აუცილებელია თუ არა ყველა მემკვიდრემ ნოტარიუსს მიმართოს სამკვიდროს გასახსნელად
შეკითხვებს უპასუხებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მოქმედი წევრი, ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი.
ვარ მეუღლესთან გაშორებული, ვცხოვრობ გირით, გვყავს ორი შვილი. ყოფილი ქმარი სამი წელია წასულია ემიგრაციაში და შვილებს ხანდახან 100 დოლარს თუ გამოუგზავნის, შემიძლია თუ არა დავაკისრო მას ყოველთვიური ალიმენტის გადახდა? როცა ის ემიგრაციაშია, როგორ შევძლებთ დაკისრებული ფულის ამოღებას. აქვე გეტყვით, რომ მის სახელზე არანაირი ქონება არ არის, საქართველოდან წასვლის წინ ბინა და სოფლის სახლი ნათესავზე გადააფორმა.
- მშობელი ვალდებულია უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა მისი ქონებრივი მდგომარეობის მიუხედავად, და ეს ვალდებულება არ წყდება მშობლის საზღვარგარეთ ცხოვრების, ან ემიგრაციაში ყოფნის ფაქტით. შესაბამისად, თქვენ სრული უფლება გაქვთ, სასამართლოს მოსთხოვოთ ყოფილი მეუღლისთვის ყოველთვიური ალიმენტის დაკისრება, მიუხედავად იმისა, რომ ის ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფება. ალიმენტის ოდენობას მხარეთა შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში სასამართლო აწესებს ყოველთვიურად, გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის საჭირო რეალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით. კანონი არ ადგენს ფიქსირებულ მინიმუმს თუ მაქსიმუმს, თუმცა სასამართლო პრაქტიკაში ხშირად ორიენტირად გამოიყენება საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი (დღეს დაახლოებით 260-265 ლარი), რაც არ არის სავალდებულო ზღვარი, არამედ ერთ-ერთი ორიენტირი კონკრეტული საქმის გარემოებებში. თქვენს შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ ყოფილი მეუღლე ხანდახან 100 დოლარს უგზავნის შვილებს, ვერ ჩაითვლება ალიმენტის სრულფასოვან შესრულებად და არ გამორიცხავს სასამართლოს მიერ უფრო მაღალი, ბავშვების რეალურ საჭიროებებზე მორგებული თანხის დაკისრებას. სასამართლო პრაქტიკის თანახმად, მშობლის დაბალი შემოსავალი, ან თუნდაც დროებითი დაუსაქმებლობა თავისთავად არ წარმოადგენს ალიმენტისგან გათავისუფლების, ან მისი შემცირების საფუძველს. სასამართლო აფასებს არა მხოლოდ დეკლარირებულ შემოსავალს, არამედ მოვალის შრომისუნარიანობასა და პოტენციურ შემოსავლის მიღების შესაძლებლობასაც. შესაბამისად, ის გარემოება, რომ ყოფილი მეუღლის შემოსავალი ემიგრაციაში ზუსტად არ დასტურდება, არ არის დაბრკოლება მოთხოვნის დასაყენებლად. რაც შეეხება დაკისრებული თანხის რეალურ ამოღებას - აქ არსებობს პრაქტიკული სირთულე. ალიმენტის ვალი მიეკუთვნება დაუყოვნებლივ აღსასრულებელ კატეგორიას და მასზე ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება, თუმცა, საქართველოს ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ძებნა და ქონების დაყადაღება ეფექტურად ხორციელდება, პირველ რიგში, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე. თუ მოვალეს საქართველოში არც ქონება და არც შემოსავლის წყარო არ გააჩნია, ფაქტობრივი იძულებითი ამოღება მნიშვნელოვნად რთულდება.
მინდა განქორწინება ქმართან, ვარ ემიგრანტი, ჩამოსვლის გარეშე როგორ შევძლებ განქორწინებას?
- საქართველოს კანონმდებლობით, პირადად გამოცხადება საქართველოში განქორწინებისთვის სავალდებულო არ არის - პროცესის წარმართვა შესაძლებელია ორი ძირითადი გზით, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე. პირველი, თუ განქორწინება ორივე მხარის ურთიერთშეთანხმებით ხდება და არ არსებობს დავა არასრულწლოვან შვილებთან ან ქონებასთან დაკავშირებით, შესაძლებელია განქორწინების ადმინისტრაციული წესით რეგისტრაცია საზღვარგარეთ, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში, თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის მიხედვით. ეს პროცედურა მსგავსია საქართველოში იუსტიციის სახლში განქორწინების რეგისტრაციისა და შესაძლებელია განხორციელდეს იმ საკონსულოში, რომლის საკონსულო ოლქშიც ცხოვრობთ. თუ მეუღლეც თანახმაა, საჭიროა თქვენი ორივეს ერთდროული გამოცხადება ან შესაბამისი წარმომადგენლობითი დოკუმენტაცია, ამდაგვარად შეძლებთ განქორწინებას. ასევე შეგიძლიათ მინდობილობა გასცეთ ნებისმიერ პირზე და მან შეიტანოს განაცხადი იუსტიციის სახლში, რასაც თავის მხრივ თქვენი მეუღლეც უნდა დაეთანხმოს. მეორე, თუ მეუღლე არ თანხმდება განქორწინებას, ან/და არსებობს დავა, საჭირო გახდება სასამართლო წესით განქორწინება საქართველოს საერთო სასამართლოებში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი უშვებს მხარის წარმომადგენლობას სასამართლო პროცესზე რწმუნებულის (ადვოკატის) მეშვეობით, სანოტარო წესით გაცემული მინდობილობის საფუძველზე, თქვენი პირადი გამოცხადების გარეშე.
იუსტიციის სახლში მოხდა განქორწინება. მამაკაცმა პირადი შეთანხმებით დაუტოვა ცოლს და შვილებს ის ბინა, სადაც ისინი ცხოვრობენ. ფინანსურადაც ეხმარება, ცოლი ამბობს, რომ მოაწერა ხელშეკრულებას ხელი იუსტიციაში, რომ ქონებრივი დავა არ ექნება მასთან, ამ ხელმოწერის შემდეგ შეუძლია თუ არა მას ისევ იჩივლოს სასამართლოში და ქმრის სხვა ქონებიდან მოითხოვოს წილი?
- საქართველოს კანონმდებლობით, ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება, ზოგადი წესით, წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას და ექვემდებარება გაყოფას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარეთა შორის დადებულია ნამდვილი საქორწინო ხელშეკრულება, რომელიც ამ საკანონმდებლო რეჟიმს ცვლის. თუმცა საქორწინო ხელშეკრულებას - მათ შორის ისეთს, რომელიც ითვალისწინებს ქონებაზე მომავალი პრეტენზიების ურთიერთუარყოფას - სამართლებრივი ძალა რომ მიეცეს, სავალდებულოა ნოტარიული ფორმა. უბრალო წერილობითი განცხადება, რომელიც ნოტარიულად დამოწმებული არ არის, ფორმის მოთხოვნის დარღვევის გამო არ წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, სავალდებულო ძალის მქონე საქორწინო-ქონებრივ შეთანხმებას. იუსტიციის სახლში ადმინისტრაციული წესით განქორწინების რეგისტრაციისას მხარეთა მიერ ხელმოწერილი განცხადება ჩვეულებრივ არის ორივე მეუღლის ერთობლივი დადასტურება იმისა, რომ მათ შორის არ არსებობს დავა შვილებთან ან ქონებასთან დაკავშირებით - ეს არის წინაპირობა იმისათვის, რომ განქორწინება დარეგისტრირდეს ადმინისტრაციულად, სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე. თუმცა კანონი ასევე იცნობს დათქმას, რომლის შესაბამისადაც მხარეს განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან 3 წლის ვადაში აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა. ამიტომ მნიშვნელოვანია დაადგინოთ განქორწინების თარიღიდან რა დრო არის გასული.
- კანონი არ ავალდებულებს ყველა მემკვიდრეს, ერთდროულად ან ცალ-ცალკე მიმართოს ნოტარიუსს იმისთვის, რომ სამკვიდრო საქმე გაიხსნას. საკმარისია ერთ-ერთმა მემკვიდრემ განცხადებით მიმართოს ნებისმიერ ნოტარიუსს - ამის შემდეგ სწორედ ის ნოტარიუსი, ვისაც პირველი განცხადება წარედგინა, აგრძელებს და ასრულებს მთელ სამკვიდრო საქმეს, მიუხედავად იმისა, თუ სად შეიძლებოდა სხვა მემკვიდრეს ცალკე მიემართა. საქმის სხვა ნოტარიუსთან გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში (მაგალითად, თუ პირველი ნოტარიუსის უფლებამოსილება შეწყდა). მემკვიდრეობის მიღების ზოგადი ვადაა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვე - ამ ვადაში მემკვიდრემ უნდა გამოხატოს ნება, მიიღოს სამკვიდრო. მნიშვნელოვანია, რომ ამ ექვსი თვის განმავლობაში ნოტარიუსთან პირადი განცხადების შეუტანლობა ავტომატურად არ ნიშნავს მემკვიდრეობის უფლების დაკარგვას - თუ მემკვიდრე ამ ვადაში ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო ქონებას (მაგალითად, ცხოვრობს სახლში, უვლის მას, იხდის მასთან დაკავშირებულ გადასახადებს), ეს ითვლება მემკვიდრეობის მიღების ალტერნატიულ, თანაბარძალის მქონე საფუძვლად, რომელიც შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტებით დასტურდება ნოტარიუსთან მიმართვისას, თუნდაც ეს მიმართვა ექვსი თვის შემდეგ მოხდეს. როცა მემკვიდრეებს შორის დავა არ არსებობს, ეს ძალიან კარგია, ამიტომ ერთ-ერთმა მემკვიდრემ (ან ყველა მემკვიდრის მიერ სათანადოდ დამოწმებული მინდობილობის მქონე ერთმა წარმომადგენელმა წარადგინოს განცხადება და დაიწყოს სამკვიდრო საქმის წარმოება, ხოლო დანარჩენმა მემკვიდრეებმა შემდგომ, სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე, პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით იმავე ნოტარიუსთან დაადასტურონ საკუთარი თანხმობა მემკვიდრეობის მიღებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ერთდროული ერთობლივი მიმართვა სავალდებულო არ არის, გირჩევთ, რომ საბოლოოდ ყველა მემკვიდრემ ფორმალურად დაადასტუროს თანხმობა ნოტარიუსთან სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე - ეს გამორიცხავს მომავალში წილებთან დაკავშირებული გაუგებრობის რისკს.