1-ელ ნოემბერს სომხეთს დიდი განსაცდელი ემუქრება?! - რით ემუქრება მოსკოვი ერევანს - კვირის პალიტრა

1-ელ ნოემბერს სომხეთს დიდი განსაცდელი ემუქრება?! - რით ემუქრება მოსკოვი ერევანს

მოსკოვმა ერევანს 4 პოლიტიკური მოთხოვნა წარუდგინა და დაემუქრა, რომ თუ ისინი არ შესრულდება, სომხეთს გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს. ამის შესახებ სომხური გაზეთი, „ჰრაპარაკი“ რუსულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რასაც The Moscow Times ავრცელებს.

ამჟამად გაზის მიწოდება დაგეგმილი ტექნიკური მომსახურების გამო შეჩერებულია, ხოლო სომეხი მომხმარებლები საცავიდან მარაგდებიან.

გაზეთის წყაროების ცნობით, 1-ელ ნოემბერს შესაძლოა, დიდი „ავარია“ მოხდეს ან ფორს-მაჟორი წარმოიქმნას, რის შემდეგაც მიწოდება აღარ განახლდება. ამასთან, მოსკოვი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს უცხადებს, რომ მას შეუძლია, ასეთი სცენარი თავიდან აიცილოს, თუ ის გიუმრიში რუსული სამხედრო ბაზის საკითხის განხილვაზე და რუსული კომპანიების, მათ შორის, „სამხრეთკავკასიური რკინიგზისა“ და „გაზპრომის“ წინააღმდეგ ზომებზე უარს იტყვის. წყარო ამბობს, რომ მოსკოვი, ასევე, მოითხოვს, სომხეთმა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს შორის არჩევანი გააკეთოს. კერძოდ, ან გააუქმოს კანონი ევროპული ინტეგრაციის პროცესის დაწყების შესახებ, ან ამ საკითხზე რეფერენდუმის თარიღი ჩანიშნოს. კიდევ ერთი პირობა პრორუსი პოლიტიკოსების სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა და კრემლისთვის მისაღები ვიცეპრემიერის დანიშვნაა.

მაისში რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი, სერგეი ცივილევი ერევანს წერილობით დაემუქრა, რომ თუ სომხეთი ევროკავშირთან დაახლოებას გააგრძელებს, მოსკოვი ცალმხრივად შეაჩერებს ან შეწყვეტს ბუნებრივი აირისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს. კერძოდ, 2013 წლის შეთანხმებით, რუსეთმა სომხეთში ნავთობპროდუქტებზე, გაზსა და ბრილიანტებზე საექსპორტო გადასახადები უვადოდ გააუქმა. მაშინდელი დოკუმენტი იყო ნაბიჯი ქვეყნის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებისკენ.

ამჟამად სომხეთი რუსულ გაზზე, თითქმის, მთლიანად არის დამოკიდებული. 2025 წელს „გაზპრომმა“ ქვეყანას, დაახლოებით, 2.7 მლრდ კუბური მეტრი გაზი მიაწოდა. თავად პუტინი ამბობს, რომ ერევნისთვის ამჟამინდელი შეღავათიანი ფასი ათას კუბურ მეტრზე 177 დოლარს შეადგენს, ხოლო 25 მაისს მისმა პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ერევანი გააფრთხილა, რომ თუ სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გავა, გაზის ფასი საბაზრო გახდება.

თავის მხრივ, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივან ალენ სიმონიანმა 16 სექტემბერს განაცხადა, რომ რესპუბლიკამ გაზის შეძენა რუსეთის ნაცვლად შესაძლოა, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და ირანიდან დაიწყოს. იაფი რუსული გაზის საპასუხოდ ის ამბობს, რომ ამ შემთხვევაში საწვავი „პოლიტიკურ ვალუტად გამოიყენება“ და “გაზის ფასი მხოლოდ დოლარებში არ იზომება.“

ასევე, პრემიერი ფაშინიანი ხაზგასმით აცხადებს, რომ „დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის განვითარების“ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივას ნებისმიერ შემთხვევაში მოძებნის. მისი თქმით, სომხეთი TRIPP-ის (ზანგეზურის დერეფნის) გავლით გაზსადენის გაყვანის შესაძლებლობას განიხილავს, ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი რუსეთი ერევანს გაზს თუნდაც გაუძვირებს.

“თუ გაჩნდება მეორე ან მესამე წყაროდან გაზის მიღების შესაძლებლობა, ხელისუფლება ამ ნაბიჯს აუცილებლად გადადგამს. თუ გაჩნდება TRIPP-ის გავლით გაზსადენის გაყვანის შესაძლებლობა, ეს გაკეთდება და სომხეთი ტრანზიტის საფასურსაც კი მიიღებს,“ - ამბობს ფაშინიანი.

განაგრძე კითხვა