"უკვე 13-14 წლის მომხმარებლები გვყავს, რაც კატასტროფაა..მოქალაქეები მიყვებიან, რომ ბოლო ერთ კვირაში ბევრი მომხმარებელი მოხვდა რეანიმაციაში, ვიცი გარდაცვალების 2 შემთხვევაც" - ნარკოლოგ ზურაბ სიხარულიძის მძიმე ინტერვიუ
ექიმი-ნარკოლოგი და პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ სიხარულიძე საქართველოში მძიმე ნარკოვითარებაზე გვესაუბრება და აცხადებს, რომ საქართველოში ახალი ნარკოტიკები გამოჩნდა, ზედოზირების რიცხვი კი დღითი დღე იზრდება. "ბოლო ერთი კვირაა, თითქმის ყოველდღიურად მატყობინებენ ზედოზირების ახალ შემთხვევებს. რამდენიმე მათგანი სიკვდილითაც დასრულდა. ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ ზოგიერთი შემთხვევის კლინიკური სურათი მაფიქრებინებს ძლიერ სინთეზურ ოპიოიდებზე. შესაძლოა ნარკოტიკულ ბაზარზე კვლავ გამოჩნდა ფენტანილი ან მისი ძალიან ძლიერი ანალოგები, მათ შორის კარფენტანილი ან შესაძლოა გავრცელდა ნიტაზენების ჯგუფის სინთეზური ოპიოიდები. ნიტაზენების ზოგიერთი სახეობა ძალიან ძლიერია და დაკავშირებულია მძიმე და ფატალურ ზედოზირებასთან. მათი აღმოჩენა ჩვეულებრივ ტოქსიკოლოგიურ ტესტებში ყოველთვის მარტივი არ არის, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ სავარაუდო მიზეზებია - საბოლოო პასუხი ტოქსიკოლოგიურმა კვლევამ უნდა გასცეს. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გვითხრან ექსპერტებმა, რა ნივთიერებები ტრიალებს ახლა საქართველოში, რამდენი ზედოზირება გვაქვს და რამდენი კაცი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია არ არის დასამალი, შეიძლება ვინმეს სიცოცხლის ფასად დაუჯდეს".
- გაქვთ ინფორმაცია ზედოზირებით სიკვდილის შემთხვევების შესახებ?
- არა, სტატისტიკა არა მაქვს, ჩვენი მოქალაქეები მიკავშირდებიან და მიყვებიან, რომ ბოლო ერთ კვირაში ბევრი მომხმარებელი მოხვდა რეანიმაციაში. ვიცი გარდაცვალების 2 შემთხვევაც...
ექიმებს მაინც უნდა გვქონდეს ინფორმაცია, რომ გავაფრთხილოთ ხალხი. როცა ამოღებულ ნარკოტიკებზე წერენ, ექსპერტიზის დროს რომელი ნივთიერება ამოდის, ინფორმაცია დახურულია, ისევე როგორც გარდაცვლილთა ექსპერტიზის. არ ვიცით, რამდენი ზედოზირებაა, რამდენი პირი მოხვდა ემერჯენსში, რა ნარკოტიკი იყო მოხმარებული.
ეს ხომ იმისთვისაა, რომ შემდგომ თუ მოხდება ასეთი რამ, ექიმები, მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები იყვნენ ფრთხილად. ამდენი წელიწადია ვითხოვთ და მაინტერესებს, რატომ არ შევუერთდით პირველადი შეტყობინების სისტემას, რომელიც ევროპაში უკვე რამდენიმე წელია არსებობს, რათა ვიცოდეთ, რა ტიპის ნივთიერებები ტრიალებს ჩვენთანაც.
- რამე ახალი შემოვიდა ბაზარზე?
- ეს არის სინთეტიკური ოპიატები - ფენტანილი, კარფენტანილი, ნიტაზენების ახალი ჯგუფი... ისინი კიდევ უფრო მძიმე და უფრო რთული ნივთიერებებია და მათ სხვა ტიპის ნივთიერებებში ურევენ. არის შემთხვევები, როცა ისეთ ჩვეულებრივ სააფთიაქო პრეპარატებში ურევენ, როგორიცაა დიაზეპამი, ქსანაქსი, პრეგაბალინი. ამ მხრივ ძალზე დამძიმდა ვითარება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში - რუსეთში, ყაზახეთში, ბალტიისპირეთში, უკრაინაში... ჩვენ ყველა ამ ნივთიერების აბსორბციას ვახდენთ, ვინაიდან ძალიან დიდი მოთხოვნაა. რამდენი წელია ამ დარგში ვარ და ასეთი რამ არ მახსოვს -
ნარკოტიკების ასეთი დიდი რაოდენობა, რაც დღეს საქართველოში ტრიალებს, 90-იან წლებშიც კი არ ყოფილა. პოლიცია არსებული ნარკოტიკების მხოლოდ 25%-ს იღებს, დანარჩენი 75% ტრიალებს ბაზარზე.
საჭიროა ნარკოდამოკიდებულების მკურნალობა, რეაბილიტაცია, პრევენცია, დეტოქსი, ამისთვის არსებობს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები, და ა.შ. ყველა ამ კომპონენტს თუ არ აამოქმედებ, აზრი არა აქვს, მარტო ნარკოტიკის ამოღება აბსოლუტურად უსარგებლოა. დღეს რომ კილოგრამს ამოიღებენ, ხვალ ორი გაჩნდება.
საქართველოსთვის დამახასიათებელი არ იყო სტიმულაციური ნარკოტიკები, დღეს უკვე მეფედრონის ბუმია. დღე არ გავა, კოკაინი არ ამოიღონ. მიუხედავად ამდენი ნარკოტიკის ამოღებისა, ბაზარზე დეფიციტი არ არის. ერთადერთი, რისი დეფიციტიც არის, მარიხუანაა.
- კლინიკური სურათი ძლიერ სინთეზურ ოპიოიდებზე მეტყველებს?
- სიკვდილის და კომის განვითარება და გახშირებული ზედოზირება გვაფიქრებინებს, რომ ეს არის კარფენტანილი. როცა ზედოზირებები იმატებს, აღმოჩნდება, რომ მართლა ფენტანილი იყო (თუმცა ბევრი სიცოცხლე შეიწირა). როცა ნარკოტიკის მომხმარებლების პრევალენტობა 2%-ია, რაზე ვლაპარაკობთ?
მაღალი ტრიბუნებიდან გვეუბნებიან, როგორი წარმატება აქვს ჯანდაცვას. რომელი წარმატება, უკან და უკან მივდივართ. დღეს ჯანდაცვაში ყველაფერი დანგრეულია - დეფიციტია ონკოლოგიური და ფსიქოტროპული პრეპარატების. ხალხი ტკივილით იტანჯება, რადგან არ არის ნარკოტიკული საშუალებების და სხვა ტკივილგამაყუჩებლების არჩევანი. უკვე 13-14 წლის მომხმარებლები გვყავს, რაც კატასტროფაა.
- ნიტაზენების ჯგუფის სინთეზურi ოპიოიდები რითია განსხვავებული და საშიში?
- ნიტაზენები უფრო ძლიერი სინთეზური და უფრო ტოქსიკური ნარკოტიკული საშუალებაა. ის ქიმიური ფორმულით განსხვავდება, ოპიატია, რომლის გაკეთება ძალიან ადვილად შეიძლება კუსტარულ ლაბორატორიებში. ამ ნარკოტიკს ადიქციური პოტენციალი ბევრად უფრო მაღალი აქვს და მისი მოხმარების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ჰეროინის. მათი აღმოჩენა ტოქსიკოლოგიურ ტესტებში ძნელია, მაგრამ ხშირად შეიძლება რაღაცაში, მაგალითად, მეტადონში იყოს გარეული, ამიტომ ამას უფრო სერიოზული კვლევა სჭირდება.
ახლახან შსს-მ დიდი რაოდენობით კოდეინი ამოიღო. ეს არის "ნიანგის" (ე.წ. კრაკადილის) ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ეს კი იმის მანიშნებელია, რომ "კრაკადილი" დაბრუნდა მოხმარებაში. არც "ვინტი" წასულა არსად, რადგან ბევრად იაფია.
გაოცებული ვარ ნარკოტიკების იმ რაოდენობით, რომლებიც ტრიალებს ქვეყანაში და ეს შედეგობრივი კავშირია, როცა არაფერს აკეთებ, რომ მოთხოვნა შეამცირო. მაგალითად, სახელმწიფო დაწესებულება ორი თვეა დაკეტილია, ვინაიდან რაღაც ვერ აეწყო და ექიმები წავიდნენ სამსახურიდან, ვაშლიჯვრის საუნივერსიტეტო კლინიკა მეექვსე თვეა ვერ იხსნება, ანუ, დღეს სახელმწიფო დაწესებულება აღარ გვაქვს, მხოლოდ რამდენიმე კერძო კლინიკაა. ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებში კატასტროფაა, ყველა ორმაგი დიაგნოზითაა, ანუ პოლინარკომანიაა.
სამედიცინო მომსახურების დონე იმდენად დამახინჯებულია, რომ ყველა ეს პაციენტი მოიხმარს ქუჩის ნარკოტიკსაც, ან სხვა სტიმულატორებს, რადგან ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამამ დაკარგა თავისი ფუნქცია და მგონი დახურვისკენ მიდის, რადგან ესენი ცუდი თვალით უყურებენ და შესაბამისად, არც ინფრასტრუქტურაა, ექიმები არ არიან, პაციენტების კონტროლი არ არის, შეიძლება ადამიანმა წლები ისე იაროს პროგრამაში, ექიმი ვერც ნახოს...
სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი არის კრიმინალიზაცია. ასეთები ციხეში თუ იქნებიან, მათთვის უკეთესია. ალბათ, გახსოვთ ერთწლიანი რეფორმა და რატომ არ გვეუბნებიან, რა შედეგები მიიღეს? რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ განყოფილების გახსნისთვის მილიონები იყო დახარჯული და დახურეს. ქუთაისში (ძალიან საეჭვო პირობებში) არის კლინიკა, რომელიც იყო ერთ-ერთი დეპუტატის საკუთრება, საავადმყოფო სახელმწიფომ შეისყიდა და ვითომ იქ გახსნეს ეს სავალდებულო მკურნალობა, თუმცა არც ექიმი ჰყავთ, არც ექთანი. როცა არანაირი დახმარება არ არის, ადამიანები მოიხმარენ ნარკოტიკს, მერე მიდის დაჭერა, დაჯარიმება, ციხეში ჩასმა.
- რა კვლევები უნდა ჩატარდეს, რომ დადგინდეს, ზედოზირების შემთხვევაში რა ნივთიერებასთან გვაქვს საქმე?
- შავი ბაზრის კვლევა უნდა ტარდებოდეს. ამოღებულ ნარკოტიკებზე ხომ ტარდება კვლევა, პლუს ზედოზირებით გარდაცვლილთა ნიმუშების კვლევაა აუცილებელი. სპეციალისტებს: ფსიქიატრებს, ნარკოლოგებს, ემერჯენსს, სასწრაფოს ექიმებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, რა ტიპის ნარკოტიკები ტრიალებს ქვეყანაში. უნდა არსებობდეს პროტოკოლები როგორ უნდა მოიქცეს ემერჯენსის ექიმი, ფსიქიატრი ან ნარკოლოგი ფსიქოზის დროს და ა.შ. სამინისტროში არც ერთი კომპეტენტური პირი არ მუშაობს. მხოლოდ იმაზე არიან ორიენტირებული, როგორ დაადონ ადმინისტრაციული ჯარიმა და დასაჯონ ექიმები, პაციენტი არავის აინტერესებს.
- ოპიოიდური ზედოზირების შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს პაციენტის გვერდით მყოფი?
- აუცილებლად უნდა დარეკოს 112-ში, რომ მოვიდეს სასწრაფო დახმარება. ასევე, დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენოს "ნალოქსონი", რომელიც არ იშოვება საქართველოში, ზიანის შემცირების ქსელებშიც მგონი უკვე შეზღუდული რაოდენობითაა რადგან შესყიდვა ვერ მოხერხდა. სამინისტრო მესამედ აცხადებს ბაზრის კვლევას "ნალოქსონის" შესაძენად და კიდევ ვერ შეიძინეს. ემერჯენსის ექიმებს უნდა ჰქონდეთ ინსტრუქცია, როგორ მიეხმარონ ადამიანებს ამა თუ იმ ნივთიერების ზედოზირებისას. ხშირად მომხმარებელმა არ იცის, რა ნივთიერებას მოიხმარს და ამიტომ ამაში კომპეტენტურია 112. მომხმარებლები ხშირ შემთხვევაში იქ არ რეკავენ, რადგან ამას მოჰყვება პოლიცია და ეშინიათ, რომ არ დაიჭირონ, ხშირად მათ გვერდით მყოფები (ისინიც შიშით) ტოვებენ და ისინი იღუპებიან.
- "კრისტალური მეტადონi" რით განსხვავდება ფარმაცევტული მეტადონისგან და რისი გამოწვევა შეუძლია?
- "კრისტალური მეტადონი" არ უნდა გავაიგივოთ პროგრამულ, ფარმაცევტულ მეტადონთან. "კრისტალური მეტადონი" ტოქსიკურია, კუსტარულად არის დამზადებული და კაცმა არ იცის, რა შემადგენლობისაა. დღეს ყველაზე მეტი ზედოზირება იმას აქვს, ვინც კრისტალურ მეტადონს მოიხმარს.
საერთაშორისო წყაროებში სტრეეტ მეტჰადონე აღწერილია როგორც არალეგალურად წარმოებული პროდუქტი, რომელიც შეიძლება ფხვნილის ან კრისტალური ფორმით იყოს და ინიექციურად გამოიყენებოდეს. ასეთი პროდუქტის ხსნარში შეიძლება დარჩეს უხსნადი ნაწილაკები ან სხვა მინარევები და ვენაში მათ მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს ვენის ანთება და თრომბოფლებიტი, მიკროემბოლიზაცია და სისხლძარღვების დაზიანება. მსგავსი გართულებები აღწერილია მეტადონის ტაბლეტებისა და სხვა ორალური ოპიოიდური პრეპარატების ინტრავენური გამოყენების შემთხვევებში. ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მათ, ვინც ფიქრობს, რომ "კრისტალური მეტადონი" უბრალოდ მეტადონია სხვა ფორმით, ქუჩის პროდუქტის შემთხვევაში თქვენ არ იცით, ზუსტად რას იკეთებთ ვენაში.
- დაბოლოს, გამოსავალი რაშია, უპირველესად რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ?
- სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ზომები, რომ შემცირდეს მოთხოვნა. ამისთვის უნდა გაფართოვდეს ჩანაცვლებითი თერაპია, მაქსიმალურად უნდა მოხდეს ინფორმირება, რა ტიპის ნარკოტიკებია ქვეყანაში შემოსული; საჭიროა შავი ბაზრის კვლევა, გაიდლაინებისა და პროტოკოლების შედგენა. გარდა ამისა, ვინც არის დამოკიდებული და აქვს მკურნალობის სურვილი, უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომი მკურნალობა, შეეძლოს რეაბილიტაცია, არ დასაჯონ და იზრუნონ მათზე. სხვათა შორის, ჩინეთის და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრის მთავარი თემა "ფენტანილიც" იყო - მათთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია პრეკურსორების კონტროლი (პრეკურსორები ჩინეთიდან და შუა აზიიდან მოდის) და ალბათ შეთანხმდებიან, რომ მათი წარმოება უნდა შეწყდეს.