში, სად არის დემოგრაფიის თვალსაზრისით დადებითი დინამიკა და რომელი რეგიონი და უფრო კონკრეტულად, რომელი ქვეყნები დგას დემოგრაფიული გამოწვევის წინაშე ?
- დემოგრაფიასთან დაკავშირებით სამი ფაქტორია, რომლებსაც უნდა შევხედოთ. შობადობა, სიკვდილიანობა და მიგრაცია. მსოფლიოს თითქმის ყველა ნაწილში, ვიცით, რომ ცხოვრების ხანგრძლივობა იზრდება და ყველა ვთანხმდებით, რომ ეს კარგია. რაც შეეხება შობადობასა და მიგრაციას, ისინი პოლიტიკურად უფრო მეტად კომპლექსური საკითხებია. განსაკუთრებით შობადობის მხრივ შესამჩნევია არაპროპორციული ჩამორჩენა. მოცემულ მომენტში მსოფლიო მოსახლეობის 66% ცხოვრობს რეგიონებში, სადაც ზოგადად შობადობა ჩანაცვლების დონეზე დაბალია და ამას ხაზგასმით ვამბობ. ჩვენ ვაკვირდებით ზრდას საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკაში. იქ უახლოეს მომავალში მოსახლეობის საერთო რაოდენობა კვლავ გაიზრდება, რადგან შობადობა აღემატება თაობათა განახლების დონეს და იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობაც; ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიგრაციის მაჩვენებლები ქვეყნების მიხედვით განსხვავდება.

ის, რასაც ვაკვირდებით საქართველოში, ძალიან დამახასიათებელია ევროპული მოდელისთვის, სადაც შობადობა თაობათა განახლების დონეს ქვემოთაა, არის გარკვეული დონის მიგრაციაც და აქ უნდა შევხედოთ, ვინ მიგრირებს ქვეყანაში და ვინ მიდის ემიგრაციაში ქვეყნიდან. შესაბამისად, მონაცემთა დეზაგრეგაცია ძალიან მნიშვნელოვანია ანალიზისთვის. ჩვენ, გაეროს მოსახლეობის ფონდი, ერთობლიობაში ვუყურებთ ყველა ამ განზომილებას, რათა გავიგოთ ახლა არსებული დემოგრაფიული რეალობა და ასევე ის, თუ რა ტენდენციები და პროგნოზებია და დეზაგრეგაციული მონაცემები რას გვეუბნება ამაზე.
- მოდით, იმ ქვეყნებზე ვკონცენტრირდეთ, რომლებსაც განსაკუთრებით მწვავედ უდგათ დემოგრაფიული გამოწვევები - მათთვის თქვენი მიგნებები და რეკომენდაციები განსაკუთრებით საყურადღებო იქნება. აღნიშნულ კონტექსტში მსურს გკითხოთ, რა ძირითად მიზეზებს გამოყოფდით, რის გამოც აღნიშნულ ქვეყნებსა და რეგიონებში შობადობა მცირდება?
- პრაქტიკა, ქცევა და ტენდენცია, რომ გყავდეს ძალიან დიდი ოჯახი, იცვლება. როდესაც მშობლებს აქვთ რწმენა, რომ მათი შვილი ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრებს, პარალელურად კი იცვლება ცხოვრების წესი (სოფლიდან ქალაქში გადასვლა), გარდაიქმნება საცხოვრებელი პირობები და ეკონომიკა, ხოლო განათლება უფრო ხელმისაწვდომი ხდება - ვხედავთ, რომ ოჯახის ზომა მცირდება. ეს დემოგრაფიული გარდამავალი პროცესის ნორმალური ნაწილია და მას ყველა ქვეყანა გადის. აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და ზოგადად ევროპაში, განვითარებულ ქვეყნებში ვხედავთ, რომ განათლებაზე წვდომა გაუმჯობესდა, ურბანიზაცია ბევრად მაღალია და უფრო მეტი სამუშაო ძალაა, როგორც მამაკაცების, ასევე ქალების. ამ ფაქტორთა ერთიანობა იწვევს იმას, რომ წყვილები ირჩევენ ჰყავდეთ უფრო მცირე ზომის ოჯახები, რათა მათ უზრუნველყონ ცხოვრების ხარისხი თავისი შვილებისთვის, ურბანულ გარემოში, ხშირად ორივე დასაქმებული მშობლის პირობებში. და ამ ტენდენციას ჩვენ ვხედავთ თითქმის ყველა ქვეყანაში.