ხელოვნური ინტელექტი - შესაძლებლობა თუ საფრთხე? - კვირის პალიტრა

ხელოვნური ინტელექტი - შესაძლებლობა თუ საფრთხე?

რამდენიმე წლის წინ თითქოს მარტივი იყო კითხვა - წიგნი თუ კომპიუტერი? ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ეს დილემა არ გამქრალა, თუმცა შეიძლება ითქვას, დღეს ის ბევრად უფრო რთულმა კითხვამ ჩაანაცვლა: ხელოვნური ინტელექტი - შესაძლებლობა თუ საფრთხე? ხელოვნური ინტელექტი დღეს ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. წერს ტექსტებს, აანალიზებს მონაცემებს, ეხმარება პროგრამისტებს კოდის დაწერაში, მონაწილეობს სამეცნიერო კვლევებში და სულ უფრო მეტ სფეროში ასრულებს იმ ამოცანებს, რომლებიც აქამდე მხოლოდ ადამიანის ინტელექტთან ასოცირდებოდა. თუმცა, რა მოხდება, თუკი AI-ის მოწინავე სისტემები იმდენად გაძლიერდება, რომ მათი ქცევის სრულად გაკონტროლება ადამიანებისთვის რთული გახდება?

"ხელოვნურმა ინტელექტმა მიაღწია იმ ეტაპს, როდესაც AI თავად ქმნის უკეთეს AI-ს. ამას რეკურსიული თვითგანვითარება ეწოდება... თუ რამეს არ ვიღონებთ, ის კონტროლიდან გამოვა. ჩვენ განვითარების ტემპი უნდა შევანელოთ", - განაცხადა მეცნიერმა, ხელოვნური ინტელექტის ნათლიად წოდებულმა ჯეფრი ჰინტონმა ჟურნალისტებთან.

შეძლებს თუ არა ადამიანი მომავალშიც შეინარჩუნოს კონტროლი იმ ტექნოლოგიაზე, რომელსაც თავად ქმნის? ბოლო პერიოდში ერთ-ერთ გახმაურებულ შემთხვევაზე საუბრისას ცნობილი გახდა, რომ ხელოვნური ინტელექტის აგენტების ჯგუფმა ინტერნეტში წვდომა მოიპოვა, სხვა პლატფორმაზე შეაღწია და საკუთარი მოქმედებების კვალის დამალვაც სცადა. ჰინტონმა ამ შემთხვევას "პატარა ჩერნობილი" უწოდა. ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს Aნტჰროპიც-ის, ერთ-ერთი წამყვანი AI-კომპანიის მკვლევარის მიერ სამსახურის საჯაროდ დატოვებაც იმის გამო, რომ შიშობდა, ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობის განადგურებისკენ მიმავალ გზაზე არ აღმოჩენილიყო. თუმცა, მეორე მხრივ, ხელოვნური ინტელექტის მხარდამჭერები მიუთითებენ მის პოტენციალზე, ახალი ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიების შექმნაზე. სწორედ ამიტომ, AI-ის განვითარების შეჩერება ან მკვეთრი შენელება მარტივი გადაწყვეტილება არ არის, მით უფრო მაშინ, როდესაც აშშ და ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის სფეროში გლობალური ლიდერობისთვის კონკურენციას განაგრძობენ და ორივე მხარე შიშობს, განვითარების ტემპის შემცირებამ მეორეს უპირატესობა არ მისცეს.

ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე, რისკებზე, AI-აგენტებზე, განათლებასა და შრომის ბაზრის მომავალზე კითხვებით Fუტურე Lაბორატორყ-ის დამფუძნებელ ირაკლი ქაშიბაძეს მივმართეთ.

- ხელოვნური ინტელექტი ძალიან სწრაფად ვითარდება. რა შეიცვალა AI-ის შესაძლებლობებში ბოლო ერთი წლის განმავლობაში?

- უშუალოდ გენერაციულ მოდელებზე დაფუძნებული AI -ის შემთხვევაში, არქიტექტურულად არსებითი ცვლილებები ნაკლებადაა, თუმცა ხარისხობრივად მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს - წარმოდგენილი ფაქტები და ჩამოყალიბებული ტექსტები მაღალი ხარისხისაა და წინა მოდელებთან შედარებით ბევრად სანდოა. თუმცა დღევანდელ დიდ ენობრივ მოდელებზე (LLM) დაფუძნებულ სისტემებში კვლავ არის მთავარი გამოწვევა: თითოეული ეს სისტემა „"შავ ყუთს" წარმოადგენს, სადაც დაზღვეული არა ხარ, რომ დასმულ კითხვაზე ჰალუცინაციის გამო არასწორი ან მცდარი პასუხი არ მიიღო - განსაკუთრებით მაშინ, თუ ახალ კონცეფციებზე მუშაობ ან ისეთ საკითხზე ეკითხები, რაც მოდელის წინასწარი წვრთნის ეტაპზე არ ფიგურირებდა.

- დღეს უკვე საუბრობენ ე.წ. AI-აგენტებზე - სისტემებზე, რომლებიც ადამიანის დავალების მიღების შემდეგ დამოუკიდებლად ასრულებენ მოქმედებათა მთელ ჯაჭვს. რით განსხვავდება ეს ჩვეულებრივი ჩატბოტისგან, რა არის ასეთი აგენტების უდიდესი შესაძლებლობა და, პირიქით, რა არის მთავარი რისკი, როდესაც ხელოვნურ ინტელექტს მეტი ავტონომია ეძლევა?

- ჩატბოტი არ არის პროაქტიული სისტემა - ის მხოლოდ დასმულ კითხვაზე გვაძლევს პასუხს. აგენტების შემთხვევაში კი წინასწარ განსაზღვრული წესებისა და ინსტრუქციების მიხედვით ხელოვნური ინტელექტი თავად ახდენს ავტომატიზებულ ქმედებებს, სადაც მანამდე ადამიანის უშუალო ჩართულობა იყო საჭირო. ყველაზე დიდ რისკს ისევ AI-მოდელების ჰალუცინაციები და დავალების მცდარი ინტერპრეტაცია წარმოადგენს, რამაც შესაძლოა ავტომატიზაციის პროცესი არიოს. დ ამიტომ საბანკო სფეროში, მედიცინასა და სხვა სენსიტიურ დარგებში LLM-ზე დაფუძნებული აგენტების გამოყენება ჯერ კიდევ მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული.

- რამდენად რეალურია იმის საფრთხე, რომ AI-მ ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს ან მოქმედება შეასრულოს, რაც მის შემქმნელებს წინასწარ არ ჰქონიათ გათვალისწინებული?

- ხელოვნურ ინტელექტს ახასიათებს ინტერპრეტაციის უნარი, ამიტომ ასეთი სცენარი "შეგნებულად" ხდება თუ უბრალოდ LLM-ების სპეციფიკიდან გამომდინარეობს, სადაც მილიარდობითა და ტრილიონობით პარამეტრია ჩადებული - სწორედ ამ პარამეტრების გათვალისწინებით ფორმირდება პასუხი თუ ქმედება. შესაბამისად, დღევანდელ LLM სისტემებში მკაცრად დეტერმინირებული (წინასწარ ზუსტად განსაზღვრული) ქცევა ჯერ მიღწეული არ არის.

- უცხოური გამოცემები იუწყებიან, რომ Anthropic-ის, OpenAI-ისა და Google-ის ლიდერები AI-ის განვითარების ტემპის შეზღუდვასა და უსაფრთხოების ახალი ორგანოს შექმნის იდეას განიხილავდნენ.

- დღევანდელი AI-სისტემები ჯერ კიდევ ძალზე შორს დგას ადამიანის ტვინის შესაძლებლობებისგან. AI-ის განვითარების შენელებით შეფერხდება არსებული პრობლემების მოგვარებაც, რაც სწორედ AI-ის სანდოობის ამაღლებას ეხება. აქ საუბარი არ არის მისტიკურ სუპერინტელექტზე - საუბარია იმ პრიმიტიულ შეცდომებზე, რომლებსაც AI ჯერ კიდევ უშვებს. მაგალითად, თუ აღმოაჩინეთ, რომ თქვენს კითხვაზე არასწორი პასუხი გასცა, შეგიძლიათ შეასწოროთ და სთხოვოთ, ეს აღარ გაიმეოროს. ის დაგეთანხმებათ, მაგრამ მომდევნო ჯერზე შესაძლოა ისევ იგივე შეცდომა დაუშვას. ეს არის დღევანდელი AI-ის სპეციფიკა.

- გლობალური AI მიღწევების და გამოყენების მხრივ, რა ნიშა უჭირავთ აშშ-ს, ჩინეთს, ევროპას და სად არის საქართველო?

- დღეს ამ მიმართულებით ყველაზე დაწინაურებული აშშ-ია, რომელსაც ჩინეთი და სხვა ქვეყნები მოსდევს. სამეცნიერო თვალსაზრისით, ეს ტექნოლოგიები იმ მკვლევრებმა განავითარეს, რომლებიც ემიგრაციის შედეგად ამერიკაში მოხვდნენ. მათ თავიანთი უნიკალური კვლევები ჩაიტანეს, დააკავშირეს სხვა არსებულ მიღწევებთან და მნიშვნელოვანი აღმოჩენები გააკეთეს.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ვართ. მაგალითად, Future Laboratory-მ შექმნა ხელოვნური ინტელექტის ინოვაციების ლაბორატორია, სადაც ამ მიმართულებით კვლევასა და განვითარებაზე იმუშავებენ. აქტიურობენ უნივერსიტეტებიც - მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტი და BTU. არსებობს სხვა კერძო ინიციატივებიც.

- დღეს სტუდენტს შეუძლია ნაშრომის, პრეზენტაციის ან კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი AI-ს დააწერინოს...

- AI-ს შეუძლია ნაშრომის დაწერა, თუმცა დაზღვეულები არა ვართ, რომ მასში შეცდომები არ იქნება. მნიშვნელოვნად აჩქარებს კვლევის პროცესს, მაგრამ მიღებული მასალის გადამოწმება აუცილებელია. მთავარია, ვისწავლოთ ხელოვნური ინტელექტის სწორად გამოყენება.

- პროფესიები გაქრება თუ პროფესიების შინაარსი შეიცვლება.

- გარკვეული პროფესიები ნამდვილად გაქრება. შესაბამისად, მზად უნდა ვიყოთ ახალი პროფესიების ასათვისებლად ან ხელოვნური ინტელექტის ეფექტურად გამოყენებით დამატებითი კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად.

მარიამ ბუკია