მელნიკოვი ფაფუ?! - კვირის პალიტრა

მელნიკოვი ფაფუ?!

გენპროკურატურა შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ოლეგ მელნიკოვის ადვოკატს, მალხაზ ველიჯანაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. "უკრაინულმა სასამართლომ საქართველოს ოლეგ მელნიკოვის ექსტრადიციაზე ქართულ მხარეს ამ ეტაპზე უარი უთხრა. უკრაინაში გაიმართა პროცესი, რომელზეც შევჩენკოს რაიონულმა სასამართლომ მელნიკოვთან დაკავშირებით ქართული მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები საკმარისად არ მიიჩნია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ექსტრადიციის ვადა 16 იანვარს იწურებოდა, გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ კი გარანტიას გაძლევთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მას თბილისში ვერ ჩამოიყვანს", - ეს განცხადება მელნიკოვის ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი ხათუნა პაიჭაძე ირწმუნება, რომ უკრაინის სასამართლოს ქართული მხარისთვის მელნიკოვის ექსტრადიციაზე უარი არ უთქვამს. პაიჭაძის თქმით, პროცესზე განხილული იყო არა ექსტრადიციის, არამედ პატიმრობის შეფარდების საკითხი. "სიმართლეს არ შეესაბამება არც ის, რომ თითქოს 16 იანვარს მელნიკოვის საქართველოში ექსტრადიციის 40-დღიანი ვადა იწურებოდა. 16 იანვარს იწურებოდა არა ექსტრადიციის, არამედ წინასწარი პატიმრობის ვადა და ამიტომაც, სასამართლო პროცესზე მელნიკოვს 12-თვიანი პატიმრობა შეეფარდა", - აღნიშნა პაიჭაძემ. დეტალებში უკეთ გასარკვევად ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილს თავად დავუკავშირდით.

- ბატონო მალხაზ, რატომ აცხადებს გენპროკურატურა, რომ თქვენ ცრუ ინფორმაცია გაავრცელეთ?

- იცით, რაშია საქმე? საქართველოს პროკურატურამ ვადის გაგრძელება იშუამდგომლა, იმის გამო, რომ საკმარისი მტკიცებულებები არ ჰქონდა. სწორედ ამიტომ არ მოითხოვა ამ ეტაპზე მელნიკოვის ექსტრადირება. უკრაინის სასამართლომაც მიზანშეწონილად მიიჩნია ეს დრო და ქართულ მხარეს საშუალება მისცა, წარმოადგინოს ახალი მტკიცებულებები.

- პროკურატურის განცხადებით, თქვენ ცრუობდით, როდესაც ამბობდით, რომ 16 იანვარს მელნიკოვის საქართველოში ექსტრადიციის 40-დღიანი ვადა იწურებოდა...

- ეს ნამდვილად ასეა. მელნიკოვს შეფარდებული ჰქონდა, საერთაშორისო კონვენციით განსაზღვრული, 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა. ეს ვადა უკვე იწურებოდა, ახლა კი უკრაინის სასამართლომ 12-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ეს არის უკრაინული სასამართლოს მიერ დაწესებული ვადა, წინასწარი ექსტრადიციისთვის. ქართულ მხარეს შეეძლო, მელნიკოვის ექსტრადიცია წინასწარი პატიმრობის ვადაშიც მოეთხოვა, მაგრამ ეს არ გააკეთა. მათ თავადაც იცოდნენ, რომ საკმარისი მტკიცებულებები არ ჰქონდათ და სწორედ ამიტომ მოითხოვეს ვადის გაგრძელება.

- რის საფუძველზე ამბობდით, რომ გენპროკურატურა მელნიკოვს თბილისში ვერ ჩამოიყვანს?

- იმის საფუძველზე, რომ გენპროკურატურას მელნიკოვის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია. იმ მტიკიცებულებებით, რაც მათ დღეს ხელთ აქვთ, არც ერთი ქვეყნის სასამართლო არ განახორციელებს ექსტრადირებას. მართალია, ქართულ მხარეს კიდევ 12 თვე აქვს დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, მაგრამ ვფიქრობ, რომ ვერაფერს გააკეთებს.

- რატომ ფიქრობთ ასე?

- იმიტომ, რომ საქმეში არსებობს ერთადერთი მტკიცებულება - დაზარალებული მალხაზ აზარაშვილის ჩვენება, რომელიც მხოლოდ ადასტურებს, რომ მელნიკოვი ოთახში იმყოფებოდა, თუმცა, არ ამბობს, რომ მას სცემდა.

- პროკურატურამ გირგვლიანის საქმის გახსნა დააანონსა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ საქმეში მელნიკოვის ბრალეულობაც იკვეთება.

- როგორც ჩანს, ახლა სხვა მტკიცებულებებზე დაიწყეს მუშაობა. ჩემი აზრით, პროკურატურამ სწორედ იმიტომ მოითხოვა ვადის გაგრძელება, რომ გირგვლიანის საქმის გახსნას ელოდება. საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად, პიროვნებას ექსტრადიციის შემდეგ ახალ ბრალდებას ვეღარ წაუყენებენ. აშკარაა, რომ ქართული მხარე გარკვეულ ხრიკებს მიმართავს და ცდილობს, მელნიკოვს ახალი ბრალი წაუყენოს.

პ.ს ცოტა ხნის წინ გავრცელდა უკრაინის გენპროკურატურის განცხადება, რომელშიც ნათქვამია: "ქართულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკრაინის სასამართლომ თბილისს ოლეგ მელნიკოვის გადაცემაზე უარი უთხრა, სიმართლეს არ შეესაბამება. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საექსტრადიციო პატიმრობაზე, რათა შესრულდეს ყველა აუცილებელი მოთხოვნა ქართული მხარისთვის მის გადასაცემად. ყველა პროცედურა სრულდება უკრაინის კანონმდებლობისა და სამართალდამრღვევთა გადაცემის შესახებ ევროპული კონვენციის მკაცრი დაცვით. უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, მელნიკოვი საექსტრადიციო პატიმრობის პერიოდში საგამოძიებო იზოლატორში იქნება, რისთვისაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია 12 თვემდე ვადა". უწყება იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსან ოლეგ მელნიკოვს მთავარი პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და 2006 წელს მოქალაქე სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მონაწილეობისთვის ადანაშაულებს.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)