გალელი ქართველების „გააფხაზების“ ახალი გეგმა - აფხაზეთში ქართული გვარების „გადაკეთებას“ კანონით აპირებენ - კვირის პალიტრა

გალელი ქართველების „გააფხაზების“ ახალი გეგმა - აფხაზეთში ქართული გვარების „გადაკეთებას“ კანონით აპირებენ

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გალის რაიონის ქართველი მოსახლეობის "გააფხაზებას" გეგმავს - დე ფაქტო პარლამენტში განსახილველად შეტანილია ცვლილება, რომელიც გალის მოსახლეობას ქართული გვარების აფხაზურად გადაკეთებისა და ეროვნების "აფხაზად" დაფიქსირების შესაძლებლობას სთავაზობს, რასაც შემდგომ დე ფაქტო მოქალაქეობის მიღებაც მოჰყვება.

ცვლილება უნდა შევიდეს "სამოქალაქო სტატუსის შესახებ" დე ფაქტო კანონში. პროექტში ნათქვამია, რომ "აფხაზური ეროვნებისა და გვარის აღდგენის უფლება მიეცემა იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ აფხაზეთში, ეთნიკური აფხაზები არიან, ან იმ ადამიანების პირდაპირი შთამომავლები, რომლებმაც XIX-XX საუკუნეებში გატარებული ანტიაფხაზური ეროვნული პოლიტიკის შედეგად დაკარგეს აფხაზური ეროვნება".

"კანონპროექტი" ე.წ. სამართლებრივ კომიტეტში უკვე მოიწონეს და მისი განხილვა უახლოეს პერიოდში დე ფაქტო პარლამენტის პლენარულ სხდომაზეა დაგეგმილი. ეს ცვლილება გათვლილია გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის. ლაპარაკია დაახლოებით 30 000 კაცზე. მათ აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობა 2011 წელს ჩამოერთვათ საქართველოს მოქალაქეობის გამო და მას შემდეგ მხოლოდ ბინადრობის ნებართვები აქვთ, რაც მათ აფხაზეთში ცხოვრების გარდა ყველა პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებას უზღუდავს, მათ შორის ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას, საკუთრების ფლობასა და ბიზნესის დაწყებას.

ინიციატივას ოპოზიციურ პარტიებსა და ორგანიზაციებში მწვავე წინააღმდეგობა მოჰყვა. გავრცელდა ერთობლივი განცხადებაც, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ "კანონის" მიღება "უკიდურესად საშიშ რისკებს" ქმნის. მათი შეფასებით, გააფხაზებულ ქართველებს ოფიციალური თბილისი ქართული გავლენის გასაზრდელად გამოიყენებს, ხოლო "არააფხაზი ჯაშუშები" შეძლებენ "სამთავრობო ორგანოებში" შეღწევას და ანტიაფხაზური გადაწყვეტილებების მიღებას. განცხადების ავტორები წერენ, რომ თუ გალელები "აფხაზეთის მოქალაქეები გახდებიან და ამავე დროს საქართველოს მოქალაქეობასაც შეინარჩუნებენ", ისინი შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, იყარონ კენჭი პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნებზე, მონაწილეობა მიიღონ რეფერენდუმების ინიცირებასა და სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებში". მათი შეფასებით, ეს საფრთხეს შეუქმნის იმ ეროვნულ ინტერესებს, რომლებიც "უზარმაზარი მსხვერპლის ფასად იქნა მოპოვებული". ისინი მოითხოვენ, შეჩერდეს კანონპროექტის განხილვა და გაიმართოს საკითხის ფართო, დეტალური საჯარო და სამეცნიერო განხილვა.

"სურთ, ქართველები ხელოვნურად აფხაზებად აქციონ"

პაატა ზაქარეიშვილი, შერიგების საკითხების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი: - აფხაზეთში მიზანმიმართული "გაქართველების" პოლიტიკა არ ყოფილა და რასაც ახლა აფხაზები ამბობენ, მას არანაირი კავშირი არა აქვს არც მე-19 საუკუნესთან და არც სტალინ-ბერიასთან.

დღეს აფხაზების მთავარი პრობლემა დემოგრაფიაა და ამის მოსაგვარებლად ცდილობენ ისტორია მოიხმონ. აფხაზები ცოტანი არიან და მათი მიზანია, ეს სურათი რამენაირად სათავისოდ შეცვალონ. იქვე აქვთ გალის რაიონი, სადაც ძალიან ბევრი ერთიანი გვარის ხალხია, მათ შორის ისეთი გვარების, რომლებიც ერთდროულად გვხვდება ქართველებშიც და აფხაზებშიც და ცდილობენ ეს გამოიყენონ. სომხურ ან რუსულ გვარს ვერ აქცევ აფხაზურად, მეგრული წარმოშობის ქართულ გვარზე პარაზიტირება კი იოლია.

მეგრული წარმოშობის გვარებში ბევრი აფხაზური ძირია. დედაჩემი კვაზავა იყო და ძალიან ბევრი აფხაზია კვაზავა. ასეთი უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ამიტომ ქართული გვარებით ძალიან იოლია აფხაზური პოპულაციის გაბერვა. მათი არგუმენტები, რომ თითქოს ეს ადამიანები ოდესღაც აფხაზები იყვნენ და შემდეგ პოლიტიკის შედეგად გაქართველდნენ, მხოლოდ მიამიტი ობივატელისთვის შეიძლება იყოს დამაჯერებელი.

ძალით გააფხაზება არ ყოფილა, ეს ტყუილია. ფაქტი ის არის, როცა მუჰაჯირობის დროს აფხაზეთის ტერიტორია დაცარიელდა, საბჭოთა ხელისუფლებამ ბერიას ხელმძღვანელობით ქართველი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით რაჭიდან და იმერეთიდან, აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩაასახლა და ცარიელი მიწები შეავსო. არსებობს კონკრეტული განკარგულებები, სადაც ჩანს გადმოსახლებულთა რაოდენობა. გვარების გადაკეთება და ეთნიკურობის შეცვლა ბუნებრივი პროცესი იყო და ეს ყველაფერი შეგნებული პოლიტიკის შედეგი არ ყოფილა. დღეს გალის რაიონში ბევრი ადამიანია, რომელთა გვარებში ძირი არის "ბა" და ეს აფხაზური გვარიდან მოდის. მაგალითად, ასეთი გვარია ქეცბაია, რომელიც დღეს მეგრული გვარია, თუმცა ეს "გაქართველება" ხელოვნურად არ მომხდარა. ხელოვნურია ის, რასაც ქადაგებენ. სურთ ქართველები ხელოვნურად აფხაზებად აქციონ.

ჩვენ კი გვაბრალებენ გასახლებას, თუმცა, თუ ვინმემ გაასახლა აფხაზები აფხაზეთიდან, ეს რუსები იყვნენ და არა ქართველები და შემდეგ ცარიელ ტერიტორიებზე დაასახლეს ქართველები. რადგან ახლა აღარ ეშინიათ ქართული პოპულაციის, ასე ეთამაშებიან ქართულ თემას, სურთ ქართველების ხარჯზე გაზარდონ აფხაზთა პოპულაცია. ეს კორექტული არ არის, მაგრამ არც კატასტროფაა. ის, რომ ისტორიულად ქართველებთან პოულობენ საერთო ფესვებს და არა სხვებთან, ქართველებისგან უნდათ რაღაცის მითვისება, ეს აღიარებაა, რომ ქართველებთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე სხვა ერთან. კატასტროფა ის იქნება, რომ ქართველები მართლა გააფხაზდნენ, მაგრამ ამის საფრთხე არ არსებობს. აფხაზეთში დღეს არის გარუსების პრობლემა და თუ რამე ემუქრებათ ქართველებს, რუსიფიკაციის პრობლემაა. სკოლა რუსულია, ენა რუსულია, სამართალი რუსული და ეს უფრო სახიფათოა.

სისულელეა მათი დისკუსია, რომ გალის მოსახლეობისთვის "მოქალაქეობის" მინიჭებას საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთში ქართული გავლენის გასაზრდელად გამოიყენებს. "ქართულ ოცნებას" მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების განმტკიცება აინტერსებს და არა აფხაზეთი.

"ვისაც გააფხაზება უნდა, ამას კანონის გარეშეც ახერხებს"

მამუკა არეშიძე, კავკასიოლოგი: - კომუნისტების დროსაც იქაური ინტელიგენცია გვესაუბრებოდა აფხაზების ძალით გაქართველებაზე და ამ საკითხის ტორპედირება დღესაც არ დასრულებულა. ადამიანებში ბუნებრივი ქმედებაა, როცა ხშირად იმ ერის ნაწილი ხდებიან, რომელთანაც უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს. აფხაზეთშიც ასეთი სიტუაცია იყო, გააფხაზების ცდაც იყო და გაქართველებისაც. უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, როგორ მოხდა ქართველების ნაბიჯ-ნაბიჯ გააფხაზება. ყველაზე საინტერესო მაგალითია მუჰაჯირობის პერიოდი, როდესაც უამრავი აფხაზი იქნა გაძევებული. გაძევებულთა სიაში აღმოჩნდა აფხაზეთის ერთი დიდგვაროვანი, რომლის მოურავიც იყო იოსებ გულია. გულია თავის პატრონს გაჰყვა ემიგრაციაში, როგორც ქართველი და რამდენიმე წლის შემდეგ ემიგრაციიდან გააფხაზებული დაბრუნდა. მისი ვაჟი იყო აფხაზი კლასიკოსი დიმიტრი გულია. რამდენიმე მაგალითის მოყვანა პირიქითაც შემიძლია, თუმცა გაქართველების შემთხვევები ეპიზოდური იყო, ქართველების გააფხაზება კი უფრო ტოტალური მიდგომით ხდებოდა, საბჭოთა პერიოდშიც და ახლაც.

აფხაზებთან კამათის დროს შეგვიძლია მათ ერთ საკითხზე დავეთანხმოთ, რომ განსაკუთრებით XX საუკუნის 30-40-იან წლებში სხვადასხვა რეგიონიდან ქართველების აფხაზეთში ჩასახლების ეპიზოდები იყო. თუმცა აფხაზები არ ამბობენ, რა მიზეზით. ხალხი ჩაასახლეს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მუჰაჯირობის გამო დაცარიელებული იყო ან საცხოვრებლად რთული პირობები. მაგალითად, გუდაუთის რაიონის სოფელი ახალსოფელი, რომელიც მოგვიანებით აფხაზებმა მიწასთან გაასწორეს და იქ უამრავი ქართველი დაიღუპა, ჭაობიანი ადგილი იყო. აფხაზებისთვის, რომლებიც ძირითადად მთიელები არიან, იქ ცხოვრება რთული იყო და იქ ჩაასახლეს ხალხი, რომელიც ამ პირობებს უფრო მარტივად შეეგუა. ამასაც რომ თავი დავანებოთ, აფხაზები არ ახსენებენ, რომ წლების განმავლობაში იქ უამრავი რუსი, ესტონელი, უკრაინელი და სხვა ეროვნების ადამიანიც ჩაასახლეს. აფხაზები ამბობენ, რომ პირველი ნაბიჯი იყო ქართველების ჩასახლება და მეორე - აფხაზების ძალით გაქართველება. ეს მეორე ნაწილი ტყუილია.

არც ერთ ისტორიულ წყაროში არ წერია, რომ ვინმე ძალით გააქართველეს, მაგრამ იყო გვარები, მაგალითად, ქეცბა, ეზუგბა, რომლებიც აფხაზური წარმოშობის გვარებია, მაგრამ ქართულ გარემოში მოხვედრის გამო ნელ-ნელა გაქართულდნენ. იდენტობის შეცვლით მათ რაიმე სარგებელი არ მიუღიათ.

რაც შეეხება ქართველის გააფხაზებას, ეს ხდებოდა კარიერული წინსვლისთვის, უმაღლესში უფრო მარტივად მოსაწყობად, რის გამოც უამრავმა მეგრული გვარის ადამიანმა დაირქვა აფხაზი, თან აფხაზები რუსეთის იმპერიის დროს ჯარში არ მიჰყავდათ (მოხალისეებად კი იბრძოდნენ პირველ მსოფლიო ომში.), ერთი მხრივ, როგორც მცირერიცხოვანი ერის წარმომადგენლები და გარდა ამისა, აფხაზებს 1882 წლის აჯანყების გამო "არასანდო ერის" სტატუსი ჰქონდათ. ეს სტატუსი ნიკოლოზ II-მ 1909 წელს მოუხსნა, მაგრამ მათ მაინც არ ენდობოდნენ და ზოგი ქართველი ამიტომაც გააფხაზდა. მათ ჰყავთ ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ბიგვავა, რომელიც გააფხაზებული ქართველია. ჰყავდათ ასევე გალის ყოფილი ე.წ. გამგებელი, წალენჯიხელი ნადარაია. ოპოზიციაში ბევრს აქვს მეგრული დაბოლოების გვარი. გავიხსენოთ თუნდაც ლევან მიქავა - მისი გვარი ტიპური მეგრულია და მიქაად გადაიკეთა. მათ აფხაზეთის ომის გმირებში ჰყავთ თექვსმეტი გმირი, ეროვნებით ქართველი. მათ შორის არის წერეთელი. ისინი გააფხაზებულებიც კი არ იყვნენ.

- თუკი ეს "კანონი" მიიღეს, გამოიწვევს თუ არა ეს გალის მოსახლეობის მასობრივ გააფხაზებას?

- ნაწილი ამ ნაბიჯს გადადგამს, თუმცა დიდად არაფერს შეცვლის ამ კანონის მიღება, რადგან ვისაც გააფხაზება უნდა, ამას კანონის გარეშეც ახერხებს. დღეს აფხაზების პრობლემა რუსული ინტერესებია და იმდენს იზამენ, ქართველების მექანიკურად გააფხაზებისთვის ფაფხურის პარალელურად, საკუთარ ენასაც დაკარგავენ და ტერიტორიასაც რუსეთი დაისაკუთრებს. სწორედ იქით მიდიან.

ეკატერინე ბასილაია