"საქართველო არ უნდა გახდეს ისეთი შეთანხმების ობიექტი, რომლის გარეშეც სხვა სახელმწიფოები მიიღებენ გადაწყვეტილებას“ - კვირის პალიტრა

"საქართველო არ უნდა გახდეს ისეთი შეთანხმების ობიექტი, რომლის გარეშეც სხვა სახელმწიფოები მიიღებენ გადაწყვეტილებას“

"ეს ძალიან სერიოზული ნაღმია", - ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი მოსკოვის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, რუსეთი საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიებსა და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციას ითხოვს. რა სამართლებრივი და პოლიტიკური მიზანი შეიძლება ჰქონდეს მოსკოვის ამ ფორმულირებას და ხომ არ ცდილობს რუსეთი ამ გზით საქართველოსა და ოკუპირებული ტერიტორიების ურთიერთობის ჩარჩოს შეცვლას? რა გავლენას ახდენს საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესება ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოებაზე? - ამ საკითხებზე მირიან მირიანაშვილს ვესაუბრეთ.

- რუსული პროპაგანდა მუდმივად გვეუბნება, რომ ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით უნდა აღდგეს. თუმცა კარგად იციან, რომ მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ძალის გამოყენების გარეშე. პუტინს სწორედ ამ ბერკეტის წართმევა უნდა საქართველოსთვის. ამასთან, ის ამას არაფრის სანაცვლოდ მოითხოვს. ის მაინც ეთქვა, თუ საქართველო ასეთ ვალდებულებას აიღებს, რუსეთი სამხედრო შენაერთებს სეპარატისტული რეგიონებიდან გაიყვანსო. ამიტომ ეს უფრო კაპიტულაციის მოთხოვნას ჰგავს.

- რატომ აქტიურდება ეს საკითხი სწორედ ახლა?

- რუსეთის ასეთი დემარშების რეალური ადრესატი მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება არ არის - მთავარი ადრესატი დასავლეთია. მოსკოვი სიგნალს უგზავნის დასავლეთის სახელმწიფოებს და აკვირდება მათ რეაქციას. ამ რეაქციიდან შეიძლება დავინახოთ, რამდენად ხელსაყრელ გარემოს ხედავს დღეს რუსეთი მსგავსი მოთხოვნების წასაყენებლად. ჩემი შეფასებით, მათთვის ვითარება ჯერ არ არის ისეთი, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე სერიოზული ზეწოლა თავისუფლად მოახდინონ.

- თუმცა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია რუსეთთან ურთიერთობაში ხშირად უფრო დამთმობია, ვიდრე დასავლეთთან. ასეთ ვითარებაში რამდენად რეალურია, რომ ხელისუფლებამ მოსკოვის მოთხოვნა მიიღოს?

- "ქართულ ოცნებას"“ეს ნამდვილად არ უნდა სურდეს, რადგან ამას ჩვენი პარტნიორი ქვეყნები და, ზოგადად, ამიერკავკასიის პროცესებში ჩართული რეგიონული მოთამაშეები საქართველოს ხელისუფლების კაპიტულაციად აღიქვამენ. პირველ რიგში, ვგულისხმობ თურქეთს, საუდის არაბეთს და სხვა მნიშვნელოვან სახელმწიფოებს. ამას შესაძლოა სერიოზული რეგიონული შედეგებიც მოჰყვეს. თუ აღმოჩნდება, რომ დიდი ძალის ზეწოლით საქართველოს ხელისუფლებას სტრატეგიულ საკითხებზე დათმობები შეიძლება აიძულო, მსგავსი შესაძლებლობა სხვა რეგიონულ მოთამაშეებსაც გაუჩენს ინტერესს. სამხედრო თვალსაზრისით კი დღეს ამიერკავკასიაში თურქეთ-აზერბაიჯანის ტანდემი გაცილებით ძლიერია, ვიდრე რუსეთი, და შესაძლოა მათაც გაუჩნდეთ მსგავსი მოთხოვნების წამოყენების სურვილი. ამიტომ ამ ყველაფერში, შეიძლება ითქვას, „ნაღმია“ ჩადებული. ასეთი შეთანხმება საქართველოს ხელისუფლებისთვის კაპიტულაციის სახეს მიიღებს და მისი გამართლება როგორც ქვეყანაში, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან, ძალიან გაუჭირდება. გარდა ამისა, ასეთი ნაბიჯი რეგიონულ გარემოზეც მოახდენს გავლენას.

- შეიძლება თუ არა სწორედ ამ კონტექსტში განვიხილოთ აზერბაიჯანის პასუხი საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაზე ქურმუხის ტაძრის შესახებ? საპატრიარქომ ტაძრის ისტორიულ სახელწოდებასა და მის ქართულ ქრისტიანულ მემკვიდრეობაზე გაამახვილა ყურადღება, რასაც ბაქოს მკაცრი რეაქცია მოჰყვა. აზერბაიჯანმა ეს ტერიტორიულ პრეტენზიად შეაფასა და საქართველოს სომხური ეკლესიის მიდგომების გამეორებისგან თავის შეკავება ურჩია. რატომ გახდა საჭირო სომხეთის მაგალითის მოყვანა და რამდენად შეიძლება ეს საქართველოს გაფრთხილებად განვიხილოთ?

- ბოლო პერიოდში ბაქოს რიტორიკა უფრო ნაკლებად მეგობრული ხდება. ეს იმ პროცესის ნათელი ილუსტრაციაა, რაზეც ვსაუბრობ: როდესაც საქართველო რუსეთისგან ასეთ ზეწოლას განიცდის, ამან შესაძლოა საქართველოს ტერიტორიების ინტერესები გაუჩინოს სხვა სახელმწიფოებსაც. თუ თავს მუდმივად მხოლოდ ჩაგრულ მხარედ წარმოვაჩენთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ რეგიონში პოტენციური მჩაგვრელები არც ისე ცოტანი არიან, მათ შორის ირანიც. ამიტომ საქართველოს სჭირდება ძლიერი პოლიტიკური და სტრატეგიული მხარდაჭერა დასავლეთისგან. ჩვენგან განსხვავებით, დღეს ალიევსა და ფაშინიანს ბევრი შეხვედრა აქვთ დასავლელ პარტნიორებთან. ეს იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური კურსი დასავლეთში სასურველ რეაქციას ვეღარ იწვევს. რუსეთი უკრაინასთან ომში გამარჯვებული მხარე ვეღარ იქნება. სწორედ ეს განსაზღვრავს პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების, აზიის სახელმწიფოების, ჩინეთისა და, გარკვეულწილად, ბელარუსის მოქმედების ლოგიკასაც. ბოლო პერიოდში ბელარუსის ხელისუფლებამ აქტიური დიპლომატიური ურთიერთობა დაიწყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, მათ შორის პოლონეთსა და გერმანიასთან. ცოტა ხნის წინ ლუკაშენკო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრსაც შეხვდა. ასეთი რამ ბოლო 7 წლის განმავლობაში წარმოუდგენელი იყო. ეს ცხადყოფს, რომ ქვეყნებმა რუსეთთან ურთიერთობის ფორმატი შეცვალეს, რადგან უკრაინის ომმა რუსეთი სხვა რეალობაში გადაიყვანა. ერთადერთი, ვინც თითქოს ისევ ძველი რეალობის მიხედვით მოქმედებს, საქართველოა. საქართველო უკვე წარმოჩენილია როგორც რუსეთის სატელიტი. ძლიერი სახელმწიფოს სატელიტობაც პრობლემაა, მაგრამ დამარცხებული ან დასუსტებული სახელმწიფოს სატელიტად აღქმა კიდევ უფრო სახიფათო. თუ რეგიონში მხოლოდ რუსეთის სატელიტის სტატუსით დავრჩებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს ვინ ჩივის, ადრე თუ გვიან, შეიძლება თურქეთის ზეწოლის ან აგრესიის სამიზნე გავხდეთ. თურქეთი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული და გავლენიანი სახელმწიფოა და მეზობელ ქვეყნებთან არაერთი ღია თუ გაყინული დაპირისპირება აქვს - მათ შორის სომხეთთან, ერაყთან, სირიასა და საბერძნეთთან. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თურქეთი ჯერ თითქოს აკვირდება, საქართველოა. ამიტომ იბადება კითხვა: რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ თურქეთმა თავისი ისტორიული პოლიტიკა მხოლოდ საქართველოს შემთხვევაში შეცვალა? ან, საერთოდ, ხომ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ რუსეთი მომავალშიც დაგვიცავს თურქეთისგან?

- როგორც თქვენ უწოდეთ, ასეთი ილუზია არა მხოლოდ საზოგადოების ნაწილს, ზოგიერთ ანალიტიკოსსა და პოლიტიკოსსაც აქვს. მათი შეფასებით, რეგიონში თურქეთის გავლენის დაბალანსება მხოლოდ რუსეთს შეუძლია. რამდენად რეალისტურია მოლოდინი, რომ რეგიონში თურქეთის გავლენის საპირწონედ კვლავ რუსეთის ფაქტორი იმოქმედებს?

- რუსეთმა უკრაინასთან ომში ძალების გადაძაბვისა და რესურსების დეფიციტის გამო, ფაქტობრივად, დაკარგა კონტროლი ჩრდილოკავკასიურ სივრცეში არსებულ რამდენიმე მიმართულებაზე. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ის, რომ დაღესტანში, ინგუშეთსა და ჩეჩნეთში რუსული სამხედრო და ძალოვანი სტრუქტურების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად არის შეზღუდული. რუსეთს საკუთარი ტერიტორიული უსაფრთხოების წინაშე არსებული სერიოზული ჩრდილოკავკასიური გამოწვევებიც კი ბოლომდე ვერ მოუგვარებია და ასეთ ვითარებაში როგორ უნდა დავიჯეროთ, რომ ის საქართველოს თურქეთისგან დაიცავს? რა სამხედრო რესურსით, რომელი შენაერთებით. როდესაც ამბობენ, რომ რუსეთს შეიძლება ჰქონდეს რაიმე არგუმენტი საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პირველ რიგში უნდა დავსვათ მარტივი კითხვა: როგორ უნდა დაგიცვას ქვეყანამ, რომელმაც თავად წაგართვა ტერიტორიები და დღემდე ულტიმატუმის ფორმით გელაპარაკება? როგორ შეიძლება უსაფრთხოების გარანტიად განვიხილოთ სახელმწიფო, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მოქმედებდა და დღესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ყოფნას ინარჩუნებს? ასეთი პოლიტიკური პოსტულატის მიღება სრულიად არარეალისტურია.

ხათუნა ბახტურიძე