ამერიკული „სტელსის“ საიდუმლო ნაწილებს იგივე „დაემართათ“, რაც ქართულ სამხედრო ტვირთს წინა საუკუნის ბოლოს... - კვირის პალიტრა

ამერიკული „სტელსის“ საიდუმლო ნაწილებს იგივე „დაემართათ“, რაც ქართულ სამხედრო ტვირთს წინა საუკუნის ბოლოს...

მაშინ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაური სი ძინპინი ერთმანეთს ნიუ-იორკში „მეგობრულად ეხვეოდნენ“ და ერთმანეთს ასაჩუქრებდნენ, პენტაგონში სიმწრის ოფლით იწურებოდნენ, რადგან...ამერიკამ ერთ-ერთი ყველა დიდი საიდუმლოება დაკარგა და ისიც ჩინეთში...

ყველაფერი კი ასე დაიწყო...

2026 წლის მაისის ბოლოს, კომპანია UPS-ის სატვირთო თვითმფრინავით ავსტრალიიდან აშშ-ში ექსპერტიზისა და რემონტისთვის იგზავნებოდა ავსტრალიის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი მეხუთე თაობის ამერიკული გამანადგურებლის F-35A-ს ორი დეტალი - კაბინის ფანარი და შეიარაღების ნაკვეთურის კარი. ტვირთმა გაიარა სამხრეთ კორეა, რის შემდეგაც მოულოდნელად შეიცვალა კურსი და ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში - ჰონკონგში აღმოჩნდა.

ჩინეთის ხელისუფლებამ ტვირთი დააკავა და მის დაბრუნებაზე უარს ამბობს. პენტაგონი, აშშ-ის კონგრესი და კომპანია Lockheed Martin-ი მომხდარზე დეტალურ გამოძიებას აწარმოებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, რიჩარდ მარლსმა სცადა ინციდენტის მნიშვნელობის შემცირება და განაცხადა, რომ ნაწილები არ იყო კრიტიკულად საიდუმლო, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ორივე დეტალი დაფარულია სპეციალური რადიოშმთანთქმელი მასალით (სტელს-ტექნოლოგია). ჩინეთს შეუძლია ამ მასალის ქიმიური შემადგენლობისა და სტრუქტურის შესწავლა, რაც მას საკუთარი უახლესი გამანადგურებლების სრულყოფაში ან ამერიკული თვითმფრინავების აღმოჩენის მეთოდების გაუმჯობესებაში დაეხმარება.

F-35-ის კაბინის ფანარი არ არის უბრალო გამჭვირვალე მინა; ის წარმოადგენს უაღრესად გასაიდუმლოებულ, მაღალტექნოლოგიურ კომპონენტს

მის ძირითად წარმოებას ახორციელებს ბრიტანული კომპანია GKN Aerospace (ასევე აშშ-ის PPG Aerospace). საბოლოოდ, ჩარჩოში ჩასმასა და ინსტალაციას კი Lockheed Martin აკეთებს.

ფანარი დამზადებულია სპეციალური აკრილისა და პოლიკარბონატის ერთიანი ნაჭრისგან და მის ზედაპირზე დატანილია რადიოშთანთქმელი მასალისა და ოქროს ულტრათხელი ფენა (რაც მას მოყვითალო ელფერს აძლევს). ეს საფარი ხელს უშლის მოწინააღმდეგის რადარის ტალღების კაბინაში შეღწევას და პილოტის ჩაფხუტიდან ან სავარძლიდან უკუარეკვლას, რაც თვითმფრინავის უჩინარობას (სტელსს) უზრუნველყოფს.

რა ბედი ეწევა ავსტრალიური F-35-ის კაბინის ფანარს, ადრე თუ გვიან გაირკვევა და ის ჩინეთმა კიდეც რომ დაუბრუნოს ადრესატს,ჩინელი ინჟინრები ძალიან ბევრ სასარგებლო ინფორმაციას მაინც ამოიღებდნენ...

საგულისხმოა,რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის,როდესაც აშშ-ებისა და მისი პარტნიორების საიდუმლო სამხედრო ტვირთები ადრესატამდე არ მიდის და დედამიწის სულ სხვა კუთხეში შემთხვევით თუ შეგნებულად აღმოჩნდება-მაგალითად, ამერიკული საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის, Minuteman-ის საბრძოლო ქობინის ამფეთქი შეცდომით ტაივანში გაგზავნეს, ხოლო სამხრეთ კორეაში - „ციმბირის წყლულის“ ნიმუშები, რომლებიც გაუვნებელყოფილი ეგონათ.

სხვათაშორის,ანალოგიური ისტორია ქართულ სამხედრო ტვირთსაც გადახდა თავს მეოთხედი საუკუნის წინ,რომლის უშუალო მონაწილე და თვითმხილველიც ამ ბლოგის ავტორიც გახლდათ...

1999 წელს საქართველომ პირველად თავისი დამოუკიდებლობის ისტორიაში, რუმინეთში, საერთშორისო სამხედრო გამოფენაზე გაიტანა ქართული სამხედრო მრეწველობის(რომელიც მაშინ ფეხს იდგამდა) ნიმუშები,მათ შორის ხელის ყუმბარსატყორცნები,ნაღმსატორცნები(მათ შორის უხმაურო ნაღმსატყორცნი),ჯავშანჟილეტები, „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის ხისგან დამზადებული ორი მოდელიც.

ჩვენი ქართული დელეგაცია სულ რამდენიმე ადამიანისგან შედგებოდა და დიდი ოფლის ღვრა მოგვიწია ბუქარესტში,სამხედრო გამოფენის პავილიონში ჩვენი ექსპონატების ყუთებიდან ამოსაღებად,მათ ასაწყობად და სტენდებზე გასანთავსებლად,თუმცა ეს ყველაფერი ამად ღირდა,რადგან საერთაშორისო ასპარეზზე პირველად წარვადგინეთ საქართველოში აწყობილი შეიარაღების ნიმუშები და ამით ძალზე ვამაყობდით,რადგან დამთვალიერებლებიც არ გვაკლდა...

2-panari-1790402519.png
1999 წელს რუმინეთში, ბუქარესტის EXPOMIL 99-ზე პირველად გატანილი ქართული შეიარაღების ექსპოზიცია-სტატიის ავტორი დგას „სუ-25“ თვიმფრინავების იმ ხის მოდელებთან,რომლებითაც ჩეჩენი მეზენიტეების „მომზადებას“ გვაბრალებდა მოსკოვი...

რამდენიმე დღეში გამოფენაც დაიხურა და ჩვენ ხელახლა შევფუთეთ ექსპონატები,ჩავაწყვეთ ყუთებში და თბილისში,სტამბოლის გავლით გულდამშვიდებული გამოვფრინდით,რადგან ეჭვი არ გვეპარებოდა,ტვირთიც სტამბოლის გავლით მალე თბილისში ჩამოფრინდებოდა,თუმცა...

ტვირთი იგვიანებდა და ბოლოს ირკვევა,რომ ჩვენი ექსპონატები თურმე...მოსკოვშია!

რუსეთის სპეცსამსახურებმა დააკავეს ბუქარესტიდან თბილისში გამოგზავნილი ჩვენი ექსპონატები,ამოიღეს ყუთებიდან,გაშალეს და რუსული ტელეარხებით „საინფორმაციო დარტყმაც“ განახორციელეს-ქართველები ამ ნაღმსატორცნებსა და ყუმბარსატორცნებს ჩეჩნეთში აგზავნიდნენ,ხოლო „სუ-25“ ტიპის თვითმფრინავის ორი ხის მოდელი კი იმიტომ სჭირდებოდათ,რომ ჩეჩენ მეზენიტეებს „სტრელებით“ ევარჯიშნათ რეალური რუსული „სუ-25“-ების ჩამოსაგდებათო...

ამაზე იდიოტური რუსული „პიარ-კამპანია“ საქართველოს წინააღმდეგ მაშინ (და ახლაც) ისედაც ბევრი ხდებოდა,მაგრამ მთავარი კითხვა შემდეგში იყო-როგორ მოხვდა ჩვენი ექსპონატები რუსეთის დედაქალაქში,თუკი ისინი ჩვენი ხელით ჩავალაგეთ ყუთებში და ბუქარესტიდან თბილისში სტამბოლის გავლით გამოვაგზავნეთ ანუ რა მარშრუტითაც მანამდე ისინი რუმინეთის დედაქალაქში ჩავიტანეთ?

როგორც შემდეგ გაირკვა, გადამგზავნ ფირმას ჩვენი ტვირთი ლონდონი-მოსკოვი-ალმა-ათი-თბილისის მარშრუტით გამოუგზავნია,იმის ნაცვლად,რომ ბუქარესტი-სტამბოლი-თბილისის ბევრად უფრო მოკლე გზით ჩამოეტანა.

დიდი ალბათობით,ეს შემთხვევით არ მომხდარა და მასში სავარაუდოდ ჩართულნი იყვნენ რუსული სპეცსამსახურები(შეიძლება მათ დახმარებას ვიღაც-ვიღაცეები თბილისიდანაც უწევდნენ),რათა ეს „საინფორმაციო შოუ“ გაეთამაშებინათ და საქართველოსთვის მორიგ ჯერად დაებრალებინათ ჩეჩნებისთვის სამხედრო დახმარების გაწევა,თუნდაც თვითმფრინავის ხის მოდელებით...

როდესაც მოსკოვში ეს „საინფორმაციო შოუ“ დაიდგა,საქართველოს მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა რუსეთში ჩვენს სამხედრო წარმომადგენელს მოსთხოვა სასწრაფოდ დაებრუნებინა ქართული სამხედრო ექსპონატები,რასაც ის უმოკლეს ვადაში ვერანაირად ვერ შესძლებდა და ის გენერალიც თანამდებობას მალევე დაემშვიდობა...

ქართული სამხედო ექსპონატები რამდენიმე თვის შემდეგ მაინც დავიბრუნეთ, ზოგი მათგანი დამტვრეული იყო, რა თქმა უნდა ისინი არ წარმოადგენდნენ რაიმე საიდუმლოებას და მათგან რაიმე საინტერესოს რუსული მხარე ვერ აიღებდა,თუმცა მორიგ პიარ-კამპანიად,თუ როგორ „ეხმარებიან“ ქართველები იარაღით ჩეჩნებს,მაინც გამოიყენეს და ეს ხდებოდა ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების წინ...