აფხაზეთში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს: რა არის ცნობილი დანაშაულზე
აფხაზეთში, გაგრაში დასასვენებლად ჩასული 26 წლის რუსი ტურისტი, ამინა ბიკბოვა მოკლული იპოვეს. გოგონა, რომელიც ორენბურგის ოლქიდან იყო, ოჯახთან კონტაქტზე სამი დღის განმავლობაში არ გასულა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 25 წლის ედგარ აბუხბა დაკავებულია. აფხაზეთის შსს-ს ინფორმაციით, მან დაკითხვისას დანაშაული აღიარა და გამოძიებას ის ადგილი უჩვენა, სადაც ცხედარი გადამალა.
ამინა აფხაზეთში მეგობართან ერთად ისვენებდა. მას 24 სექტემბერს სახლში დაბრუნება ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა გადაწყვიტა, დასვენება კიდევ რამდენიმე დღით გაეგრძელებინა და საცხოვრებლის ქირაობის ვადაც გაახანგრძლივა. ამის შემდეგ გოგონა დროებით საცხოვრებელში აღარ იმყოფებოდა, ტელეფონი კი გამორთული ჰქონდა.ოჯახის წევრებმა, რომლებმაც ამინასთან დაკავშირება ვერ შეძლეს, სამართალდამცველებს მიმართეს. ძებნისას პოლიციამ იმ ადამიანების წრე დაადგინა, რომლებთანაც გოგონა დასვენების პერიოდში ურთიერთობდა. ეჭვი ედგარ აბუხბაზე მიიტანეს, რომელიც გაგრაში დროებით ცხოვრობდა და მუშაობდა. გამოძიების ინფორმაციით, ის ამინას 23 სექტემბრის საღამოს არძინბას გამზირზე შეხვდა, რის შემდეგაც ისინი ერთად ტაქსით გაემგზავრნენ.

გამოძიების მასალების თანახმად, ახალგაზრდები ნაქირავებ ბინაში, სოფელ ფსახარაში, ერთად იმყოფებოდნენ. ეჭვმიტანილის ჩვენებით, მათ შორის დაწყებული კამათის დროს მან გოგონა დაახრჩო. დანაშაულის კვალის დამალვის მიზნით, აბუხბამ 24 სექტემბერს ნაცნობს ავტომობილი გამოართვა, ცხედარი მანქანაში მოათავსა და ბზიფის ხეობის მიმართულებით წაიღო. მისი განზრახვა ცხედრის წყალში გადაგდება იყო, თუმცა ეს ვერ შეძლო და იგი გზიდან მოშორებით, ბუჩქებში, გადასაფარებელში გახვეული დატოვა. ტურისტის ტელეფონი და პირადი ნივთები კი სოხუმის გზატკეცილზე მდებარე ნაგვის ურნებში გადააგდო.