თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი
24-27 სექტემბერს პენ საქართველოს ორგანიზებით მეთერთმეტედ გაიმართება თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, რომლის წლევანდელი თემაა „მეხსიერება, როგორც წინააღმდეგობა". ფესტივალის წარმდგენია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, პარტნიორები პოეზიის ევროპული პლატფორმა ვერსეპოლისი და პოლონური ინსტიტუტი თბილისში. ოთხი დღის განმავლობაში თბილისს მსოფლიოს 10 ქვეყნიდან 12 ავტორი ეწვევა.
მონაწილე ავტორები:
- დიმიტრის დიმიტრიადისი (საბერძნეთი)
- ადამ ზამოისკი (პოლონეთი / დიდი ბრიტანეთი)
- დანიელ ვისერი (ავსტრია)
- ულრიკე ალმუტ ზანდიგი (გერმანია)
- ოლენა ჰერასიმიუკი (უკრაინა)
- მარკ ნოვაკი (აშშ)
- ელიზა კონცკა (პოლონეთი)
- ლუკა ბრუნონი (შვეიცარია)
- მარტონ შიმონი (უნგრეთი)
- ლუსინე ხარატიანი (სომხეთი)
- პშემისლავ სუხანეცკი (პოლონეთი)
- კრიპა (ინდოეთი)
პალიტრა L-ის ავტორები ფესტივალზე:
თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის სტუმრებს შორის არიან გამომცემლობა „პალიტრა L"-ის ორი ავტორიც — დიმიტრის დიმიტრიადისი და ლუსინე ხარატიანი. დიმიტრის დიმიტრიადისის ქართველი მკითხველი კარგად იცნობს მისი რომანით „ვკვდები, როგორც ქვეყანა", ხოლო ლუსინე ხარატიანის მოთხრობების კრებული „ლარსის ხაფანგი" სპეციალურად თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალისთვის გამოიცა.
დიმიტრის დიმიტრიადისი (საბერძნეთი):
დიმიტრის დიმიტრიადისი (დაიბ. 1944 წ.) თანამედროვე საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მწერალი, დრამატურგი, პოეტი, ესეისტი და მთარგმნელია. მისი პირველი პიესა „ამბოხის ფასი შავ ბაზარზე" 1968 წელს პარიზში დადგა ცნობილმა ფრანგმა რეჟისორმა პატრის შერომ. 1978 წელს გამოქვეყნებული რომანის „ვკვდები, როგორც ქვეყანა" შემდეგ, რომელიც თანამედროვე ბერძნული და ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად მიიჩნევა, დიმიტრიადისი ქმნის მრავალფეროვან და მნიშვნელოვან პიესებს, პროზას, პოეზიასა და ესეისტიკას. მისი პიესები არაერთი წამყვანი ევროპული თეატრისა და საერთაშორისო ფესტივალის სცენაზე დაიდგა. მათ შორის არიან ისეთი ცნობილი რეჟისორები, როგორებიც არიან პატრის შერო, თეოდოროს თერზოპულოსი, იანის კოკოსი, მიხალის მარმარინოსი და დიმიტრის კარანძასი. დიმიტრიადისის ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ ენაზე, მათ შორის ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, პორტუგალიურ, იტალიურ, კატალანურ, არაბულ, დანიურ, ალბანურ და ქართულ ენებზე.
ქართულად დიმიტრის დიმიტრიადისის პიესა „ვკვდები, როგორც ქვეყანა" და ორი ესეი „ზიზღი" და „ჩვენ და ბერძნები" თათია მთვარელიძემ თარგმნა და გამომცემლობა „პალიტრა L"-მა გამოსცა.
ლუსინე ხარატიანი (სომხეთი):
ლუსინე ხარატიანი (დაიბ. 1977 წ.) ერევანში მცხოვრები სომეხი მწერალი და კულტურული ანთროპოლოგია. გამოცემული აქვს ორი რომანი, ასევე არაერთი მოთხრობა და ესე. მისი მხატვრული შემოქმედება მნიშვნელოვანწილად ეფუძნება ანთროპოლოგიურ კვლევებს, საველე მუშაობასა და მოგზაურობის გამოცდილებას. მისი პირველი მოთხრობების კრებული „კესანეს ჩიხი" 2021 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის (EUPL) მოკლე სიაში მოხვდა, ხოლო მეორე რომანი „სირიული რომანი" ამავე პრემიის ფინალისტი გახდა 2023 წელს. 2025 წელს მიიღო ერევნის საერთაშორისო წიგნის ფესტივალის საროიანის სახელობის პრემია. მისი მოთხრობები და ესეები თარგმნილია ინგლისურ, ქართულ, გერმანულ, ბერძნულ, მალტურ, პოლონურ და რუსულ ენებზე. ლუსინე ხარატიანი პენ სომხეთის წევრია, ხოლო 2021 წლიდან — ორგანიზაციის ქალ მწერალთა კომიტეტის თავმჯდომარე.
ლუსინე ხარატიანის ტექსტები ქართულად ასია დარბინიანმა თარგმნა. მისი წიგნი „ლარსის ხაფანგი" 2026 წელს გამოსცა გამომცემლობა „პალიტრა L"-მა.
კონცეფცია: მეხსიერება, როგორც წინააღმდეგობა
მეხსიერება მხოლოდ წარსულის ხსოვნა არ არის — ის დიდწილად განსაზღვრავს, ვინ ვართ, როგორ გვესმის აწმყო და როგორი მომავლის წარმოდგენა შეგვიძლია. ავტორიტარული რეჟიმები ცდილობენ ადამიანების, მათი ისტორიების, სახელებისა და მეხსიერების წაშლას. იქ, სადაც მეხსიერება იშლება, თავისუფლებაც საფრთხეშია.
ფესტივალზე შეკრებილი ქართველი და უცხოელი მწერლები, პოეტები, მთარგმნელები იმსჯელებენ მეხსიერების, თავისუფლებისა და ლიტერატურის ურთიერთმიმართებაზე. მიუხედავად მნიშვნელოვანი ისტორიული და პოლიტიკური განსხვავებებისა, ლიტერატურას ყოველთვის აქვს ძალა, მისცეს ხმა მათ, ვისთვისაც ხმის წართმევას ცდილობენ, შეინახოს ინდივიდუალური თუ კოლექტიური მეხსიერება, რაც წარსულის ცოდნისა და შეცდომების არგამეორების წინაპირობაა.
ფესტივალის პროგრამიდან: დისკუსიები
ავტორიტარიზმი და კოლექტიური მეხსიერება
მონაწილეები: ადამ ზამოისკი, დიმიტრის დიმიტრიადისი | საუბარს უძღვება სალომე პატარიძე — 25 სექტემბერი, 19:00
ავტორიტარიზმს არა მხოლოდ აწმყოს კონტროლი, არამედ წარსულის გადაწერაც სურს. ისტორიული ფაქტების დამახინჯება, ადამიანებისა და მოვლენების წაშლა, კოლექტიური მეხსიერების მითებით ჩანაცვლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღია ძალაუფლების შესანარჩუნებლად. დისკუსიის მონაწილეები ისაუბრებენ, თუ როგორ იქმნება „ოფიციალური მეხსიერება" და როგორ ცვლის ის საზოგადოების წარმოდგენას წარსულსა და იდენტობაზე, ასევე იმ გზებზე, რომლითაც საზოგადოებას შეუძლია ისტორიის გაყალბებას დაუპირისპირდეს.
როგორ ინახავს ლიტერატურა მეხსიერებას?
მონაწილეები: მარკ ნოვაკი, ოლენა ჰერასიმიუკი | საუბარს უძღვება ეკა ქევანიშვილი — 24 სექტემბერი, 18:30
ლიტერატურა ინახავს იმას, რაც ოფიციალური ისტორიიდან ხშირად ქრება — ადამიანების პირად გამოცდილებას, ხმებს, ტკივილსა და წინააღმდეგობას. ომის, რეპრესიებისა და პოლიტიკური რყევების დროს მწერლობა არა მხოლოდ მოვლენებს აღბეჭდავს, არამედ ინდივიდუალურ გამოცდილებას საერთო მეხსიერების ნაწილად აქცევს. დისკუსიის მონაწილეები ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ აისახება ისტორიული მოვლენები ლიტერატურაში და რა მნიშვნელობა აქვს მხატვრულ სიტყვას კოლექტიური მეხსიერების შენარჩუნებისთვის.
ქართული დოკუმენტური პროზა
ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა თანამედროვე ქართულ დოკუმენტურ პროზას, რომელიც ასახავს და ინახავს კონკრეტულ დროსა და რეალობას, აღბეჭდავს იმას, რაც შეიძლება სწრაფად ცვალებად სამყაროში უკვალოდ გაქრეს. დოკუმენტური პროზა პირად გამოცდილებას კოლექტიურ ცოდნად, ერთგვარ ისტორიულ არქივად გარდაქმნის, ინახავს რა საერთო მეხსიერებას ბრძოლისა და თავგანწირვის შესახებ.
ფემინისტური მეხსიერება და ქალთა ხმები ქართულ პოეზიაში
წლევანდელ ფესტივალზე გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით ვისაუბრებთ ქართული კულტურის უსამართლოდ მიჩქმალულ, უმნიშვნელოვანეს ფურცელზე − მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე ფემინისტ მწერალ ქალებზე, რომელთაც საკუთარი ტექსტებით, პუბლიცისტიკითა და საგანმანათლებლო ინიციატივებით შექმნეს სივრცე სასიკეთო ცვლილებებისთვის. თუმცა, საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ და, განსაკუთრებით, 1930-იანი წლებიდან, როცა გაძლიერდა ცენზურა და ხელისუფლების კონტროლი, ქალებს ჯერ წერა აუკრძალეს, ხოლო შემდეგ მათი შემოქმედება დავიწყებას მიეცა. ფესტივალის ფემინისტური პროგრამა მიზნად ისახავს ამ უნიკალური ლიტერატურული მემკვიდრეობის ხელახლა გაცოცხლებას და დაკარგული ხმების დაბრუნებას ლიტერატურის თანამედროვე მოყვარულებისთვის.
ფესტივალის ისტორია
თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 2015 წელს დაარსდა და ქვეყნის კულტურული ლანდშაფტის განუყოფელ ნაწილად, კავკასიის რეგიონში უნიკალურ ლიტერატურულ მოვლენად იქცა, რომელიც ხელს უწყობს მრავალფეროვანი კულტურული პროცესის განვითარებას და თბილისს რეგიონულ კულტურულ ცენტრად აქცევს. ფესტივალის განმავლობაში იმართება თემატური დისკუსიები, პრეზენტაციები, ვორქშოფები, შეხვედრები ქართველ და უცხოელ მწერლებთან, ლიტერატორებთან, მთარგმნელებსა და პერფორმერებთან. ფესტივალი თანამედროვე სახელოვნებო პროცესებთან წვდომის საშუალებას აძლევს ლიტერატურითა და ხელოვნებით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას. 10 წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს 200-ზე მეტი ავტორი ეწვია 50-მდე ქვეყნიდან, ჩატარდა 350-მდე კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიება.
პარტნიორები და მხარდამჭერები
თბილისის მეთერთმეტე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის წარმდგენია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი.
ფესტივალის პარტნიორები არიან პოეზიის ევროპული პლატფორმა ვერსეპოლისი და პოლონური ინსტიტუტი თბილისში.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და დანიის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით, გაეროს ბავშვთა ორგანიზაცია (UNICEF Georgia) ევროკავშირის (European Union in Georgia) მხარდაჭერით, ამერიკის საელჩო, თბილისის ავსტრიული ბიბლიოთეკა, პოლონური წიგნის ინსტიტუტი, მიეროშევსკის ცენტრი, შვეიცარიის საელჩო საქართველოში, მანჰეტენვილის უნივერსიტეტი, სომხეთის პენ-ცენტრი, პოლონეთის პენ-ცენტრი, თიბისი, კომპანია „სარაჯიშვილი", გამომცემლობა პალიტრა-L,ქართული ჩაი „გურეილი“ სასტუმრო „რუმსი".
ფესტივალის მედია პარტნიორია „ინდიგო“.
R