თბილისი, როგორც მოგზაურთა ნავსაყუდელი - კვირის პალიტრა

თბილისი, როგორც მოგზაურთა ნავსაყუდელი

ძველ დროში ადამიანები ფეხით ან პრიმიტიული ტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ. მგზავრობა ხანგრძლივი და დამქანცველი იყო და გზად ღამის გასათევი, საკვები და თავშესაფარი სჭირდებოდათ. ძველ საზოგადოებებში უცხოს მიმართ კეთილგანწყობა ხშირად რელიგიურ წესებთან იყო დაკავშირებული. მოგვიანებით კი ეს უფრო აქტუალური ვაჭრობის განვითარებამ გახადა, ამიტომ უანგარო სტუმარ-მასპინძლობამაც სახე იცვალა - სავაჭრო გზებზე გაჩნდა ქარვასლები, ევროპაში - ტრაქტირები და სასტუმრო სახლები. მათი დანიშნულება ადამიანისთვის დროებითი საცხოვრებლის შექმნა იყო... საქართველოში ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ძველი თბილისი, სადაც ქარვასლებმა, რომელთაც უმთავრესად სავაჭრო დანიშნულება ჰქონდა, სასტუმროს ფუნქციებიც შეიძინა. სასტუმროს ფუნქციას ითვისებდა თბილისის აბანოც, სადაც სპეციალური ოთახები იყო ღამის გასათევად.

ermakov-the-kavkaz-hotel-1790537844._1900.jpg

ქარვასლა, დუქანი და მგზავრის სადგომი

როგორც ცნობილია, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მეფეთა სასახლის სამხრეთით, ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში არსებობდა ერთგვარი სადგომები. თუმცა 1795 წელს, აღა-მაჰმად-ხანის ლაშქრობისას, მთლიანად განადგურებულა და ქალაქს სტუმრების დასაბინავებლად ძველი სივრცეები აღარ დარჩენია.

ძველ თბილისში სასტუმროებისა და სადგომების იდეა მასპინძლობის ტრადიციიდან იღებდა სათავეს: სტუმარი ღვთისად ითვლებოდა და მოგზაურის შინ მიღება არა მხოლოდ მასპინძლის კეთილგანწყობა, ვალდებულებაც იყო. სწორედ ამიტომ დიღომსა და ნაქულბაქევში ჩამოყალიბდა წესი, რომ ქალაქში შემოსული სტუმრები (ქართველები იქნებოდნენ თუ უცხოელები!) იქ უნდა დაბინავებულიყვნენ. მამასახლისი მათ მეკომურებზე ანაწილებდა, უარის თქმა დაუშვებელი იყო. ამ პრაქტიკამ დასაბამი დაუდო სპეციალური თავშესაფრების - "წითელი" და "თეთრი" დუქნების შექმნას, სადაც მგზავრს ღამის გათევა და საქონლის დაბინავება შეეძლო. ასე გადაიზარდა სტუმრის მიღების ტრადიცია უკვე XIX საუკუნეში და გაჩნდა თბილისის სასტუმროები.

XIX საუკუნის დასაწყისში ქალაქში სულ უფრო მეტი რუსი ოფიცერი, ჩინოვნიკი და სავაჭროდ ჩამოსული ვაჭარი იყრიდა თავს, ამას ევროპელ მოგზაურთა მზარდი ნაკადიც ემატებოდა. ახალი ყაზარმებისა და სამოქალაქო სასტუმროების მშენებლობას დიდი დრო და რესურსი სჭირდებოდა, ამიტომ მთავარმართებელმა პავლე ციციანოვმა ისარგებლა ძველი ქართული ტრადიციებით და თბილისში სახლის პატრონებს დაავალა, საკუთარი საცხოვრებლების მეხუთედი ჯარისკაცებისა და ჩინოვნიკებისთვის დაეთმოთ. ამ გადაწყვეტილებამ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია...

სასტუმროს ფუნქციას იმხანად ქარვასლები ითავსებდნენ. კლასიკური ქარვასლა უფრო თანამედროვე სავაჭრო ცენტრს ჰგავდა, სადაც ვაჭრებს საქონლის დასაწყობება და გაყიდვა შეეძლოთ, იქ სტუმრებისთვის ოთახებიც იყო მოწყობილი. მაგალითად, "ბატონიშვილების" ქარვასლას 62 სასტუმრო ოთახი ჰქონდა, არწრუნისეულს - 33, სარქისოვისას - 30, სარაჯიშვილისას კი რამდენიმე.

londoni-1790537844.jpg

ევროპული სასტუმროები

XIX საუკუნის დასაწყისიდან თბილისი ნელ-ნელა ქარვასლური ყოფიდან ევროპული ტიპის სასტუმროების მშენებლობაზე გადადის, იხსნება ტრაქტირები, პატარა სასტუმროები. XIX საუკუნის 20-იან წლებში ქალაქში უკვე რამდენიმე პატარა სასტუმრო მოქმედებდა. ერთ-ერთი ფრანგმა პოლ მატასმა გახსნა. ეს მხოლოდ ტრაქტირი არ იყო, აქ მგზავრს ღამის გათევაც შეეძლო და სადილობაც. მატასი, ნაპოლეონის ომების ვეტერანი გრენადერი, საქართველოში რუს გენერალს ჩამოჰყვა მზარეულის ამპლუაში, მოგვიანებით კი თავისი დაწესებულებაც გახსნა, რომელიც რესტორნისა და სასტუმროს ფუნქციებს ითავსებდა.

ევროპული ტიპის სასტუმროებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიმუში "მაჟესტიკია" - სასტუმრო, რომელიც ცნობილმა მეცენატმა მიხაილ არამიანცმა ააშენა 1815 წელს მაშინდელი გოლოვინის პროსპექტზე. "მაჟესტიკი" იმ პერიოდისთვის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვედ აღჭურვილი, მსოფლიო დონის სასტუმრო ყოფილა, რომელსაც სამრეცხაო და მაცივარი-ოთახებიც გააჩნდა. ამ სასტუმროს რთული და საინტერესო გზის გავლამ მოუწია, პირველი მსოფლიო ომის დროს ჰოსპიტლად გადააკეთეს, საბჭოთა ეპოქაში რამდენჯერმე შეუცვალეს პროფილი, თუმცა ბოლოს მაინც მაღალი კლასის სასტუმროს სტატუსი დაუბრუნეს.

თბილისის ომის დროს შენობა ძალიან დაზიანდა, თუმცა მაინც მოხერხდა მისი შენარჩუნება. იქ დღეს სასტუმრო "თბილისი-მარიოტია" განთავსებული.

40-იან წლებში რიყეზე უკვე ზალცმანის სასტუმროც ფუნქციონირებდა. აქ ცხოვრობდა გერმანელი ეთნოგრაფი ავგუსტ ჰაქსტჰაუზენი, რომელიც თავის ჩანაწერებში სასტუმროს "კომფორტითა და საუცხოო კერძებით" იხსენებდა. ჰაქსტჰაუზენი შთამბეჭ­დავად აღწერს თბილისს თავისი ევროპული და აზიური ეკლექტიკით, ერთ მხარეს თანამედროვე სახლებით, სწორი ქუჩებით, ელეგანტური საგალანტერეო და წიგნების მაღაზიებით, აფთიაქებითა თუ კაფეებით, მორე მხარეს კი მის კოლორიტულ, აზიურ ნაწილს ქარვასლებით, სახელოსნოებითა და მრავალფეროვანი მოსახლეობით. ამავე პერიოდში ერევნის მოედანზე ვინმე ებრაელი სოლომონის სასტუმროც ყოფილა და იმდროინდელ თბილისში ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ და ძვირად ღირებულ სადგომად ითვლებოდა. ერთ-ერთი მოგზაურის ცნობით, დღეში ორი მანეთი ღირდა, სადილთან ერთად კი სტუმარს ნახევარ ბოთლ კახურ ღვინოსაც მიართმევდნენ.

მოგვიანებით იწყება ევროპული სასტუმროების ბუმი: XIX საუკუნის შუა პერიოდიდან იხსნება ცნობილი სასტუმრო "კავკაზი", რომელსაც ფრანგი მმართველი ჰყავს და ალექსანდრე დიუმას ყურადღებასაც იქცევს. ცოტა მოგვიანებით, 1875 წელს, ძმები ზუბალაშვილების მიერ ოტო სიმენსენის პროექტით აგებული სასტუმრო "ლონდონიც" იწყებს ფუნქციონირებას. მას ევროპელი სტუმრები Hოტელ დე Lონდრეს-ად მოიხსენიებენ. "ლონდონი" იმდროინდელი თბილისის სასტუმროებს შორის გამორჩეული იყო. ეს იყო თბილისში პირველი შენობა, სადაც ელექტროენერგია გაიყვანეს. სტუმრებს შეეძლოთ ესარგებლათ შესანიშნავი რესტორნით, კარგი სამკითხველო დარბაზით, სტუმრებთან ურთიერთობა კი ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე იყო შესაძლებელი. სწორედ აქ გაჩერებულა თავის დროზე ცნობილი ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი. სასტუმრომ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე იარსება.

tbilisi-1790537844.jpg

ამ პერიოდს მიეკუთვნება "ორიენტიც", რომელსაც ყველაზე ტრაგიკული ბედი ერგო წილად. რუსთაველის გამზირის დასაწყისში 1860-იან წლებში აშენებული სასამართლოს შენობა 1890-იან წლებში საფუძვლიანად გადააკეთეს, არადა, ის ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მდიდრულ სასტუმროს წარმოადგენდა. შემდეგ აქ "მხატვრის სახლი" იყო განთავსებული. 1991-1992 წლების შეიარაღებული დაპირისპირებისას შენობა მძიმედ დაზიანდა და მისი რეაბილიტაცია ვეღარ მოხერხდა.

სადგომებიდან ქარვასლებამდე, ტრაქტირებიდან მაღალი დონის სასტუმროებამდე - ეს ჩვენი დედაქალაქის განვითარებისა და სრულყოფის ისტორიაა, რომელშიც სტუმარმასპინძლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ცოცხლობს.

მადლობას ვუხდით ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმს გაწეული დახმარებისთვის.

ქეთი ადეიშვილი