ყველა ხმა კვარას! - ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელია
უკვე 26 წელიწადია, გაზეთი „სარბიელი“ წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვას ატარებს. გამონაკლისი არც გასული სეზონი ყოფილა და ანკეტებში აქამდე არნახული სტატისტიკაც დაფიქსირდა: გამოკითხვაში მონაწილე ყველა, სამოცდათორმეტივე ჟურნალისტმა, პირველ ნომრად ერთი ფეხბურთელი დავასახელეთ!
სხვაგვარად ვერც იქნებოდა - ხვიჩა კვარაცხელიას მართლაც ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა: მოიგო ყველანაირი თასი თუ ინდივიდუალური ტიტული, დასახელდა უეფას ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად, ინარჩუნებს „ოქროს ბურთის“ მოგების შანსს... კვარას თამაშისა თუ გასულ სეზონში მოგებულ ტიტულებზე ბევრს აღარ ვილაპარაკებთ - „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ვარსკვლავის საოცარმა თამაშმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა და ქართველი ჟურნალისტების ერთსულოვნება რა გასაკვირია...

„სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვა, ხვიჩა კვარაცხელიამ ზედიზედ მეორედ, მთლიანობაში კი - მეოთხედ მოიგო. ამ მაჩვენებლით, კვარა კახა კალაძეს გაუტოლდა და ჩამოიტოვა სამგზის ლაურეატი შოთა არველაძე.
„წლის საუკეთესო ფეხბურთელის“ გარდა, დავასახელეთ ეროვნული ნაკრების საუკეთესო დებიუტანტიც და ამ ნომინაციაში გამარჯვებისთვის ბრძოლა, გაცილებით დაძაბული გამოდგა. საბოლოოდ, ავსტრიული „შტურმის“ ფეხბურთელმა გიზი მამაგეიშვილმა მხოლოდ ერთი ქულით (30:29) აჯობა ნიდერლანდური „ექსელსიორის“ ნახევარმცველ ირაკლი ეგოიანს.
წლის საუკეთესო ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას, კუთვნილი ჯილდო (მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძის დამზადებული ექსკლუზიური, ძალიან ლამაზი პრიზი) ჩრდილოეთ ირლანდიასთან მნიშვნელოვანი მატჩის წინ გადაეცა. შეგახსენებთ, რომ უეფას ერთა ლიგის მატჩი „დინამო არენაზე“ დღეს, 20:00 საათზე დაიწყება და უეფას სანქციის გამო (მიზეზი შარშან, სომხეთთან მატჩისშემდგომი ინციდენტია), უმაყურებლოდ გაიმართება.