20 მინისტრი, 5 ციხეში, 1 ძებნაში - საქართველოს  თავდაცვის მინისტრების თავგადასავალი - კვირის პალიტრა

20 მინისტრი, 5 ციხეში, 1 ძებნაში - საქართველოს  თავდაცვის მინისტრების თავგადასავალი

რამდენიმე ნომრის წინ თქვენი მონა-მორჩილი წერდა, რომ საქართველოში პრემიერმინისტრობა "დაწყევლილი" თანამდებობაა. თუმცა მას არც თავდაცვისმინისტრობა ჩამოუვარდება. კერძოდ, ამ დროისთვის რუსთავის ციხეში 5 ყოფილი თავდაცვის მინისტრი ზის: ირაკლი ღარიბაშვილი, ჯუანშერ ბურჭულაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, გია ბარამიძე და ბაჩო ახალაია. კიდევ ერთ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს, დაუსწრებლად აქვს მისჯილი 5-წლიანი პატიმრობა 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე. დაკავებულ-მისჯილთა რიცხვი (თუ გავიხსენებთ, რომ თავის დროზე კიდევ ერთი ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თენგიზ კიტოვანი იჯდა) შთამბეჭდავია - თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან სულ 20 თავდაცვის მინისტრი გვყავდა.

რა პრეტენზიები აქვთ "ზვიადისტებს" პირველ თავდაცვის მინისტრთან?!

თანამედროვე საქართველოში ბევრს რატომღაც ჰგონია, რომ ქვეყნის პირველი თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი იყო. არა, კიტოვანი იყო ეროვნული გვარდიის პირველი სარდალი. თავდაცვის სამინისტრო პრეზიდენტმა გამსახურდიამ შექმნა 1991 წლის 9 სექტემბერს (მაშინ კიტოვანი უკვე ამბოხებული იყო) და ქვეყნის პირველი თავდაცვის მინისტრი 1991 წლის 15 სექტემბერს გახდა ჯონი ფირცხალაიშვილი - სსრკ-ის არმიის საკადრო ოფიცერი, მაგრამ ქართველი და პატრიოტი კაცი. ალბათ, მტერს არ უსურვებს ადამიანი, რასაც ფირცხალაიშვილი შეეჯახა. 1991 წლის 22 დეკემბერს თბილისში ძმათამკვლელი ომი დაიწყო. გამსახურდიას მომხრეები ფირცხალაიშვილს საყვედურობენ, რომ სწორედ მისმა შეცდომებმა განაპირობა კანონიერი ხელისუფლების შეიარაღებული ნაწილების მარცხი. სხვათა შორის, ჯაბა იოსელიანი თავის წიგნში "სამი განზომილება" წერს, შეტაკებების დროს დადგა პერიოდი, როდესაც ჩვენ ძალა აღარ გვქონდა, გამსახურდიას კი მთავრობის სახლში (დღევანდელი პარლამენტი) სამი ათასი გვარდიელი ჰყავდა და შეტევაზე რომ გადმოსულიყვნენ, დამთავრებული იქნებოდა ყველაფერიო... თუმცა ეს სხვა სტატიის თემაა.მოკლედ, ფირცხალაიშვილის თავდაცვისმინისტრობა 1991 წლის 2 იანვარს დამთავრდა (6 იანვარს გამსახურდია წავიდა თბილისიდან). თუმცა ფირცხალაიშვილმა გააგრძელა ქართულ სამხედრო სტრუქტურებში მუშაობა: შევარდნაძის ხელისუფლების დროს იყო სახმელეთო ჯარების სარდალი, გენშტაბის უფროსი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

2 იანვარსვე დე ფაქტო ხელისუფლებამ ანუ სამხედრო საბჭომ თავდაცვის მინისტრად დანიშნა ლევან შარაშენიძე - ასევე, სსრკ-ის არმიის სკოლაგამოვლილი კადრი (თუმცა უფრო "ზამპოლიტობის" მიმართულებით). შარაშენიძე 1992 წლის 8 მაისს გადადგა.

რა დაგვმართა "ბატიამ"?!

8 მაისსვე თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა თენგიზ კიტოვანი და მოვალეობის შემსრულებლადვე დარჩა. დიახ, შევარდნაძემ არ აღირსა მას "პირდაპირ" მინისტრის პოსტი. "ბატიას" (ასე ეძახდნენ ჯარისკაცები) ცხოვრება თრილერია. პროფესიით მოქანდაკე, გამსახურდიას სკოლის მეგობარი კიტოვანი ერთხელ უკვე იჯდა გასული საუკუნის 70-იან წლებში (არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმისთვის). სკოლის მეგობარმა გამსახურდიამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ის გვარდიის სარდლად დანიშნა. "ბატია" მეგობარს აუმბოხდა და დაამხო. 90-იანი წლების უბედურების ერთ-ერთი შემოქმედი სწორედ კიტოვანია. ის აფხაზეთში თვითნებურად შევიდა და ედუარდ შევარდნაძის ნებართვის გარეშე (ამას ადასტურებდა როგორც თავად შევარდნაძე, ისე არაერთი წყარო), რითაც ასრულდა რუსეთის მიზანი, დაიწყო ომი, იყო საშინელი მარცხი, ათასობით დაღუპული და სამასი ათასი დევნილი. აფხაზეთში მებრძოლების თქმით, ომისას კიტოვანი სულ რამდენჯერმე გამოჩნდა ამ რეგიონში... 1993 წლის 5 მაისს შევარდნაძემ კიტოვანი მოხსნა, თუმცა ამით არ მთავრდება ისტორია. 1995 წლის 13 იანვარს კიტოვანი 700-მდე მსუბუქად შეიარაღებულ კაცთან ერთად თბილისიდან აფხაზეთისკენ დაიძრა - უნდა დავიბრუნოო. ზესტაფონთან იგორ გიორგაძის სპეცრაზმმა "ომეგამ" განაიარაღა ეს დაჯგუფება. თავად კიტოვანს 1996 წელს 8-წლიანი ციხე მიუსაჯეს, თუმცა შევარდნაძემ 1999 წელს შეიწყალა. ამის შემდეგ ის საზოგადოების წინაშე მხოლოდ ინტერვიუების დონეზე ჩნდებოდა. გარდაიცვალა 2023 წლის 13 ნოემბერს, 85 წლის ასაკში.

წინა ხაზზე მებრძოლი მინისტრი

1993 წლის 6 მაისს საქართველოს თავდაცვის მინისტრად გია ყარყარაშვილი დაინიშნა. ის იყო თავდაცვის მინისტრი, რომელიც პირადად იბრძოდა ფრონტის წინა ხაზზე და ჯანმრთელობა სამშობლოს შესწირა. ის სამოქალაქო ომშიც მონაწილეობდა და მიიჩნევს, რომ ეს იყო უზარმაზარი ქართული ტრაგედია. ყარყარაშვილმა 1994 წლის 11 თებერვალს დატოვა თავდაცვის მინისტრის პოსტი. ერთი ვერსიით, მისი კანდიდატურა არც შევარდნაძეს აწყობდა და არც რუსეთს (აფხაზეთში მარცხის შემდეგ შევარდნაძე იმის იმედით, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს მოაგვარებდა, მოსკოვს ჩაეხუტა). ყარყარაშვილი 1994-1995 წლებში იყო რუსეთის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის მსმენელი (მაშინ სამხედრო განათლების მიღების სხვა გზა არ არსებოდა. მეორეც - მაშინდელი რუსეთი აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას). 1995 წელს მოსკოვში ყარყარაშვილზე თავდასხმა მოხდა და ის მძიმედ დაშავდა. ოფიციალურად შემკვეთის ვინაობა დღემდე უცნობია. შემდგომ წლებში ყარყარაშვილი იყო საქართველოს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის წევრი. 2009 წელს გამოცემულ წიგნში "ეს ჩვენი სამშობლო იწვის", ყარყარაშვილმა გააანალიზა ის შეცდომები, რამაც აგვისტოს ომში მძიმე მარცხი განაპირობა. ახლახან გამოცემულ წიგნში "სამშობლოს ამარა" კარგად არის წარმოჩენილი იმ უბედურების მიზეზი და შედეგი, რაც საქართველომ გადაიტანა შიდააშლილობისა და დაპირისპირების გადამკიდე.

რატომ ხტებოდა ვერტმფრენიდან ვარდიკო ნადიბაიძე

1994 წლის 17 აპრილიდან 1998 წლის 27 აპრილამდე გვყავდა პირველი თავდაცვის მინისტრი, რომელმაც ქართული არ იცოდა - ვარდიკო ნადიბაიძე. ის ამ თანამდებობაზე გადმოიყვანეს ამიერკავკასიაში სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მოადგილეობიდან. მარტივად რომ ვთქვათ, მოსკოვმა უთხრა შევარდნაძეს, თუ ვინ სურდა თავდაცვის მინისტრად. თუმცა თავად ნადიბაიძე მონდომებული იყო. კი ბატონო, შლოპანცებიანი, მშიერი, მაგრამ ქართული ჯარი ნელ-ნელა ჯარს დაემსგავსა და არა წვერმოშვებული მებრძოლებით დაკომპლექტებულ შეიარაღებულ ფორმირებას. თავად ნადიბაიძეზე ასეთ ისტორიას იხსენებენ: საქართველოში რუსეთის თავდაცვის მინისტრს ნადიბაიძე მასპინძლობდა და ვერტმფრენით მიფრინავდნენ სადღაც. რუსმა მინისტრმა უარი განაცხადა შეხვედროდა დევნილებს, რომლებიც ენგურის ხიდთან აქციას მართავდნენ. მაშინ ნადიბაიძეს უთქვამს, თუ არ შეხვდები, ვერტმფრენიდან გადავხტებიო.

"რაგატკები" ვესროლო რუსებს"?!

1998 წლის 27 აპრილს თავდაცვის მინისტრად დავით თევზაძე დაინიშნა. ამით პირდაპირი რუსული "ხაზი" ჩაიხსნა თავდაცვის სამინისტროდან. თევზაძე მაშინვე ცეცხლში აღმოჩნდა. კერძოდ, 1998 წლის 9 მაისს გალში ქართველმა პარტიზანებმა და ადგილობრივებმა პოლიტიკური დატვირთვის მქონე მარულა გამართეს. მას ესწრებოდნენ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები. პარტიზანებმა გალის ქვედა ზონის სოფლებზე კონტროლი მოიპოვეს. საპასუხოდ, აფხაზთა ფორმირებებმა გალის სოფლების გადაწვა და მოსახლეობის დახოცვა დაიწყეს. ხალხი მეორედ იქცა დევნილად. ქართული ჯარი ენგურს იყო მიმდგარი, მაგრამ... არ შევიდა. ერთი ვერსიით, შევარდნაძემ გადაიფიქრა, რადგან ევგენი პრიმაკოვმა დაურეკა მოსკოვიდან და დაემუქრა, "საზღვარს" ქუთაისთან გავავლებთო. მეორე ვერსიით, შევარდნაძეს თავად თევზაძემ გადააფიქრებინა, როდესაც უთხრა, რომ ჯარს მხოლოდ ექვსი დღის სამყოფი საბრძოლო მასალა ჰქონდა. მესამე ვერსიით, შევარდნაძემ უბრძანა თევზაძეს შესვლა, მაგრამ თევზაძემ ოფიციალური ბრძანების დაწერა მოსთხოვა (რომ მერე მეორე პრეზიდენტს არ ეთქვა, მე არ ვიცოდი, რომ თევზაძე იქ შესვლას აპირებდაო), შევარდნაძემ კი ბრძანება არ დაწერა.

2001 წლის მაისში მუხროვანის სატანკო ნაწილი ამბოხდა - მიზეზად მძიმე სოციალური პირობები დასახელდა. მაშინდელი ხელისუფლების ვერსიით კი ეს ამბავი საეჭვოდ დაემთხვა იმას, რომ ნატოს ეგიდით პირველი წვრთნები უნდა ჩატარებულიყო. თევზაძემ კოჯრის სპეცრაზმი გამოიძახა და ამბოხებულებს ულტიმატუმი წაუყენა, დაგვნებდითო. თუმცა შევარდნაძემ დიპლომატია გამოიჩინა, ამბოხების ხელმძღვანელები საზღვარგარეთ გაუშვა სასწავლებლად და სამხედრო ატაშეებად და ეს ამბავი ჩაცხრა. თუმცა 2002 წლის გაზაფხულზე უკვე ზემოხსენებული კოჯრის სპეცრაზმი ამბოხდა - ოღონდ "ინტელიგენტურად". მეთაურებმა პრესკონფერენცია გამართეს, მძიმე სოციალურ პირობებზე ისაუბრეს, დემონსტრაციულად გაიხადეს ფორმა და სამხედრო ნაწილი დატოვეს. სხვათა შორის, დავით თევზაძეს (თუმცა მთავარი როლი მაინც შევარდნაძემ შეასრულა) დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ 2003 წლის ნოემბრის "ვარდების რევოლუცია" დიდი უბედურებით არ დამთავრდა. მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობა დაიკავეს, თავდაცვის სამინისტრომ მტკიცედ დააფიქსირა პოზიცია, რომ ის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას არ აპირებდა. ესეც შევარდნაძის ხელისუფლების ჩამოშლის ერთ-ერთი ფაქტორი გახდა. ასევე, დავით თევზაძე პიონერი იყო იმაში, რომ ქართულმა ჯარმა ნატოს სტანდარტებზე გადაწყობა დაიწყო. ისე, რა დღეშიც იყო ქართული ჯარი, მაშინდელი თავდაცვის მინისტრის ფრაზაც მეტყველებს - "რა ვქნა, "რაგატკებით" ჩამოვაგდო რუსული თვითმფრინავებიო?!" (რუსებმა 2001 წელს პანკისის ხეობა დაბომბეს). თევზაძემ მინისტრის პოსტი 2004 წლის 17 თებერვალს დატოვა.

"თქვენი მოგებული ომის დედა ვატირე"

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელი­სუფლების პირველ წლებში იყვნენ რამდენიმეთვიანი თავდაცვის მინისტრები: გელა ბეჟუაშვილი (2004 წლის 17 თებერვალი - 2004 წლის 10 ივნისი) და აწ "სამშობლოს ღალატის" მუხლით ბრალდებული, "ტყვეების დახვრეტაზე" სკანდალური განცხადებების ავტორი გია ბარამიძე (2004 წლის 10 ივნისი - 2004 წლის 17 დეკემბერი). ბარამიძის პერიოდს ემთხვევა ცხინვალის რეგიონში 2004 წლის ივლის-აგვისტოს ესკალაცია. თუმცა აგვისტოს შუა რიცხვებში მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა. არადა, რუსული ჯარები უკვე როკის გვირაბს იყვნენ მომდგარი.

2004 წლის 17 დეკემბერს თავდაცვის მინისტრად დაინიშნა ირაკლი ოქრუაშვილი (ამჟამად იმყოფება რუსთავის ციხეში, 5-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ბუტა რობაქიძის საქმეზე), რომელიც ჯარისკაცებთან ერთად დარბოდა კამერების წინ და უყვიროდა, თქვენი მოგებული ომის დედა მ....ნო. სინამდვილეში, სააკაშვილის შემდეგ ოქრუაშვილი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო. სწორედ მის დროს დაიწყო შეიარაღების სწრაფი ტემპითა და დიდი რაოდენობით შესყიდვა (თუმცა ეს ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და არა ოქრუაშვილის პირადი დამსახურება). მეორე მხრივ, სამხედრო სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სწორედ ბარამიძისა და ოქრუაშვილის დროს დაიწყო ჯარიდან პროფესიონალების, ომებგამოვლილი ხალხის გაყრა და მათი გამოუცდელი, მაგრამ "სანდო" კადრებით ჩანაცვლება. ოქრუაშვილი მონაწილეობდა 2006 წელს კოდორში ჩატარებულ ოპერაციაში (ბატალიონ "მონადირის" წინააღმდეგ). თუმცა თავდაცვის მინისტრი ტელეეთერებში უფრო მაგრად "ისროდა", ვიდრე ფრონტის ხაზზე. კერძოდ, 2006 წლის მაისში მან ერთ-ერთ ტელეეთერში განაცხადა, ახალ წელს ცხინვალში შევხვდებითო. წლის ბოლომდე თავდაცვის მინისტრის რანგში ოქრუაშვილმა ვერ მიაღწია. 2006 წლის ნოემბერში სააკაშვილმა ის მოხსნა (ჩათვალა, რომ ოქრუაშვილი შესაძლოა მისთვის უკვე სახიფათო გამხდარიყო) და ეკონომიკის მინისტრად გადაიყვანა. ოქრუაშვილმა პატარა პაუზა გააკეთა და ეს თანამდებობაც დატოვა. 2007 წლის შემოდგომაზე "მეორედ მოსვლა" დაიწყო - 25 სექტემბერს "იმედის" ეთერში ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას უკვეთდა. 27 სექტემბერს ოქრუაშვილი დააკავეს გამოძალვისა და ფულის გათეთრების ბრალდებით, ოქტომბრის დამდეგს კი გავრცელდა ვიდეო, სადაც ოქრუაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილს ყველაფერი მოუგონა. ოქრუაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და 1-ლ ნოემბერს საფრანგეთში წავიდა/დაადეპორტეს. 5 ნოემბერს ისევ "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ "აღიარება" ზეწოლით ჩააწერინეს... შემდეგ იყო პოლიტიკური აქტივობები "ხან იქით", "ხან აქეთ", პატარ-პატარა დაკავებები. თუმცა ფაქტია - პოლიტიკური კარიერა ოქრუაშვილმა ამ "აღიარებით" დაასრულა.

"კეზერა" - ცალი კალოშიდან მილიონერობამდე

2006 წლის 10 ნოემბერს თავდაცვის მინისტრად დავით კეზერაშვილი დაინიშნა. "კეზერა" ყველაზე გავლენიანი ფიგურების ოთხეულში შედიოდა და კოლეგებთან ერთად ბიზნესრეკეტის სახელისუფლებო-მაფიოზური სქემის არქიტექტორი იყო. სქემა მარტივი ჰქონდათ - ბიზნესმენს სთხოვდნენ ქონების/წილების დათმობას (უმრავლეს შემთხვევაში, თავად "კეზერა" ხვდებოდა), უარის თქმის შემთხვევაში მუქარა, მერე დაჭერა და გლდანის ციხეში ქონების გადაფორმება. ისიც მრავლისმეტყველია, რომ ხელისუფლებაში კეზერაშვილი მართლაც ცალი კალოშით მივიდა და 2010 წელს ქვეყანას უკვე ოფიციალური მილიონერის რანგში გამოეცხადა. ეს არც არის გასაკვირი - მაშინდელი ხელისუფლების თითოეული წამოწყების უკან, რომლის მიზანი "მოუთვინიერებელი" ბიზნესის ჩაკვლა და მონოპოლიური გარემოს შექმნა იყო, "კეზერა" იდგა. კიდევ ერთი კითხვა, რაც საზოგადოების დიდ ნაწილს "კეზერასთან" აქვს, ეხება ჯარს, იარაღის შესყიდვებს, მის ხარისხს, "ტყდებოდა" თუ არა დიდი ფული და როგორ მოხდა, რომ რუსებმა საქართველოდან აგვისტოს ომისას გაზიდეს 60-ზე მეტი ტანკი, ასზე მეტი სხვა ჯავშანტექნიკა და უამრავი სახეობის შეიარაღება. აგვისტოს ომი ცალკე თემაა და მასზე საუბარს აღარ გავაგრძელებთ. მოკლედ ვიტყვით - საგამოძიებო კომისიაზე ქართველი გენერლების ჩვენებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რა ქაოსი სუფევდა ჯარში. 2008 წლის 9 დეკემბერს კეზერაშვილი გადადგა, თუმცა მაინც დარჩა სააკაშვილის ერთგულ "ჯარისკაცად" - ხან "ნაცმოძრაობის" "ობშჩიაკს" პატრონობდა, ხან ტელევიზიებს ხსნიდა და ა.შ.

მუხროვანის ამბოხი, ახალაიას მისია და რადიკალურად პროფილშეცვლილი შაშკინი

"კეზერა" თავდაცვის მინისტრის პოსტზე ფსიქიატრმა, შემდგომში დიპლომატმა ვასილ სიხარულიძემ შეცვალა. 2009 წლის მაისში მუხროვანში კიდევ ერთხელ ამბოხდა სატანკო ბატალიონი. მოტივი ბუნდოვანი იყო - "ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები". სააკაშვილის ხელისუფლებამ ხისტად იმოქმედა. მეთაურები დააპატიმრეს, პოლკოვნიკი გია კრიალაშვილი კი 2009 წლის 20 მაისს სპეცოპერაციისას მოკლეს. სიხარულიძე თანამდებობიდან 2009 წლის 27 აგვისტოს წავიდა.

თავდაცვის მინისტრად დაინიშნა ბაჩო ახალაია. ბედის ირონიით, მან კარიერა სახალხო დამცველის მოადგილედ დაიწყო... სააკაშვილმა ჩათვალა, რომ მუხროვანის ამბავი ცუდი სიმპტომი იყო და დანიშნა პირი, რომელსაც "მკაცრი ხელით" (თავად სააკაშვილის ნათქვამია) უნდა დაელაგებინა იქაურობა. მან თანამდებობა 2012 წლის 4 ივლისს დატოვა. ის 2012 წელსვე, "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს (2006 წლის ციხის ამბოხის საქმე, სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებული ეპიზოდი, პატიმრების წამებისა და სერგო თეთრაძის საქმეები). ციხე 2022 წლის 1-ლ მარტს დატოვა, 2026 წლის ზაფხულში ისევ გისოსებს მიღმა აღმოჩნდა - ხელისუფლების დამხობის საქმეზე 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

ბაჩო ახალაია 2012 წლის 4 ივლისს დიმიტრი შაშკინმა შეცვალა, რომელიც სამხედრო უწყებაში განათლების სამინისტროდან გადაიყვანეს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შაშკინი 2012 წლის 25 ოქტომბერს ირაკლი ალასანიამ შეცვალა - სხვათა შორის, პოლკოვნიკის წოდება აქვს.

"მისტრალების" სკანდალი და ე.წ. კაბელების საქმე

ალასანიას თავზე ცა 2013 წლის იანვარში მოიღრუბლა. 23 იანვარს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ის ვიცეპრემიერობიდან გადააყენა - ოფიციალური ვერსიით, იმიტომ, რომ ჯარისთვის მეტი ყურადღება დაეთმო. არაოფიციალურად კი - საპრეზიდენტო კანდიდატებს (ასეთად წარმოედგინა საკუთარი თავი ალასანიას) ივანიშვილის ზურგს უკან განიხილავდნენ. 2014 წელს ალასანიამ საფრანგეთში ვიზიტისას ხელი მოაწერა შეთანხმებას საჰაერო თავდაცვის სისტემების "მისტრალის" ყიდვის შესახებ. არაოფიციალური ინფორმაციით, მას თბილისიდან დაუკავშირდნენ და ხელშეკრულების გაფორმების გადადება მოსთხოვეს. 2014 წლის 28 ოქტომბერს პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის გაფლანგვისთვის დააკავა. 2014 წლის 4 ნოემბერს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ალასანია თავდაცვის მინისტრობიდან გადააყენა. ალასანია პოლიტიკიდან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წავიდა.

რისი რცხვენოდა ჯუანშერ ბურჭულაძეს?!

შემდეგ განსაკუთრებული არაფერი: იურისტი და პოლიგლოტი მინდია ჯანელიძე თავდაცვის სამინისტროს 2015 წლის 1-ლ მაისამდე ხელმძღვანელობდა. მერე ვნახეთ საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი - თინა ხიდაშელი პოსტს 2016 წლის 1-ლ აგვისტომდე იკავებდა. თანამდებობა დატოვა იმ მოტივით, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად გადაწყვიტა. 2016 წლის 1-ლი აგვისტოდან 2019 წლის 8 სექტემბრამდე თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია იყო. შემდეგ პოლიტიკაში მობრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი დაინიშნა (იმყოფება რუსთავის ციხეში ფულის გათეთრების ბრალდებით), რომელიც მინისტრის პოსტზე 2021 წლის 22 თებერვალს ჯუანშერ ბურჭულაძემ შეცვალა (იმყოფება რუსთავის ციხეში კორუფციის ბრალდებით. ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით სასჯელი შეიმსუბუქა).

ბანკირი ჯუანშერ ბურჭულაძე როცა მინისტრად დაინიშნა, იმით იყო ცნობილი, რომ რვა შვილი ჰყავდა. შემდეგ უკვე მედია მოიარა სასამართლოზე წარმოთქმულმა მისმა მონოლოგებმა, რომ ფული ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ გაჭირვებული ხალხის რცხვენოდა, ჯიპით შუქნიშანზე რომ ჩერდებოდა, სირცხვილისგან თავს ხრიდა. 2024 წლის 8 თებერვალს ბურჭულაძე მინისტრის პოსტზე ირაკლი ჩიქოვანმა შეცვალა და დღემდე ინარჩუნებს თანამდებობას. ოფიციალური ინფორმაციით, ქართული ჯარი აღორძინების გზაზეა, თუმცა სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თანამედროვე გამოწვევებთან მზადყოფნისთვის ძალიან ცოტა რამ კეთდება.

გიორგი კვიტაშვილი