ვინ გეგმავდა ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენების აფეთქებას ბრიტანეთის ავიაბაზაზე?!
ტერორისტული აქტით იგეგმებოდა ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენების განადგურება?
ბრიტანეთის ანტიტერორისტულმა პოლიციამ ფეირფორდის ავიაბაზასთან, რომელსაც აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები იყენებენ, ტერაქტის მცდელობის ბრალდებით ხუთი მამაკაცი დააკავა.
2026 წლის 27 სექტემბერს, გამთენიისას, პოლიციამ ადგილობრივი ფერმერისგან მიიღო შეტყობინება ბაზისკენ მიმავალი სამი საეჭვო მიკროავტობუსისა და ნიღბიანი პირების შესახებ.

ფოტო: ბრიტანული ფეირფორდის ავიაბაზიდან აფრენილი B-1B Lancer ტიპის ეს ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენი შეიძლება გამხდარიყო რეზონანსული ტერაქტის მთავარი სამიზნე...
ეჭვმიტანილები თავდაპირველად ასაფეთქებელი ნივთიერებების შესახებ კანონის დარღვევისთვის აიყვანეს, მოგვიანებით კი ბრალი ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობაზე გადაუკვალიფიცირდათ.
მიმდებარე სოფელ ველფორდიდან 85-ზე მეტი სახლის ევაკუაცია განხორციელდა, ტერიტორიაზე კი სამხედრო გამნაღმველთა ჯგუფები მუშაობდნენ. დიდ ბრიტანეთში მდებარე აშშ-ის სხვა ბაზებზე უსაფრთხოების დონე „ჩარლიმდე“ (მეორე უმაღლესი ნიშნული) აიწია.

ფოტო: სოფელ ველფორდში შეჩერებული სამი თეთრი მიკროავტობუსი, რომელთა შორის დისტანციურად მართვადი გამნაღმველი რობოტი მოძრაობს...
გამოძიება რამდენიმე ვერსიას განიხილავს, თუმცა ყველაზე სავარაუდოდ ირანთან დაკავშირებული მოტივი მიიჩნევა. აშშ-ის ძალები ფეირფორდის ბაზას ირანში სამხედრო ობიექტებზე იერიშების მისატანად იყენებდნენ, რის გამოც თეირანი მანამდე ბრიტანულ ბაზებზე თავდასხმით იმუქრებოდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილები ბაზისთვის „დიდი ზიანის“ მიყენებას გეგმავდნენ და ისინი სპეცსამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ.
მაინც რა გახლდათ შესაძლო ტერაქტის მთავარი სამიზნე, რომელსაც, პრეზიდენტ ტრამპს თუ დავესესხებით, „დიდი ზიანი“ შეიძლება მიეყენებინა და ამით მსოფლიო მასშტაბის მნიშვნელოვანი საინფორმაციო რეზონანსი გამოეწვია?

ფოტო: წითელი კვადრატით მონიშნულია მიკროავტობუსების ბლოკირების ადგილი, საიდანაც ფეირფორდის ავიაბაზის სადგომებამდე, სადაც B-1B Lancer ტიპის ორი ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენი დგას, მხოლოდ ნახევარი კმ-ია...
ბრიტანელი ჟურნალისტების შვეულმფრენიდან გადაღებულ ფოტოვიდეოკადრებში მოჩანს, რომ იმ ადგილიდან, სადაც სამი თეთრი მიკროავტობუსი დააკავეს და ფეირფორდის ავიაბაზის თვითმფრინავების სადგომამდე, პირდაპირი ხაზით, მხოლოდ 500-იოდე მეტრი თუ არის, იმ მომენტში იქ იდგა ორი... ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენი B-1B Lancer-ი, სწორედ ისეთი, როგორებითაც ტრამპმა თავი მოიწონა სი ძინპინის დახვედრისას ნიუ-იორკის საჰაერო ბაზაზე, როდესაც ამ ბომბდამშენებმა დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინეს მათ...
თუმცა სწორედ B-1B Lancer-ებს პენტაგონი აქტიურად იყენებდა და იყენებს ირანის დასაბომბად, რომლებიც ამ ბრიტანული, ფეირფორდის ავიაბაზიდან ფრინდებიან, გარს უვლიან ევროპის კონტინენტს (იმიტომ, რომ საფრანგეთი და ნატოს სხვა წევრი ქვეყნებიც უფლებას არ აძლევენ ამერიკულ საბრძოლო ავიაციას მათი საჰაერო სივრცის გავლით დაბომბონ ირანი, რითაც პრეზიდენტ ტრამპის რისხვას იმსახურებენ) და ხმელთაშუა ზღვის თავზე გადაფრენით აღწევენ ირანამდე, ბომბავენ და შემდეგ უკან იმავე მარშრუტით ბრუნდებიან.

ფოტო: „ბი-ბი-სის“ შვეულმფრენიდან გადაღებულ ფოტოზე კარგად ჩანს ფეირფორდის ავიაბაზაზე მდგარი 45 მ სიგრძის ამერიკული B-1B Lancer-ი,რომელზეც შეტევა თუნდაც კამიკაძე-დრონების გამოყენებით (როგორც ეს უკრაინელებმა რუსულ აეროდრომებზე განახორციელეს), შეუძლებელი არ უნდა იყოს...
თუკი საბოლოოდ დამტკიცდა, რომ ამერიკულ სტრატეგიულ ბომბდამშენებამდე ნახევარ კილომეტრში მიახლოებული ხუთი ეჭვმიტანილი მართლაც აპირებდა ტერორისტული აქტის განხორციელებას, გამოვა, რომ ირანმა, დაბომბვების გამო მოინდომა შურისძიება ამ ამერიკული ბომბდამშენების ბაზირების ადგილზევე ანუ სცადა, გაემეორებინა უკრაინული „აბლაბუდას“ არნახული და ძალზე წარმატებული სპეცოპერაცია, როდესაც რუსეთის ერთმანეთისგან ათასობით კმ-ით დაშორებულ ოთხ ავიაბაზას უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა ერთდროულად შეუტიეს და ორ ათეულზე მეტი სტრატეგიული ბომბდამშენი გაანადგურეს ან კიდევ დიდი ხნით გამოიყვანეს მწყობრიდან...

ფოტო: შემთხვევის ადგილას დაკავებული ეჭვმიტანილები, რომლებიც ევროპელები არ უნდა იყვნენ...
გავრცელებულ ფოტოკადრებში მოჩანს, რომ ბრიტანული სპეცსამსახურის მიერ დაკავებული და წელს ზემოთ გაშიშვლებული ეჭვმიტანილები ევროპელები არ არიან და უფრო აზიელებს და აფრიკელებს წააგავენ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი მაინცდამაინც ირანის მიერ დაქირავებულნი ყოფილიყვნენ, რადგან არ უნდა გამოირიცხოს რუსული სპეცსამსახურების კვალიც, რადგან კრემლს „ყელში ამოუვიდა“ ბრიტანელების სამხედრო დახმარება, უკრაინის სასარგებლოდ და შეიძლება სცადა ბრიტანულ ავიაბაზაზე ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენების რეზონანსული აფეთქება, რითაც ტრამპის გაცოფება გამოეწვია ბრიტანელი მოკავშირეების მიმართ - როგორ ვერ დაიცავით ჩემი ბომბდამშენები თქვენს სამხედრო აეროდრომზეო...