თამრიკო ჭოხონელიძე: ჯერჯერობით კულტურის სფეროში სასიკეთოს ვერაფერს ვხედავ - კვირის პალიტრა

თამრიკო ჭოხონელიძე: ჯერჯერობით კულტურის სფეროში სასიკეთოს ვერაფერს ვხედავ

ამონარიდი ორშაბათის ”კვირის პალიტრადან”:

- დღეს რა ხდება კულტურის სფეროში?

- ერთი რამ უნდა ვთქვა და შეიძლება ჩემს ნათქვამს ვიღაცეები დაუდარჯდნენ კიდეც: ”ქართული ოცნების აქციებზე ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი დავინახე, რომლებიც უტიფრად იყვნენ შემომძვრალი. ხალხი პირდაპირ ადებდა ხელს და ამბობდნენ, ამათ აქ რა უნდათო? ჯერჯერობით ნუ დამასახელებინებთ, ეს ყველაფერი გამოაშკარავდება. მაშინ, ცოტა არ იყოს, შემეშინდა, რომ ეს ხალხი აქციაზე იყო. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ადამიანები, ვისის წინააღმდეგნიც ვიყავით მე და კიდევ უამრავი მუსიკოსი, დღემდე კაბინეტებში სხედან. არადა, ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებიათ. როგორ უნდა ვიყოთ ისეთი უგუნურები, რომ ვთქვათ, რაც ხდებოდა, კარგი იყოო. ადამიანებს, რომლებმაც ეს ჩაიდინეს დღეს ისევ უჭირავთ კულტურის სფეროში სადავეები. კიდევ ერთხელ ვამბობ: მე მითქვამს და როგორც გინდათ, ისე გაიგეთ: ესენი დაღუპავენ ქართულ კულტურას! სამსახურიდან კი არ უნდა გაათავისუფლო და მშიერი დატოვო, განზე მაინც უნდა გასწიო. ჯერჯერობით კულტურის სფეროში სასიკეთოს ვერაფერს ვხედავ. მაპატიოს ყველამ, მაგრამ ერთმანეთის ნაცნობ-მეგობრობა თუ კიდევ გაგრძელდება, ერთ-ერთი პირველი ვიქნები ვინც გვერდზე გადგება და უკვე ვგრძნობ, რომ გავდექი კიდეც. ბევრი იმედგაცრუება ვიგრძენი და არა მარტო მე. არ მომწონს, რაც დღეს ხდება. არათუ გაათავისუფლეს, არამედ თანამდებობებზეც კი ინიშნება ის ხალხი, ვინც პირდაპირ ლობირებდა იმ საშინელ პროცესებს, რაც ხდებოდა ამ 9 წლის განმავლობაში. ძალიან ცუდ განცხადებას ვაკეთებ, მაგრამ ჯერჯერობით იმედგაცრუების მეტი არაფერია!

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ გაზეთ ”კვირის პალიტრის” ორშაბათის ნომერში.