რა გააიაფებს საწვავს?! - "სახელმწიფოს მხრიდან რადიკალური ნაბიჯებია საჭირო... პირველ რიგში, უნდა დარეგულირდეს მონოპოლიური გარემო, რაც ფასების სპეკულაციურ ზრდას იწვევს"
2026 წლის პროგნოზი "ბრენტის" მარკის ნავთობზე 1 ბარელზე Fitch Ratings-მა 87 დოლარზე შეინარჩუნა, რადგან წლის დამდეგიდან ფასების დინამიკა სააგენტოს მოლოდინს შეესაბამება. ამასთან, სააგენტომ 2027 წლისთვის "ბრენტის" მარკის ნავთობის საშუალო ფასის პროგნოზი 1 ბარელზე 65-დან 70 დოლარამდე, ხოლო WTI-ის მარკისა - 60-დან 65 დოლარამდე გაზარდა. ყველასთვის ცნობილია, რომ ნავთობის ფასზე Fitch-ის პროგნოზი (რომელიც რეგულარულად აქვეყნებს კვლევებსა და პროგნოზებს გლობალურ ეკონომიკაზე, ვალუტებზე, ნედლეულის, მათ შორის, ნავთობის ფასებსა და სხვა მნიშვნელოვან ფინანსურ მაჩვენებლებზე) მსოფლიოში ინვესტორებისა და ბიზნესებისთვის ყველაზე მძლავრი სიგნალია, თუ რა მოლოდინებზე შეიძლება გათვალონ რისკები. მაშინ კი, როდესაც ჰორმუზის სრუტის პრობლემა ვერ მოგვარებულა, როგორ იზრდება ეს რისკები და რაც მთავარია, როგორ აისახება ეს გლობალური პროცესები საქართველოზე, სადაც ნავთობპროდუქტები ბოლო დღეებში კიდევ უფრო გაძვირდა, ამ საკითხებზე ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ინიციატივა "ჯერ საქართველოს" ერთ-ერთ დამფუძნებელ ნიკოლოზ ალავიძეს ვესაუბრებით.
- დავიწყოთ იმით, რომ ნავთობზე იმაზე მეტად ვართ დამოკიდებული, ვიდრე უნდა ვიყოთ. წლების განმავლობაში სახელმწიფოს არ გაუტარებია რეფორმები და არ შეუმუშავებია გეგმა, რომელიც დროთა განმავლობაში ჩვენს მოწყვლადობას შეამცირებდა.
ფასების მატების მთავარი მიზეზი გლობალურ ბაზარზე ნავთობის გაძვირებაა, რაც ირანში მიმდინარე კონფლიქტითაა განპირობებული. თუმცა ეს პრობლემა დიდი ხანია პროგნოზირებადია, სიახლე არ არის და მხოლოდ ჩვენ არ გვეხება, ის გამოწვევაა გლობალური ეკონომიკის სხვა დარგებისთვისაც. ერთადერთი ფაქტორი, რაც ფასების ზრდის ტემპს მეტ-ნაკლებად აკავებს, ჩინეთის შემცირებული მოთხოვნაა, რითიც ის გლობალურ ბაზარზე მანიპულირებს. ბუნებრივია, ჩვენც ამ გლობალური ქსელის ნაწილი ვართ. ჩვენს შემთხვევაში, ამ ყველაფერს ემატება გაუმართავი ინფრასტრუქტურა და ლოჯისტიკური ცენტრები, ასევე გარე სამყაროსთან გაზრდილი დაძაბულობა. გარდა ამისა, ბაზარზე ოლიგოპოლიურ-მონოპოლიური ვითარებაა - რამდენიმე მსხვილი მოთამაშის ხელშია გადანაწილებული, რომლებიც მმართველ პოლიტიკურ გუნდთან არიან შეკრული.
მიუხედავად იმისა, რომ ფასების ზრდას ობიექტური, გლობალური ახსნაც აქვს, სახელმწიფო ღრმა კრიზისში შედის. ნავთობის ფასი ინფლაციური პროცესების მულტიპლიკატორია, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად მოქმედებს ყველა ტიპის პროდუქტსა და მომსახურებაზე, იმაზეც კი, რაც, ერთი შეხედვით, ნავთობთან კავშირში საერთოდ არ არის. აქედან გამომდინარე, ასეთ შემთხვევებში პასუხისმგებლიანი სახელმწიფო და ადეკვატური, კომპეტენტური პირები, რომლებსაც სხვა ინტერესები არ ამოძრავებთ, პროცესების სამართავად დროებით გადაწყვეტილებებს იღებენ.
- რა დროებითი გადაწყვეტილება იქნებოდა დღეს ოპტიმალური?
- ლაპარაკია დროებითი გადაწყვეტილებების დიდ პაკეტზე, რომელიც უნდა მოიცავდეს საგადასახადო შეღავათებს, მათ შორის აქციზზე, გადასახადების გადავადებასა და სხვა ინსტრუმენტებს. ასევე, კერძო სექტორთან კოორდინაციით უნდა შეიქმნას სარეზერვო მარაგები და სახელმწიფომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს. მოწყვლადობა გაზომვადი და მარტივად პროგნოზირებადი მოვლენაა, თუმცა ჩვენს ქვეყანაში მას არც ზომავენ და არც პროგნოზირებენ. უმოქმედობა მძიმე საფრთხეებს შეიცავს, ხოლო ყველაფრის მხოლოდ გლობალურ ბაზრებზე გადაბრალება ხალხის "გუდიანი კაცით" შეშინებას ჰგავს.
ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლიანი და რადიკალური ნაბიჯებია საჭირო. პირველ რიგში, უნდა დარეგულირდეს მონოპოლიური გარემო, რაც ფასების სპეკულაციურ ზრდას იწვევს. ფასწარმოქმნის, ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკის პროცესი სრულად გამჭვირვალე უნდა იყოს და ქვეყანაში რეზერვები შეიქმნას. ჩვენ ვხედავთ, რომ ადგილობრივი ბაზარი გლობალური ნავთობის ფასის მატებაზე მყისიერად რეაგირებს, მაგრამ, როდესაც გლობალური ფასი იკლებს, ეს ჩვენს რეალობაზე არასოდეს აისახება. ფასების მუდმივი მატება ინფლაციას აჩქარებს და წნეხს ზრდის რიგით მოქალაქეებზე, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს შეადგენენ. პრივილეგირებული 20%-ისთვის ეს გაძვირება პრობლემა არ არის, რადგან მათ კეთილდღეობასა და ფუფუნებაში ცხოვრებას სწორედ დანარჩენი 80% აფინანსებს. საწვავის გაძვირება ჯაჭვურ რეაქციას იწვევს - ძვირდება პური, სხვა პროდუქტები და მომსახურება. სახელმწიფოს პირდაპირი პასუხისმგებლობაა, რომ მოქალაქეებს ამ ეკონომიკურ რყევებთან გამკლავებაში დაეხმაროს. ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება, კეთილსინდისიერება და კომპეტენტური პირების ჩართულობა. დღევანდელ პროცესებს ჩვეულებრივი სიხარბე წარმართავს. როდესაც ხელისუფლებას ეძლევა შესაძლებლობა კორუფციული გარიგებებითა და მონოპოლიური შეთანხმებებით ფული მარტივად იშოვოს, ის ამას აკეთებს.
- აქციზის დაწევასა თუ გაუქმებაზე არსებობს კონტრარგუმენტი, რომ ეს მაინც არის ერთჯერადი და ვერ განაპირობებს იმას, რომ თუნდაც საშუალოვადიან პერსპექტივაში საწვავის ფასი შემცირდეს. ეს არგუმენტი რამდენად საფუძვლიანად მიგაჩნიათ, აქციზის დაწევა რეალურად მოხსნიდა პრობლემას?
- მხოლოდ აქციზის შემცირებას დიდი ეფექტი არ ექნება, თუ ის სისტემური მიდგომის ნაწილი არ გახდება. საწვავის ფასწარმოქმნაში - მომწოდებელი ქვეყნიდან საქართველოში მის ტრანსპორტირებასა და შემდგომ დაბეგვრაში გადასახადები ერთადერთი ხარჯი არ არის და ეს პროცესი სრულად გამჭვირვალე უნდა იყოს. ფასწარმოქმნაში სხვა გადასახადებიც მონაწილეობს. არსებობს შუალედური და ფარული ხარჯებიც, რომლებიც იმპორტიორებს ოფშორული შუამავალი კომპანიებიდან ერიცხებათ, რაც თვითღირებულებას ხელოვნურად ზრდის. ეს მონოპოლიური და ოლიგოპოლიური შეთანხმებების შედეგია, რასაც ხელისუფლების გონივრული ჩარევა და კვალიფიციური გამოძიება სჭირდება, რათა პროცესი არ დაზიანდეს.
აქციზის გაუქმებას მხოლოდ მოკლევადიანი და უმნიშვნელო ეფექტი ექნება, თუ იგი კომპლექსური გადაწყვეტის - დასაბეგრი ბაზის, მათ შორის დღგ-ისა და აქციზის სწორად გამოკვლევის ნაწილი არ იქნება. დასაბეგრი ბაზა პროდუქტის თვითღირებულების გამჭვირვალე გათვლას, კონკურენტულ ბაზრებზე გაანალიზებასა და ფარული საშუამავლო ხარჯების გამოვლენას გულისხმობს. სწორედ ამ ბაზამდე ჩასვლაა მნიშვნელოვანი, რაც სულაც არ წარმოადგენს შეუსრულებელ მისიას.
კრიზისის დროს საგადასახადო შეღავათებით სიტუაციის დაბალანსება ძირითადად დროებითია და 1-დან 3 თვემდე პერიოდს მოიცავს. 3 თვე ოპტიმალური ვადაა იმისთვის, რომ მოსახლეობას ფისკალური წნეხი შეუმსუბუქდეს, განსაკუთრებით შემოდგომის მოსავლის აღებისა და ზამთრისთვის სამზადისის პერიოდში, როცა საწვავზე მოთხოვნა კრიტიკულია. იმავდროულად, ეს 3-თვიანი პერიოდი სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს პარალელური ქმედებებისთვის - შექმნას კრიტიკული რეზერვები, იპოვოს ახალი მომწოდებლები და აქტიურად ჩაერთოს საწვავის მოწოდების ალტერნატიული გზების ძიებაში. ეს უკვე ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლებისა და სუვერენიტეტის საკითხია.
აქციზის გაუქმების ეფექტი კომპლექსური რეფორმების გარეშე უმნიშვნელო იქნება. ახალი ველოსიპედის გამოგონება არ გვჭირდება. მსოფლიომ 70-იანი წლებიდან დღემდე ნავთობის სამი უდიდესი შოკი გადაიტანა, რამაც კრიზისის მართვის ეფექტური მეთოდოლოგიები შექმნა. კეთილგონიერ და კომპეტენტურ მთავრობას მარტივად შეუძლია იპოვოს მოკლე, საშუალო თუ გრძელვადიანი გამოსავალი, რაც კრიზისს შესაძლებლობად აქცევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საწვავზე ფასების ყოველდღიური ზრდა გაგრძელდება და ქვეყნის პოლიტიკური თუ ეკონომიკური მოწყვლადობა კიდევ უფრო გაიზრდება.
- ეროვნული ბანკი აქტიურად ავსებს რეზერვებს, რაც ცხადია, კარგია, მაგრამ ნავთობის ფასებზე მოკლევადიანი ეფექტისთვის რეზერვების შევსების ტემპის შენელება არ იქნებოდა გამოსავალი? თუ ლარის გამყარება ისე არევდა ეკონომიკურ პროცესებს, რომ უარესი ეფექტი მოჰყვებოდა?
- ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების ზრდა ძალიან დადებითი ფაქტია. თუმცა, მხოლოდ რეზერვების ზრდას თავისი საზღვარი აქვს. ერთი მხრივ, კარგია, რომ გლობალურ ბაზარზე დოლარი შედარებით დასუსტებულია, მაგრამ ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებით, გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი, დოლარი მცირედით გამყარდება. ამერიკის სახაზინო ვალდებულებებზე მოთხოვნის ზრდა შეუქცევადი პროცესია, რაც მცირედით ჩვენზეც მოახდენს გავლენას. მიუხედავად ამისა, გაზრდილი რეზერვები და ლარის მეტ-ნაკლებად გამყარებული კურსი, რაც ახლა 2,6-2,7 ნიშნულს ქვემოთაა შენარჩუნებული, პოზიტიური მოვლენაა. საწვავის ფასზე ლარის კურსი მნიშვნელოვნად მოქმედებს და ეროვნული ვალუტის ამჟამინდელი ნიშნული ძალიან დიდი შეღავათია იმისთვის, რომ საწვავი კიდევ უფრო არ გაძვირდეს. ლარის თუნდაც 5%-ით გაუფასურებამ, რაც შეიძლება ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებითაც მოხდეს, შესაძლოა საწვავის ფასი 5%-ზე ბევრად მეტით გაზარდოს, რადგან აქ უკვე გეომეტრიული პროგრესია ირთვება.
რუსა მაჩაიძე