"მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია" - "საერთაშორისო გამჭვირვალობა" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია" - "საერთაშორისო გამჭვირვალობა"

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ცნობით, 2026 წლის ივლისში მას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მიმართეს და შესწავლის მიზნით კონკრეტული საქმის - ე.წ. “პიჯაკების”, საზღვრის კვეთის, ტელეკომპანია “იმედის” მასალები გადასცეს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დასკვნის თანახმად, ე.წ "პიჯაკების" საქმეზე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ხოლო მიმდინარე საქმეებზე მის მიმართ წარმართული სამართალწარმოება პოლიტიკურად მოტივირებულია. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1 900 (2012) რეზოლუციის მიხედვით, პოლიტიკური პატიმრისთვის განსაზღვრულ 5-დან 4 კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

ამასთან, “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, მას არ შეუსწავლია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ უკვე შესწავლილი საქმეები - კერძოდ, სანდრო გირგვლიანის საქმის ფიგურანტების შეწყალებისა და ვალერი გელაშვილზე ძალადობის საქმეები, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 და მე-7 მუხლები დარღვეულად არ მიიჩნია.

“ე.წ "პიჯაკების" საქმეში სსკ-ის 182-ე მუხლის გამოყენება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლს (Nullum crimen sine lege – არ არსებობს დანაშაული კანონის გარეშე), რომელიც კრძალავს სისხლისსამართლებრივი ნორმების ფართოდ და ბრალდებულის საზიანოდ განმარტებას. ვინაიდან არ დასტურდება არც ქონების მართლზომიერი მფლობელობა და არც ანგარებითი პირდაპირი განზრახვა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არის უსამართლო და დაუსაბუთებელი, რის გამოც ის ასევე წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილ სამართლიანი სასამართლოს პრინციპებთან.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის შეფარდების ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილისთვის ე.წ. “პიჯაკების საქმეზე“ 9 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯა არსებითად უსამართლოა და ეწინააღმდეგება პროპორციულობის პრინციპს.

უპირველეს ყოვლისა, როდესაც პირს მსჯავრს დებენ მუხლით, რომლის შემადგენლობაც არ არსებობს, ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის შეფარდება ავტომატურად ხდება უსამართლო და არაპროპორციული, მაგრამ თუნდაც სასამართლოების განაჩენები მიხეილ სააკაშვილის მიერ “გაფლანგვის“ ჩადენასთან დაკავშირებით დასაბუთებული ყოფილიყო, რაც ასე არ არის, მიხეილ სააკაშვილისთვის სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელის (აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს საპატიმრო სასჯელს 7-დან 11 წლამდე ვადით) – 9 წლიანი თავისუფლების აღკვეთის შეფარდება თავისთავად არაპროპორციულია იმ პირობებში, როდესაც, როგორც უკვე ვნახეთ, ე.წ. „არამიზნობრივი“ ხარჯების დიდი ნაწილი სინამდვილეში სავსებით მიზნობრივ ხარჯებს წარმოადგენდა.

გარდა ამისა, იმ პირობებშიც კი, თუ ცალკეულ ხარჯებში გამოიკვეთებოდა საბიუჯეტო დისციპლინის დარღვევა ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ან გადამეტება, ასეთი ქმედებები იქნებოდა ან ადმინისტრაციული ხასიათის გადაცდომა ან, უარეს შემთხვევაში, სხვა სისხლის სამართლის დანაშაული და არა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. შესაბამისად, ნაკლებად მკაცრი იქნებოდა შესაბამისი სანქციაც.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილისთვის 9 წლიანი საპატიმრო სასჯელის დადება არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლს (კანონის გარეშე სასჯელის შეფარდების აკრძალვა). კანონის ბრალდებულის საზიანოდ ფართოდ განმარტების, ხარჯების დიფერენცირების არარსებობისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხელოვნურად დამძიმების გამო, აღნიშნული სანქცია წარმოადგენს პოლიტიკურად მოტივირებულ, არასამართლიან და აშკარად არაპროპორციულ სასჯელს“, - აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა“.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა