„არმია გენერლების გარეშე“ ანუ რა შეცდომას უშვებს ოპოზიცია?! - კვირის პალიტრა

„არმია გენერლების გარეშე“ ანუ რა შეცდომას უშვებს ოპოზიცია?!

24 სექტემბერს ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიმართა. გამოსვლისას მან "უმთავრეს პრიორიტეტებად" დაასახელა "მშვიდობის შენარჩუნება და საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცება" იმ ვითარებაში, როცა "მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განვითარებული მოვლენები ამჟამინდელ მდგომარეობას გამოწვევის წინაშე აყენებს და საერთაშორისო წესრიგის მომავალზე კითხვის ნიშნებს აჩენს". მისი განცხადებით, "ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება ძალის გამოყენებით შეუძლებელია. ის დიალოგს, ურთიერთგაგებას და ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს... საქართველო კვლავ გამოხატავს მზადყოფნას, ურთიერთობა განაგრძოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, რომლებიც მზად არიან ჩვენთან სამუშაოდ, ურთიერთპატივისცემის და სუვერენული თანასწორობის საფუძველზე. გვჯერა, რომ ხანგრძლივი პარტნიორობა მხოლოდ დიალოგით მიიღწევა და ეს შედეგი არასოდეს დადგება ზეწოლის ან იძულების გზით". კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას, ასიათასობით მოქალაქე კი კვლავ იძულებით გადაადგილებულია და საკუთარ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს. სწორედ ამ გამოსვლის შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

xuxashvili3.jpg

- როდესაც ასეთ მაღალ ტრიბუნაზე გამოდიხარ, გარკვეული სიცხადით უნდა ილაპარაკო იმის შესახებ, თუ სად არის შენი ქვეყნის ადგილი, ვინ არიან შენი პარტნიორები და რა არის შენი ფუნდამენტური, ძირითადი პრობლემები. ირაკლი კობახიძეს არც ერთ ამ საკითხზე არ უსაუბრია. შესაბამისად, ამ გამოსვლის დეტალური ანალიზი არაფრის მომცემი მგონია, რადგან მან მთავარ ფუნდამენტურ თემებს გვერდი აუარა.

კი ბატონო, ერთი მხრივ ახსენა, რომ ოკუპაცია გრძელდება, მაგრამ მას არ მოუხსენებია რუსეთი, როგორც დამნაშავე, არც დეოკუპაციის აუცილებლობა და ჯარების გაყვანა უხსენებია. მან, ფაქტობრივად, გაახმოვანა მხოლოდ ის ფრაზები, რაზეც ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკიდან გამომდინარე, რუსეთიდან ჰქონდა მიღებული "ვიზა"... იქ კობახიძეს მაინცდამაინც ყურადღებით არავინ უსმენდა და არც არაფერი იყო მოსასმენი. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენს გრძელვადიან სტრატეგიაზე, პროდასავლურ და ევროპულ განვითარებაზე, რაც საქართველოს კონსტიტუციითაც არის გამაგრებული, არაფერი უთქვამს. ხელისუფლება ისევ ცდილობს აქცენტი გააკეთოს საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე და, ფაქტობრივად, მხოლოდ გეოგრაფიის იმედზეა დარჩენილი.

კობახიძემ ასევე ისაუბრა ეკონომიკურ წარმატებებსა და სიღარიბის შემცირებაზე, არადა, იმ დარბაზში ისეთი ეკონომიკის "ვეშაპები" ისხდნენ, რომ პატარა საქართველოს ეკონომიკურ წარმატებაზე ლაპარაკი მათთვის სასაცილო და უინტერესოც იქნებოდა. მაგალითად, ჩინეთის ეკონომიკა საქართველოსთან შედარებით დაახლოებით ათასჯერ დიდია და ამ ფონზე ეკონომიკური ზრდით ყელყელაობა სრულიად არასერიოზულია. შეიძლება ციფრები რაღაც ზრდას აჩვენებდეს, მაგრამ ჩვენ იმდენად ჩამოვრჩებით ცივილიზებულ სამყაროს, რომ ამით ტრაბახი უადგილოა.

ისე კი, ეს გამოსვლა შეიძლება კობახიძისთვის ერთგვარ "გედის სიმღერად"იქცეს. ჩვენ ვიცით, საქართველოს პრემიერების ვიზიტები ამერიკაში რითაც მთავრდება ხოლმე - ამის ცუდი გამოცდილება გვაქვს.

- ფიქრობთ, რომ რეალურია კობახიძის შეცვლა? საინტერესოა, ვინ შეიძლება შეცვალოს?

- მე მისი შეცვლის კონკრეტულ ვადებს ვერ დავასახელებ, თუმცა პოლიტიკური პროცესის ლოგიკიდან თუ ამოვალთ, ასეთ სურათს ვნახავთ: მიზანმიმართულად და ძალიან მეთოდურად მოხდა მისი იზოლირება. ფაქტობრივად, უკვე ძალაუფლების გარეშეა დარჩენილი, რადგან მასთან ასოცირებული ყველა პირი ჩამოაშორეს პროცესებს და ის აბსოლუტურ იზოლაციაში მოაქციეს. პრაქტიკულად, არც ერთ მინისტრს აღარ აქვს იმის განცდა, რომ კობახიძის დანიშნულია ან მასთან არის ანგარიშვალდებული. მის ირგვლივ წმინდა ტექნიკური მთავრობა შექმნეს. დღეს მისი ძირითადი ფუნქციაა სამოქალაქო აქტივისტებთან დებატებში მონაწილეობა. მსოფლიო ისტორიაში არ არსებობს პრეცედენტი, რომ ქვეყნის პირველი პირი სამოქალაქო აქტივისტებთან დებატებსა და დისკუსიებზე იჯდეს. ეს არის "ქართული ოცნების" უნიკალური ფენომენი. ხელისუფლების პირველი პირები მართავენ პრესკონფერენციებს, პასუხობენ კითხვებს, მაგრამ დებატები წარმოუდგენელი რამ არის. ჩემი დაკვირვებით, ივანიშვილი კობახიძის ამ როლით ამ ეტაპზე კმაყოფილია, რადგან ის პოლიტიკურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

ივანიშვილის მართვის ტექნოლოგია გულისხმობს განსაზღვრულ ციკლურობას: გროვდება ცოდვების პაკეტი, რომელიც მერე პასუხისმგებელ პირს - პრემიერ-მინისტრს უნდა აჰკიდოს და ამ ცოდვებით გაისტუმროს. ივანიშვილი ხომ თავად არ იღებს პასუხისმგებლობას, ამიტომ ნიშნავს პრემიერებს და ცოდვების დაგროვების შემდეგ ემშვიდობება მათ. ეს ციკლი კობახიძის შემთხვევაში პრაქტიკულად დასრულებულია. მისი პრემიერობის პერიოდში მასთან იმხელა პრეტენზიებია და იმდენი ცოდვა დაგროვდა, რომ ის უკვე ეშაფოტზეა აყვანილი და მხოლოდ სკამზე ფეხის გამოკვრა აკლია - ამას როდის იზამს ივანიშვილი, არ ვიცი.

ვფიქრობ, ის გადაწყვეტილებას ჯერ არ იღებს, რადგან მიაჩნია, რომ ეს საეტაპო მომენტში უნდა გააკეთოს, საეტაპო გადაწყვეტილება კი ნიშნავს, რომ მისთვის ჯერ კიდევ ბუნდოვანია, საით მიდის სამყარო და რა ტიპის ქვეყნის მშენებლობა უნდა გააგრძელოს. მისთვის ქვეყნის განვითარების ორი ძირითადი სცენარი არსებობს: 1. თუ ახალი მსოფლიო წესრიგის კონფიგურაციაში პუტინი იმდენად დასუსტდება, რომ ივანიშვილს მიეცემა მისი გადაგდების საშუალება, ის დაიწყებს აზერბაიჯანის ტიპის ქვეყნის მშენებლობას (სადაც დემოკრატიასა და დასავლეთზე საუბარი არ არის). ამ შემთხვევაში მას დასჭირდება "დავარცხნილი", ზომიერად ცივილიზებული და დასავლური განათლების მქონე პრემიერი; თუ პუტინი ისევ ძლიერი იქნება, ივანიშვილი გააგრძელებს დრეიფს რუსეთის იმპერიისკენ. ასეთ შემთხვევაში მას დასჭირდება სხვა ტიპის პრემიერი, რომელიც უპრობლემოდ მოაწერს ხელს "გეორგიევსკის ტრაქტატ 2"-ს. როგორც კი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა ტიპის პრემიერი სჭირდება, იმ მომენტში გამოჰკრავს სკამს ფეხს. ეს შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული დრო, მაგრამ სისტემურად ყველაფერი იმდენად მზად არის, ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ზემოთ ნახსენები არჩევანის გაკეთებას არც დაელოდოს.

ამ პროცესში ირაკლი ღარიბაშვილიც ეხმარება ციხიდან თავისი ეპისტოლეებით. ღარიბაშვილი ამ წერილებით საზოგადოებას კი არა, ივანიშვილს მიმართავს და აძლევს არგუმენტებს კობახიძის მოსაშორებლად. პირველი ეტაპი - კობახიძის იზოლაცია გავლილია, ხოლო მეორეზე კონკრეტული პრეტენზიები უნდა წაუყენონ.

მაგალითად, ივანიშვილს შეუძლია დაიბაროს კობახიძე და უთხრას, ერთი პატიმარი ჩაგაბარეთ და ვერ მოგივლიათ, ამხელა სკანდალი მოაწყვეთო.

ვისი ხელითაც კობახიძეს რაიმე მოძ­რაობის ჩატარება შეეძლო, ისინი ჩამოალაბორანტეს, პოლიტიკიდან გაუშვეს და თან სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ასეთ აბსურდულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც სახელმწიფო დაცვა პრივილეგია კი არა, ფაქტობრივად, შინაპატიმრობის ტოლფასია.

მე შეთქმულების თეორიებს ვერ მოვყვები და ვერ ვიტყვი, რომ ღარიბაშვილის გააქტიურება წინასწარ იყო დაგეგმილი, მაგრამ დღეს ეს უკვე ივანიშვილის თამაშია.

- რაც შეეხება პარტიების აკრძალვის თემას და საკონსტიტუციო სარჩელს, რჩება შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილი ემზადება მომავალი არჩევნებისთვის და გეგმავს, რომ პოლიტიკურ ველზე დარჩნენ მხოლოდ მისგან ხელდასხმული პარტიები.

- შიდაპოლიტიკური გაგებით, ივანიშვილის სტრატეგიული ამოცანა რუსული ტიპის "სუვერენული დემოკრატიის" დამყარებაა. სუვერენული დემოკრატია რეალურად ავტოკრატიაა, რომელიც გულისხმობს ფსევდომრავალპარტიულობას. ეს არის სისტემა, სადაც არსებობს ერთი დომინანტური მმართველი ძალა და ფასადური, სატელიტური ოპოზიცია, რომელსაც მიუზომავენ "ბოსტნებს" იმ პირობით, რომ ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია არ ექნებათ. მისი ამოცანა პოლიტიკური პროცესის სრული ჩაკვლაა. მთავრობაში მან ეს პრობლემა უკვე გადაწყვიტა - პოლიტიკური კომპონენტი მთავრობიდან მთლიანად გაიტანა და შექმნა უსახური ტექნიკური მთავრობა, სადაც მინისტრების გვარებსაც კი ვერ დაიმახსოვრებ. ახლა მას სურს პოლიტიკა საბოლოოდ ჩაკლას, ამისთვის კი საჭიროა ყველა ის მოთამაშე, რომლებიც თამაშის ამ წესებს არ ეთანხმებიან, ჩამოშორდეს პოლიტიკას - აკრძალვით, დევნილობაში გაშვებით თუ მოსყიდვით. ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი დასრულებულია; რისკები ჯერ კიდევ არის და ამ პროცესის შეჩერების თეორიული შანსები არსებობს, თუმცა წინააღმდეგობის ფრონტი ამჟამად ძალიან სუსტია. საკონსტიტუციო სასამართლოც სრულად დაალაგეს, რომ განსხვავებული აზრიც კი არ დაფიქსირდეს. სისტემა ხდება აბსოლუტურად სტერილური და სრულად კონტროლირებადი, ხოლო პროპაგანდა ერთი "ჯოხით" იმართება.

- ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურ საზოგადოებრივ აქტივობასა და პროტესტს, თუმცა მას არ მიეცა ისეთი სახე, რომ რაიმე მნიშვნელოვნად შეცვალოს. რაშია პრობლემა?

- მსოფლიო ისტორიაში არ არსებობს პრეცედენტი, რომ არმიას ომი მოეგოს სარდლობისა და მწყობრი სტრატეგიის თუ ტაქტიკის გარეშე. პოლიტიკურ ომში სარდლობა უნდა იყოს პოლიტიკური კლასი. მან უნდა მოახდინოს დაქსაქსული, მაგრამ კრიტიკულად განწყობილი დიდი საზოგადოებრივი ენერგიის კაპიტალიზაცია და ერთ დინებაში მოქცევა. სამწუხაროდ, პოლიტიკური კლასი ვერ ახერხებს ავტორიტეტის მოპოვებას სხვადასხვა სოციალურ და პროფესიულ ჯგუფში. მათ გეგმებში არ არის სიცხადე, ქცეულან ვირტუალურ პარტიებად და არა აქვთ პირდაპირი კომუნიკაცია ხალხთან. ივანიშვილმა წლების განმავლობაში მთელი რესურსი ჩადო იმაში, რომ ყველა ტალახში ამოესვარა და ოპოზიციის კომპრომეტირება მოეხდინა, რასაც გარკვეულწილად მიაღწია კიდეც. შედეგად, საზოგადოებაში დომინირებს ნიჰილიზმი და არ არსებობენ ეროვნული მასშტაბის ლიდერები, რომლებიც ამ მოძრაობას გაუძღვებიან.

ფაქტობრივად, ხელისუფლება ყოველდღიურად არღვევს კონსტიტუციას. ეს ვლინდება იმით, რომ პირდაპირი ტექსტით გვეუბნებიან, თითქოს ევროკავშირი აღარ არის ამ ქვეყნის პრიორიტეტი. ამ დროს კი მათ მიერვე შექმნილ კონსტიტუციაში შავით თეთრზე წერია, რომ ეს სწორედ ქვეყნის პრიორიტეტია. ანუ კონსტიტუციას არღვევს ხელისუფლება, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ზუსტად ამ კონსტიტუციის დაცვა და მისი გარანტორობაა. მათი მანდატი სწორედ ამ კონსტიტუციის ფარგლებშია მიღებული. თუ ისინი გადიან კონსტიტუციური სივრციდან, ამით, ფაქტობრივად, ეჭვქვეშ აყენებენ საკუთარ მანდატს, როგორც ხელისუფლება. ახლა მაინტერესებს, ეს, მინიმუმ, საკონსტიტუციო დავის საფუძველი არის თუ არა? არის თუ არა ეს ის საკითხი, რაზეც ყველა ოპოზიციური პარტია თანხმდება? თუ ასეა, მაშინ რატომ არ იწყებენ ამ პროცესს? ისეთი სკეპტიკური განცხადებები, როგორიცაა "საკონსტიტუციო მაინც მაგათია და არაფერი გამოვა", გასაგებია, მაგრამ პოლიტიკაში ქმედება ყოველთვის პირდაპირ შედეგზე არ არის ორიენტირებული. თვითონ ქმედება გაჩვენებს მერე, შემდგომში რა ნაბიჯებია საჭირო.

იმ მიზეზით, რომ "მაინც არაფერი გამოვა", უმოქმედობა არის პოლიტიკისადმი ძალიან არაპროფესიული მიდგომა - პროცესი უნდა დაიწყო. დაიწყონ კარდაკარ სიარული და ხელმოწერების შეგროვება; შეაგროვონ მოსახლეობაში მილიონი ხელმოწერა საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის მოთხოვნით. ზოგადად კი ევროკავშირთან ხელისუფლების დამოკიდებულებაში სიცხადეა შესატანი - თუნდაც "ქართული ოცნების" ამომრჩევლის საკმაოდ დიდი ნაწილი პროევროპულად არის განწყობილი, მათ გასაგონად კი ხელისუფლება მუდმივად ლავირებს: ამბობს, ევროკავშირი კი გვინდა, მაგრამ "ასეთი" არაო... მაშინ, როდესაც ეს მუხლი კონსტიტუციაში იწერებოდა, მას შემდეგ ევროკავშირი არ შეცვლილა - თვითონ შეცვალეს დამოკიდებულება. ის, რომ ნებისმიერ გაერთიანებას თამაშის საერთო წესები აქვს, რა სიახლეა? დღეს რომ წუწუნებენ, ევროკავშირის მოთხოვნები არ მოგვწონსო, ეს მაშინვე არ იცოდნენ, როცა კონსტიტუციაში ეს ცვლილება შეჰქონდათ?

მოკლედ, ამ საკითხზე ფრონტის ხაზია გასავლელი იმ ამომრჩევლისთვისაც, ვისაც ეს კოლაბორაციონიზმის ზღვარზე გამავალი პოლიტიკა დღესაც ევროპისკენ მიმავალი შემოვლითი გზა ჰგონია. ხელისუფლება მათ სწორედ ამ აბსურდული რიტორიკით კვებავს. დღეს ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მთელი ძალისხმევა იქით უნდა იყოს მიმართული, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ გააკეთოს არჩევანი და ხმამაღლა თქვას, ბოლოს და ბოლოს, საით მიჰყავთ ქვეყანა? ორ სკამზე ჯდომა უნდა დამთავრდეს. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებას უქმნიან იმის კომფორტს, რომ ასე ლავირებდეს და ხალხს თავგზას უბნევდეს. ეს ლავირების სივრცე უნდა შევუზღუდოთ, ეს კი საკონსტიტუციო პროცესის წამოწყებით შეიძლება. საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს არ მიიღებს? პარლამენტში ობსტრუქციას მოაწყობენ? ამით ხომ ყველაფერი სრულიად ცხადი გახდება. ამისთვის კი პოლიტიკურმა კლასმა ინიციატივა უნდა აიღოს და საკუთარი დღის წესრიგით იმოქმედოს. დღეს პოლიტიკური კლასი ხელისუფლების დღის წესრიგით მოქმედებს: ხელისუფლება რაღაცას აკეთებს და ესენი მერე კომენტარებს აკეთებენ, ცუდიაო. ის, რომ ხელისუფლება ცუდია, უკვე ყველამ იცის. ლაპარაკია იმაზე, რომ შენ შექმნა პოლიტიკური დღის წესრიგი და ხელისუფლება აიძულო ამ დღის წესრიგით იმოქმედოს. თუ არიან პოლიტიკოსები და ამის გაკეთება არ შეუძლიათ, მაშინ არ ვიცი, რა გითხრათ.

- გასულ კვირას აქტუალური გახდა ქურმუხის ტაძართან დაკავშირებული მოვლენები - იქ მიმდინარე პროცესებს საქართველოს საპატრიარქო ნეგატიურად გამოეხმაურა, რასაც აზერბაიჯანის მკვახე პასუხი მოჰყვა.

- ასეთი ფაქიზი საკითხების საჯარო პოლემიკაში გამოტანა არასოდეს ხდება შემთხვევით და ყოველთვის მიმართულია საქართველო-აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის შემოსატანად. ეს არ არის ახალი თემა - ათწლეულების პრობლემაა. ვიდრე ამ საკითხის საბოლოო გადაწყვეტის ფორმულა მოიძებნება, ყველაზე სწორი მიდგომაა პროცესის კულისებში მართვა და მოგვარება. მსურველებს, რასაკვირველია, უნდა ჰქონდეთ ტაძრის მოლოცვისა და თავისუფალი კომუნიკაციის საშუალება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ვართ ერთი გეოპოლიტიკური კვანძის განუყოფელი ნაწილები და ჩვენი გეოპოლიტიკური ფუნქცია საერთოა.

ამ თემის ხელოვნური აქტუალიზაცია და დღის წესრიგში წამოწევა მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. თუ მოვლენებს ქრონოლოგიურად მივადევნებთ თვალყურს, სურათი ძალიან ნათელი გახდება: რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომლითაც სრული მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის მხარეს მებრძოლ აზერბაიჯანელებს, რამაც, ბუნებრივია, რუსეთი გააღიზიანა და ამ განცხადებიდან სულ რაღაც ორ დღეში ხდება ქურმუხის თემის აქტუალიზაცია.

მე არ ვამბობ, რომ ამას აუცილებლად ვინმე შეგნებულად აკეთებს, თუმცა რუსული გავლენის აგენტებსა და მექანიზმებს ძალიან კარგად შეუძლიათ თემის ისე წამოწევა, რომ შემდგომ მასში მთელი ისტორია და დაპირისპირება ჩაერთოს.

სამხრეთ კავკასიაზე რუსეთის კონტროლი ისტორიულად ყოველთვის ემყარებოდა "გათიშე და იბატონეს" პრინციპს. რუსეთის სტრატეგია იყო საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ერთმანეთზე გადაკიდება: ყარაბაღის კონფლიქტიც რუსების ინსპირირებული იყო, რათა მუდმივად მარყუჟში ჰყოლოდათ როგორც აზერბაიჯანი, ისე სომხეთი. საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაც ამავე სტრატეგიის ნაწილია.

როდესაც რეგიონში ასეთ დანაწევრებას ახდენ, ეს ქვეყნების გაკონტროლების ძალიან სერიოზული ბერკეტია.

ამ დაძაბულობის კერებში განსაკუთრებით სახიფათოა მსოფლმხედველობრივი და ფუნდამენტური საკითხების, კერძოდ, რელიგიური ელემენტებისა და "ერთმორწმუნეობის" თემის შემოტანა. ეს არის ყველაზე ძლიერი და სასტიკი ინსტრუმენტი გავლენის აგენტების ხელში.

იმედია, ეს სენსიტიური თემები დღის წესრიგიდან დროულად მოიხსნება.