ანაკლია-განმუხური: არშემდგარი ქალაქი და საკურორტო ზონა?!
როდესაც ანაკლია-განმუხურისკენ მიმავალ გზას დავადექით, სადღესასწაულო დღეების მიუხედავად, უნიფორმიანი გზის მშენებლები მომხვდა თვალში. ორმხრივი, ევროსტანდარტების დონის გზა უნდა დაიგოსო, მითხრეს ადგილობრივებმა. ანაკლიამდე, ხელმარჯვნივ, განმუხურისკენ მიმავალი გზის მაჩვენებელია. გული არ მითმენს, იქაც არ შევიარო, მაგრამ ჯერ მაინც ანაკლიის, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მცირეხნიანი ქალაქის დათვალირება მაინტერესებს (მიხეილ სააკაშვილმა მას 2011 წლის აგვისტოს მიანიჭა ქალაქის სტატუსი)...…
"ანაკლია" - ვკითხულობ ლურჯ აბრაზე. - სიტყვა "ქალაქის" ჩამოხსნა უკვე მოუსწრიათ, არადა, ახლახან ვიყავი ჯერ კიდევ ქალაქ ანაკლიაში - სევდიანი ღიმილით აღნიშნა ადგილობრივმა, რომელიც წინა ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ ადგილებში გიდობას მიწევდა. შესასვლელთან, ხელმარჯვნივ ძველებურ სტილში ნაშენი სასტუმრო-რესტორანი დგას. ლოდებით ნაშენი გალავანი და დეკორატიული ეზო, შუა საუკნეების იმიტაციას ქმნის. გარშემო სიჩუმეა...
- ამ დროს (ჩემი მეგზური, ახალი წლის დღეებს გულისხმობს) შესასვლელთან ავტომანქანების საცობი იყო. სასტუმრო-რესტორნებსა და გასართობ მინიცენტრებში "ღონისძიების" გარდა უამრავი ღონისძიება ტარდებოდა. ჭადრაკის ტურები, კულტურული შეხვედრები და კონფერენციები იმართებოდა. - მიყვება მეგზური.
მოხრეშილი გზიდან ბულვარისკენ მივდივართ, შემდეგ კი სასტუმრო "ოქროს საწმისისკენ" ვიღებთ გეზს. თბილი, მზიანი ამინდია. ოდნავ უბერავს ნიავი. შეჩერებული მშენებლობების ფონზე ეულად მდგარი ტრაქტორები, გარშემო არსებულ სიჩუმეს კიდევ უფრო ამძაფრებს. თავი კინოთეატრში მგონია, სადაც სამი დე განზომილების ფანტასტიკურ ფილმს აჩვენებენ, - გარშემო მაღალი შენობებია, მაგრამ ადამიანები ერთბაშად სადღაც გამქრალან... როგორც იქნა, მივაღწიეთ, მაგრამ ვერც სასტუმროს თანამშრომლები ავიყოლიე საუბარში, ყველამ თავი ამარიდა.
ამასობაში მოხუცი კაცი გამოჩნდა. მაღალყელიანი რეზინის ჩექმა ეცვა. შევატყვე, ჩვენი დანახვა გაუკვირდა. გამოველაპარაკე, ერთ-ერთ სასტუმროს ეზოს ვუვლიო.
ავთო, 52 წლის, ანაკლიის მკვიდრი:
- სასტუმროს კლიენტურა თითქმის არ ჰყავს, მაგრამ მაინც მოვდივარ. მთელი ოცი წელი უმუშევარი ვიყავი და ერთი-ორი წელია აქაურობის მოვლა დამავალეს. აქ მოსვლა მიხაროდა. მესმის, რომ წინა წლებში ბევრი ცუდი რამ მოხდა. ამბობდნენ, აქ ხალხი იძულებით ჩამოჰყავდათ, მაგრამ ასე იყო თუ ისე, ხალხმრავლობა იყო. ზოგჯერ მართლა გვეგონა, რომ აქაურობა ქალაქი თუ არა, კარგად განვითარებული ტურისტული ზონა მაინც გახდებოდა. უცხოელებიც ჩამოდიოდნენ. ახლა კი ხედავთ, რას დაემსგავსა აქაურობა. არაფერი დაკარგულა, მაგრამ ხალხი აღარ არის, არადა, ძალიან დიდი შრომაა ჩადებული. გვესმის, რომ ვეღარც ანაკლია გახდება ქალაქი და ვეღარც განმუხური წამყვანი ტურისტული ზონა, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთთან ძალიან ახლოს არის და ზღვა ძალიან სუფთაა (გასულ წლებში ამაში თავად დავრწმუნდი არაერთხელ). მდებარეობა აქვს ისეთი, რომ დამსვენებლებისთვის მიმზიდველი კარგა ხანს ვერ გახდება. მაინც დასანანი იქნება, რომ აქაურობა ან ადამიანმა გააპარტახოს, ან დრომ..
ნათელა, 47 წლის:
- ამბობენ, რომ პორტი უნდა გაკეთდეს და ფოთი-ანაკლიას დამაკავშირებელი რკინიგზის ხაზი უნდა გაიჭრას. მიწის მეპატრონეებს ფულად კომპენსაციას ჰპირდებიან. იმედი გვაქვს, ახალი ხელისუფლება აქაურობას ისევე არ მიატოვებს, როგორც ეს წლების წინ იყო.
"პატრიოტთა ბანაკისკენ" მივდივართ. იქაც ბანაკის ერთი-ორი თანამშრომელს და რამდენიმე გამვლელს მოვკარი თვალი. მათი თქმით, მხოლოდ ახლომახლო მცხოვრები ადამიანები დადიან სამსახურში, სხვები ერთბაშად გაიკრიფნენ, - რომ ვიმუშაოთ და ფული არ გადაგვიხადონ, მერე სად წავიდეთო. არადა, აქამდე სამუშაოდ მომსახურე პერსონალი, ბარმენები, მიმტანები საქართველოს (და არა მარტო) სხვადასხვა ქალაქებიდან იყვნენ ჩამოსული.
ამ მხრივ განმუხურშიც იგივე მდგომარეობაა. უფრო სწორად, გაცილებით მძიმე, ვიდრე ანაკლიაში, აქ ადამიანებზე მეტ "ინტერესს" ინფრასტრუქტურის მიმართ მსხვილფეხა საქონელი იჩენს. ანაკლიისგან განსხვავებით, ადგილობრივებმა არ იციან, რა ბედი ელის განმუხურს...
ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავუკავშირდით, აღნიშნული უწყების ინფორმაციით, დღესდღეობით ანაკლიაში სამი ახალი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს.
ინფორმაცია, რომ ანაკლიაში პროექტები შეჩერებულია, სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ეტაპზე დაგეგმილია ათი მილიონი აშშ დოლარის კერძო ინვესტიცია, პროექტი 2014 წლის შემოდგომისთვის უნდა დასრულდეს. ამ ეტაპზე სხვა დაინტერესებულ ინვესტორებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ამ პროექტის მიზანშეწონილობა კერძო კაპიტალის ჭრილში უნდა გაანალიზდეს. თუ ინვესტორები აღნიშნული საკითხით დაინტერესდებიან, სახელმწიფო მათ ხელს შეუწყობს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შექმნილია ისეთი სისტემა, რომ არც ერთი ინიციატივა არ დარჩეს ყურადღების გარეშე. სამინისტროში ჩამოყალიბდა ინვესტორებთან ურთიერთობის საბჭო, რომელსაც მინისტრი ხელმძღვანელობს. ამ საბჭოში ფიქსირდება ყველა შემოსული ინტერესი, კეთდება ყველა იმ მოთხოვნის სია, რომლებიც კონკრეტულ ინვესტორებს გააჩნიათ და თითოეულ პუნქტს პასუხისმგებელი პირი წყვეტს. ეს არის კომპანიებთან ურთიერთობის ძალიან კარგი სისტემა და მისი დადებითი შედეგები 2013 წლის პირველ ნახევარში უკვე იქნება.
ვნახოთ.
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)