რომელი ავტომობილები უფასურდება ყველაზე სწრაფად და რომელი ინარჩუნებს ფასს?!
ავტომობილის შეძენისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მისი შემდგომი გაყიდვის ფასია. ავტორიტეტული კვლევითი პლატფორმის, Visual Capitalist-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი მიმოხილვა აჩვენებს, თუ რამდენად მკვეთრად განსხვავდება სხვადასხვა მოდელის გაუფასურების ტემპი ბოლო 5 წლის განმავლობაში.
iSeeCars-ის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებულ კვლევაში ანალიტიკოსებმა 950 000-ზე მეტი 5 წლის ხნის მეორადი ავტომობილის რეალური გაყიდვების ფასები შეადარეს მათ თავდაპირველ ქარხნულ ღირებულებას (MSRP). შედეგები აჩვენებს, რომ საუკეთესო და ყველაზე ცუდი მაჩვენებლის მქონე ავტომობილებს შორის სხვაობა 50 პროცენტულ პუნქტსაც კი აჭარბებს.
5 ავტომობილი, რომელიც ღირებულებას ყველაზე კარგად ინარჩუნებს
Visual Capitalist-ის თანახმად, სპორტული მოდელები და Toyota-ს პროდუქცია მეორად ბაზარზე ფასის შენარჩუნების კუთხით, აბსოლუტური ფავორიტები არიან.
მიმოხილვის თანახმად, ფასის შენარჩუნების თვალსაზრისით, ბაზრის ლიდერია Porsche 718 Cayman (გაუფასურება 9.6%). 5 წლის განმავლობაში, ამ მოდელმა თავდაპირველი ფასის 10%-ზე ნაკლები დაკარგა და ღირებულება საშუალოდ, მხოლოდ 6 988 აშშ დოლარით შემცირდა (ავტომობილის საწყისი ფასი 72 800 აშშ დოლარია).
მეორე ადგილზე გერმანული ბრენდის კიდევ ერთი ლეგენდარული მოდელი Porsche 911 (გაუფასურება 11.1%) პოზიციონირებს, რომელმაც 5 წელში საშუალოდ, 15 533 აშშ დოლარი დაკარგა.
მესამე ადგილზეა ამერიკული სპორტული ავტომობილი Chevrolet Corvette (გაუფასურება 18.7%), რომლის საშუალო სხვაობა საწყის ფასთან შედარებით 13 365 აშშ დოლარს შეადგენს.
იმ ავტომობილების ხუთეულში, რომელიც ფასს ყველაზე კარგად ინარჩუნებს მოხვდა Toyota Tacoma-ც (გაუფასურება 19.9%). ეს არის მეორად ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პიკაპი, რომლის ფასიც 5 წელში საშუალოდ, მხოლოდ 6 426 აშშ დოლარით შემცირდა.
ხუთეულს ხურავს Toyota-ს სრული ზომის პიკაპი - Toyota Tundra (გაუფასურება 21.2%), რომელის თავდაპირველმა ღირებულებამ მაღალი გამძლეობისა და საიმედოობის წყალობით, საშუალოდ, 8 746 აშშ დოლარიანი კლება განიცადა.
5 ავტომობილი, რომელიც ღირებულებას ყველაზე სწრაფად კარგავს
ამავე რეიტინგის მეორე მხარეს ელექტრომობილები (EV) და ძვირადღირებული ლუქს-კლასის ავტომობილები აღმოჩნდნენ.
კვლევის ყველაზე ცუდი მაჩვენებლით ხასიათდება Nissan LEAF (გაუფასურება 63.1%). ამ ელექტრომობილის ფასი 5 წელში საშუალოდ, 17 743 აშშ დოლარით შემცირდა.
ღირებულების ყველაზე სწრაფად კლების კუთხით, მეორე ადგილზეა NFINITI QX80 (გაუფასურება 62.8%) - ლუქს-კლასის ყველგანმავალი, რომელმაც საწყისი ღირებულებიდან კოლოსალური 52 631 აშშ დოლარიანი ვარდნა განიცადა.
რეიტინგის ამავე ნაწილში ვხვდებით Volkswagen ID.4-ს (გაუფასურება 62.1%), გერმანულ ელექტრო-ქროსოვერს, რომლის ფასიც მეორად ბაზარზე საშუალოდ, 28 010 აშშ დოლარით შემცირდა.
მეოთხე ადგილზეა Tesla Model S (გაუფასურება 62.0%). ეს არის Tesla-ს ფლაგმანი სედანი, რომელის ღირებულებაც 5 წლის განმავლობაში საშუალოდ, 58 907 აშშ დოლარით დავარდა.
ფულადი გამოსახულებით ყველაზე დიდი დანაკარგი აქვს მთელს რეიტინგში და ხუთეულს ხურავს Land Rover Range Rover (გაუფასურება 61.7%). მონაცემების მიხედვით, ამ მოდელის მფლობელებმა 5 წელში საშუალოდ, 69 856 აშშ დოლარი დაკარგეს.