წითელი ხალიჩა სტრატეგიული მეტოქისთვის - რა დგას ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრის უკან?
1962 წელს პრეზიდენტი ჯონ კენედი აშშ-ში ვიზიტით ჩასულ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ჰაროლდ მაკმილანს აეროპორტში დახვდა; 2015 წელს ბარაქ ობამა აეროპორტში პირადად დახვდა რომის პაპ ფრანცისკს; 2025 წლის აგვისტოში ანკორიჯში ტრამპი პუტინს დახვდა აეროპორტში და ერთი წლის შემდეგ, 2026 წლის 23 სექტემბერს, უკვე აშშ-ში სამდღიანი ვიზიტით ჩასულ სი ძინპინს ენდრიუსის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე პირადად დახვდა მეუღლესთან ერთად გრანდიოზული ცერემონიით - წითელი ხალიჩით, საპატიო ყარაულით, სამხედრო ორკესტრითა და სტრატეგიული ბომბდამშენების გადაფრენით. მედიამ იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ მიუხედავად თბილი ამინდისა, ტრამპს თხელი პალტო ეცვა და ხელთათმანები ეკეთა, როგორც ჩანს, იმისთვის, რომ ხაზი გაესვა სი ძინპინისთვის ხელის ჩამორთმევის წინ ამ ხელთათმანების გახდისთვის, რაც განსაკუთრებული პატივისცემის ნიშანია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს სი ძინპინის პირველი სახელმწიფო ვიზიტი იყო აშშ-ში ბოლო 11 წლის განმავლობაში.
ცხადია, ასეთი დახვედრა მხოლოდ დიპლომატიური თავაზიანობა არ არის და აშშ-ის პრეზიდენტის აეროპორტში ყოფნა ჩინეთთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე მიუთითებს. თუმცა ისიც გასაგებია, რომ სამხედრო ავიაციის დემონსტრირებას მეორე დატვირთვაც ჰქონდა - ვაშინგტონი პეკინს უმაღლეს დონეზე მასპინძლობს, მაგრამ საკუთარ სამხედრო შესაძლებლობებსაც წარმოაჩენს, რაც ერთდროულად დიპლომატიურ და სტრატეგიულ გზავნილებად იკითხება.
ვიზიტს ორივე ლიდერისთვის შიდაპოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. ირანთან ომისა და საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე ტრამპისთვის ჩინეთთან ეკონომიკური დაძაბულობის შემცირება დამატებითი შესაძლებლობაა, სი ძინპინისთვის კი მნიშვნელოვანია ამერიკულ ბაზარზე წვდომის შენარჩუნება და ჩინეთის, როგორც აშშ-ის თანასწორი გლობალური აქტორის, წარმოჩენა. ამასთან, პეკინი ვაშინგტონთან ურთიერთობის სტაბილიზაციას ცდილობს ისე, რომ ტაივანთან დაკავშირებულ საკუთარ პოზიციებზე უარი არ თქვას. ამ ვითარებაში კი სავაჭრო ზავის ორი თვით - 2027 წლის 10 იანვრამდე გახანგრძლივება ხელშესახებ მიღწევად ჩაითვალა. თუმცა ტარიფების, იშვიათ მიწათა ელემენტების მიწოდებისა და ტექნოლოგიური შეზღუდვების საკითხებზე არსებითი უთანხმოება შენარჩუნდა. გარღვევა არ მომხდარა არც ტაივანისა და ირანის საკითხებზე.
გასაგებია, რომ ვაშინგტონი და პეკინი ურთიერთობების სტაბილიზაციით არიან დაინტერესებული, თუმცა მათი სტრატეგიული ინტერესები კვლავ მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამ ვითარებაში კი ტრამპის განსაკუთრებული მასპინძლობა და სავაჭრო ზავის გახანგრძლივება, რომელიც უფრო დროის მოგების ცდას ჰგავს, რა პერსპექტივას აჩენს როგორც აშშ-ჩინეთის დაპირისპირების დასრულებისთვის და რაც მთავარია, რა გავლენა ექნება გლობალურ პროცესებზე, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრებით.
- დღევანდელი მსოფლიო წესრიგიდან გამომდინარე, ამ ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გლობალური საკითხების უმეტესობის გადამწყვეტი სწორედ ეს ორი ქვეყანაა. ის ფაქტი, რომ ტრამპი სი ძინპინს პირადად დახვდა, ბევრს ნიშნავს და აჩვენებს, რომ კარგად აცნობიერებს, თუ რამდენად ძლიერია ჩინეთი. ყველაფერზე ეტყობოდა, რომ ტრამპი აშკარად ცდილობდა მის მოხიბვლას. ეს გამოიხატებოდა საუბრის ტონში, გამოჩენილ პატივისცემასა და ისეთ დეტალებში, როგორიცაა საჩუქრები. მსგავს დეტალებს კი ასეთ დროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
დღეს ეს ორი ქვეყანა ურთიერთობას აგვარებს. მსოფლიოში მათ გარეშე აღარაფერი წყდება, უამრავი პროცესი სწორედ მათზეა დამოკიდებული. ირანისა და უკრაინის ომებიც ამ ორი სახელმწიფოს საქმეა. ამერიკა ჩინეთის გარეშე ვერც ერთ ომს წარმატებით ვერ წარმართავს. თუმცა ჩინეთს ამ ყველაფრის მიმართ თავისი მიდგომა აქვს: მას აწყობს, რომ ამერიკა ომებში იყოს ჩაბმული და ჩინეთისთვის ვეღარ მოიცალოს.
ტრამპმა პუტინი და სი ძინპინი გრანდიოზული ცერემონიით მიიღო. ეს სიმბოლურად ძალიან ბევრის მთქმელია, რადგან მსგავსი დახვედრის პროტოკოლი პირდაპირ უსვამს ხაზს რუსეთისა და ჩინეთის, როგორც სახელმწიფოების, უდიდეს მნიშვნელობას ამერიკისთვის, თუმცა პარტნიორობის ელემენტებიც იკვეთება. ისინი გაცხადებული მტრები და მოწინააღმდეგეები რომ იყვნენ, მსგავსი დონის ვიზიტები არ გაიმართებოდა. ამიტომ უფრო სწორი იქნება, თუ მათ კონკურენტ-პარტნიორებს ვუწოდებთ. როგორც ვხედავთ, ორივე მხარე მაქსიმალურად იკავებს თავს ღია კონფრონტაციისგან.
- ითქვა, რომ აშშ-მა და ჩინეთმა სავაჭრო ზავის მოქმედების ვადა გაახანგრძლივეს. რა მნიშვნელობა აქვს ამ შეთანხმებას გლობალური პროცესებისთვის?
- თავდაპირველად, როდესაც ტრამპმა ყველას, მათ შორის ჩინეთს, სანქციები დაუწესა, პეკინმა კონტრსანქციებით უპასუხა, რის შემდეგაც შეთანხმებამდე მივიდნენ. ახლა ეს შეთანხმება გაგრძელდა, რაც ტრამპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოახლოებული არჩევნების გამო. თუ ტრამპისთვის ეს ნაბიჯი შიდაპოლიტიკური მიზეზებით იყო მნიშვნელოვანი, ჩინეთისთვის შეთანხმების გაგრძელებას პირდაპირი ეკონომიკური დატვირთვა ჰქონდა. ამერიკას ჩინეთთან სავაჭრო დეფიციტი აქვს, ხოლო ჩინეთს - პროფიციტი, რაც ოფიციალურ პეკინს სრულად აწყობს.
პეკინი მთელ მსოფლიოსთან ვაჭრობს და გაცილებით მეტი პროდუქცია გააქვს ექსპორტზე, ვიდრე ქვეყანაში შეაქვს. შესაბამისად, ის ცდილობს ამ მოცემულობის შენარჩუნებას და არ სურს სიტუაციის გამწვავება არავისთან. სწორედ ამიტომ გაუმჯობესდა კიდევ ერთხელ ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობა უმაღლეს დონეზე. საბოლოოდ ჩინეთს არსებული სავაჭრო რეჟიმის გაგრძელება სჭირდებოდა, ტრამპს კი ჩინეთის მხარდაჭერა და კომპრომისი, რაც გამოიხატა კიდეც მწვავე საკითხების არჩევნებამდე გადავადებაში.
- ტრამპისთვის წინასაარჩევნოდ მხოლოდ ეს საკითხი იმუშავებს?
- ჩინეთი, სავარაუდოდ, არ დაეხმარება ამერიკას ომების დასრულებაში, რადგან მთავარი კონკურენტის კონფლიქტებში ჩაფლობა მის ინტერესებშია. პეკინის ჩართულობის გარეშე კი აშშ ვერც ირანისა და ვერც უკრაინის კრიზისს ვერ აგვარებს. პარალელურად, ჩინეთი დაუბრკოლებლად ამარაგებს რუსეთსა და ირანს რესურსებით, რითაც სხვისი ხელით ასუსტებს ამერიკას.
დასავლეთი ვერ ბედავს პეკინისთვის ხელის შეშლას, განსხვავებით საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნებისგან, რომლებსაც მომარაგების გზებს მარტივად დაუბლოკავენ. ჩინეთს ომის დასრულება მხოლოდ იმ პირობით აწყობს, თუ გაძლიერებული ირანი ჰორმუზის სრუტეს გააკონტროლებს და პეკინს შეღავათიან რეჟიმს მისცემს. რადგან ეს მოცემულობა ამერიკისთვის კატეგორიულად მიუღებელია, ირანთან კონფლიქტის მარტივად დასრულება გამორიცხულია.
- უკრაინის ომის?
- ეს კიდევ უფრო რთული საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ამერიკისთვის უკრაინაზე მეტად პრიორიტეტული ირანია და სიამოვნებით დაასრულებდა უკრაინის ომს, ეს მხოლოდ მასზე აღარაა დამოკიდებული. ამ პროცესში ევროპა უფრო მეტადაა ჩართული. მართალია, აშშ-ს აქვს გარკვეული ბერკეტები, მაგალითად, სტარლინკი და სხვა, თუმცა უკრაინისთვის ევროპის პოზიცია გადამწყვეტია - სანამ ის მხარდაჭერას აგრძელებს, უკრაინას ომის გაგრძელების შანსი ექნება.
ევროპამ უკრაინის ომის მოსაგვარებლად ჩინეთის ჩართვა სცადა, როცა ჩინეთში ვიზიტით იმყოფებოდნენ, თუმცა, როგორც მახსოვს, მაშინ ცივი პასუხი მიიღეს. ჩინეთს დასავლეთის გამოფიტვა სურს და როგორც უკრაინის, ისე ირანის ომი სწორედ ამას ემსახურება. ამასთან, უკრაინაში ომის გამო რუსეთი უფრო და უფრო ხდება ჩინეთზე დამოკიდებული და მის `უმცროს პარტნიორად~“ ყალიბდება. რატომ უნდა თქვას ჩინეთმა უარი ამ პროცესზე მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ევროპას აწყობს? მით უმეტეს, სანაცვლოდ ევროპისგან ვერაფერს მიიღებს. ევროპა საკუთარი წარმოების დასაცავად ჩინურ საქონელს, განსაკუთრებით კი ელექტრომობილებს, მაინც უწესებს ტარიფებს და არა მგონია, მზად იყოს ამ შეზღუდვების მოსახსნელად.
- ჰორმუზის სრუტის საკითხის მოსაგვარებლად რა იქნება ჩინეთისთვისაც და ამერიკისთვისაც მისაღები პირობები?
- მთავარი პრობლემა ისაა, რომ ირანმა ომის შედეგად ჰორმუზის სრუტე ჩაიგდო ხელში. ეს მისთვის ფაქტობრივი გამარჯვებაა, ნგრევის მიუხედავად, ტოტალიტარული რეჟიმები ამას როგორღაც გადაიტანენ, ამერიკისთვის კი სრულიად მიუღებელი სტატუს-კვოა.
მეორე მხრივ, ამერიკა და ჩინეთი ერთმანეთში ვერ თანხმდებიან დროის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულების გამო. მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ჩინეთს არსად ეჩქარება, მაშინ როცა ამერიკელები მუდმივად მოკლევადიან საარჩევნო ციკლებზე არიან კონცენტრირებული. სწორედ ამ გლობალური კონკურენციის გამო ამბობს ტრამპი უარს ხელოვნური ინტელექტის (AI) მკაცრ რეგულირებაზე. გაეროში მისი განცხადების მთავარი მიზანი ჩინეთთან არსებული ტექნოლოგიური უპირატესობის შენარჩუნებაა, რათა მათ გასწრების საშუალება არ მისცეს. თუმცა ტრამპიც და მისი გარემოცვაც კარგად აცნობიერებენ, რომ AI-ის უკონტროლოდ დატოვება სერიოზულ რისკებს შეიცავს.
- სი ძინპინი ამერიკაში ძალიან მალე ჩავიდა მას შემდეგ, რაც ტრამპის წარმომადგენლები მოსკოვში ორჯერ ჩავიდნენ. შესაძლებელია ეს ვიზიტები ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული?
- როგორც ჩანს, პუტინთან შეთანხმებას ჯერ ვერ აღწევენ, რადგან რუსები დონბასის აღებამდე არ გაჩერდებიან. მათ ომიდან გამოსასვლელად გამარჯვების გამოცხადება სჭირდებათ, რისთვისაც დონბასის კონტროლი აუცილებელია. მეორე მხრივ, ტრამპს ომის შეჩერება სურს. მართალია, ირანისგან განსხვავებით, უკრაინის კონფლიქტი მას დიდად არ აწუხებს, მაგრამ მისი დასრულება მაინც უნდა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკრაინაში არსებული იშვიათი მინერალებია. თავის დროზე ის ზელენსკისთანაც ცდილობდა შეთანხმების მიღწევას, რათა უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ამერიკას სწორედ ეს იშვიათი წიაღისეული გაეტანა. სხვა მიზეზებიც რომ გამოვრიცხოთ და მხოლოდ მისი ბიზნესინსტინქტებით ვიმსჯელოთ, ომის დასრულება მისთვის ეკონომიკურადაც ძალიან მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა ჩინეთს ინტერესი, რომ უკრაინის ომის მოსაგვარებლად პუტინთან იშუამდგომლოს, ეს არ მოხდება, სანამ რუსეთი დონბასს არ წაიღებს. დარწმუნებული ვარ, სი ძინპინსა და პუტინს ამაზე არაერთხელ უსაუბრიათ - რუსეთი ომიდან აუცილებლად ისე უნდა გამოვიდეს, რომ საკუთარი თავის გამარჯვებულად გამოცხადების საშუალება ჰქონდეს.
რუსა მაჩაიძე