„აუტისტური სპექტრის მქონე ბევრი ბავშვი სკოლაშიც დადის და სწავლობს“ - კვირის პალიტრა

„აუტისტური სპექტრის მქონე ბევრი ბავშვი სკოლაშიც დადის და სწავლობს“

საერთაშორისო კვლევებით, ბოლო 10-15 წელიწადში აუტისტური სპექტრის დადასტურება გაცილებით მკვეთრად იმატებს, ვიდრე ოდესმე იყო. საქართველოში აუტიზმის სრული კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა არსებობს ნაწილობრივი კვლევა 8-10 წლის ბავშვების მონაწილეობით, რომელიც ილიას და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტებმა ჩაატარეს და რომელშიც 16 000 ბავშვი მონაწილეობდა. შედეგები 2026 წელს გამოქვეყნდა: საქართველოში აუტიზმი ყოველ 25 ბავშვშია დადასტურებული! კვლევის სტატისტიკა დაფუძნებული იყო მოცემულობაზე, რა დროსაც მშობლებმა შვილების დიაგნოზის შესახებ არაფერი იცოდნენ. იმავდროულად, სოციალურ ქსელში მკვეთრად მოიმატა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობელთა განცხადებებმა, რომლებსაც უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნება სურთ და საქართველოში აუტისტური სპექტრის მომსახურების რესურსი აინტერესებთ. სწორედ ამის შესახებ ფსიქოლოგ ლანა დონაძეს ვესაუბრეთ.

- ჩვენში აუტისტური სპექტრის სერვისები ბოლო წლებში გაჩნდა. რა მომსახურება შეუძლია გაუწიონ მათ უცხოეთიდან დაბრუნებულ ბავშვებს და მათ მშობლებს?

- სამწუხაროდ, ჩვენი სერვისი საკმარისი მართლაც არ არის. თუმცა დიდ ქალაქებში თითქმის ყველგან გვაქვს არაერთი მომსახურების ცენტრი და არა მხოლოდ დიდ ქალაქებში. ქცევის თერაპევტები მაღალ დონეზე არიან მომზადებული, მათ შორის უცხოეთში გავლილი ტრენინგებითაც. რაც პირველ რიგში თავად აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლების დამსახურებაა. მათ ძალიან ბევრი იბრძოლეს, რომ ეს სერვისები ყოფილიყო. გარდა ამისა, ბავშვებს, რომელთაც აუტიზმთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობები დაუდგინდებათ, ყოველთვიურად მატერიალური დახმარება აქვთ დანიშნული. მესმის, ეს თანხა საკმარისი არაა, მაგრამ მოპოვებულია დაუღალავი ბრძოლით, რაც მინდა იცოდნენ იმ მშობლებმა, რომლებიც უცხოეთიდან აპირებენ დაბრუნებას.

სამწუხაროდ, აუტიზმის სპექტრის მიზეზებში გენეტიკური ფაქტორის როლი გააქტიურდა: დადგენილია აუტიზმის რისკის მატარებელი გენები. მეცნიერულადაც დადგინდა - ტყუპში აუტიზმის განვითარების 90%-იანი მაჩვენებელია. ოჯახში აუტიზმის მატარებელი ბავშვის ყოფნის დროს არსებობს აუტიზმის 9%-იანი ????? რისკი.

- ბევრი მშობელი დარდობს, რომ მისი შვილი სერვისცენტრებში ადეკვატურ თერაპიას ვერ გადის.

- ვერ დავეთანხმები. თუმცა ვიტყვი, რომ აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვის პირველი თერაპევტი მაინც მშობელია, პირველ რიგში მას უნდა ჰქონდეს ძლიერი მატერიალური და მორალური საყრდენები. როდესაც ასე არ ხდება, ქცევითი თერაპევტის მუშაობასაც აკლდება შედეგები. აუტიზმი ხომ დაავადება არ არის, ეს არის ბავშვის ნეიროგანვითარების მდგომარეობა, მის მიერ სამყაროს აღქმის მეთოდი და თუ გვინდა ეს მეთოდი იყოს ბუნებრივი, ბავშვს თერაპევტთან ერთად მშობელიც უნდა ედგეს მხარში. რაც უფრო ადრე დადგინდება ბავშვის აუტისტური მდგომარეობა, მით უფრო მეტი შედეგი გვექნება, უფრო მეტად არის შესაძლებელი სასიკეთო ძვრები.

როდესაც ბავშვი აპროტესტებს, მის გვერდით მშობელი უნდა იყოს და ერთ დღეს პატარა აუცილებლად მიეჩვევა თერაპევტს და მშობელს მისცემს ნებას, რომ გავიდეს და თერაპევტთან დატოვოს. ზოგიერთი ბავშვი სათამაშოებთან დამოკიდებულებით აღიქვამს სამყაროს და არანაირ სიძნელეს არ წამოადგენს, რომ თერაპევტი მისი საყვარელი თამაშით დაუახლოვდეს. ქცევითი თერაპევტების საამაყოდ, ძალიან ბევრი ბავშვი მივიდა ბუნებრივ ურთიერთობებამდე. სკოლაშიც დადიან და სწავლობენ.

- ადრე ამბობდნენ, რომ აუტიზმის დადგენა სამი წლის ასაკში უნდა მოხდეს, მანამდე ვერაფერს გამოვიცნობთ.

- აუტიზმის ერთ-ერთი პირველი ნიშანია ის, როდესაც პატარა საუბრის დროს არ გიყურებს თვალებში, რეაქცია არა აქვს სახელის დაძახებაზე, თითქოს არ ესმის ან ძალიან დაკავებულია. რასაც ახლა ვამბობ, სავალდებულო არ არის აუტიზმი იყოს, მაგრამ როდესაც მშობელი მსგავს ნიშნებს შენიშნავს პატარას 2 წლამდე, ის უნდა მიიყვანოს სპეციალისტთან. აუტიზმის დიაგნოზის დასმა შინ შეუძლებელია, ეს სპეციალისტის პრეროგატივაა.

- ასევე დიდი სადარდებელია მშობლებისთვის, თუ რა გააკეთოს მათმა შვილმა 18 წლის შესრულების შემდეგ.

- აუტისტი ბავშვების მშობლების დამსახურებით აეროდრომის დასახლებასთან ახლოს შენდება "ფერადი ქალაქი", აუტიზმის ეროვნული ცენტრი, სადაც ის 16 წლის ზემოთ ბავშვები იქნებიან, რომლებმაც აუტიზმის სპექტრის ყველა პროგრამა დაასრულეს და იქ იშრომებენ, უნარებს გამოავლენენ. უკვე 6 კოტეჯია აშენებული და სწორედ ეს არის პასუხი ამ მშობლების კითხვაზე, რა იქნება მას შემდეგ, როდესაც მათი შვილი მშობლების გარეშე დარჩება. ასე რომ, ბრძოლას შედეგი აქვს და ამ მხრივ გამონაკლისი ჩვენში არც აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლების ბრძოლა აღმოჩნდა.