"ქურმუხის ტაძრის საკითხზე ყველას ეშლება ცოტ-ცოტა, აზერბაიჯანს მინიმუმ კულტურის სამინისტრო უნდა გაეფრთხილებინა, საპატრიარქოს კი, ეს მთავრობასთან უნდა მიეტანა" - კახა გოგოლაშვილი - კვირის პალიტრა

"ქურმუხის ტაძრის საკითხზე ყველას ეშლება ცოტ-ცოტა, აზერბაიჯანს მინიმუმ კულტურის სამინისტრო უნდა გაეფრთხილებინა, საპატრიარქოს კი, ეს მთავრობასთან უნდა მიეტანა" - კახა გოგოლაშვილი

როცა ასეთ ნაბიჯებს დგამს აზერბაიჯანის ხელისუფლება და იწყებს ქართულ ეკლესიაში სამუშაოებს და არ აფრთხილებს, როგორც მინიმუმ კულტურის სამინისტროს, აქ აზერბაიჯანის მხარემ შეცდომა დაუშვა, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოს მხრიდან აქ სიფრთხილე არ იყო გამოჩენილი და ჩვენ მივიღეთ ძალიან არასასიამოვნო პასუხი - ბევრად უფრო სწორი იქნებოდა საპატრიარქოს ეს მიეტანათ მთავრობისთვის და მთავრობებს ელაპარაკათ ერთმანეთთან, - ამის შესახებ ევროკავშირის პოლიტიკის მკვლევარმა კახა გოგოლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქურმუხის ტაძართან დაკავშირებული საკითხების შეფასებისას განაცხადა.

კახა გოგოლაშვილის შეფასებით, თუ ქვეყნებს სურთ კარგი ურთიერთობები, არ შეიძლება ყველაფრის ტელევიზიით გამოტანა და ვითარების დაძაბვა, რადგან ჩამოყალიბების პროცესში მყოფ სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც დელიმიტაციის საკითხიც არ აქვთ გადაწყვეტილი, ბევრი რამე შეიძლება გახდეს კონფლიქტის საგანი.

„ალბათ, ყველას ეშლება ცოტ-ცოტა აქ. პირველ რიგში, აზერბაიჯანის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა არსებობს თუ არა სახელშეკრულებო ბაზა, არსებობს თუ არა რაღაც საერთაშორისო შეთანხმება ჩვენს შორის ქცევის წესების შესახებ ქართული კულტურული ძეგლების მიმართ ან აზერბაიჯანული კულტურული ძეგლების მიმართ საქართველოში, არსებობს უბრალოდ მორალი, არსებობს ქვეყნებს შორის კეთილი ნება, ურთიერთობები, მისი გაფრთხილების ვალდებულება. შესაბამისად, როცა ასეთ ნაბიჯებს დგამს აზერბაიჯანის ხელისუფლება და იწყებს ქართული ეკლესიაში სამუშაოებს და არ უთანხმდება, არ აფრთხილებს როგორც მინიმუმ კულტურის სამინისტროს, აქ აზერბაიჯანის მხარე, რა თქმა უნდა, შეცდომას უშვებს. მე ასე მგონია და ვერავინ გადამარწმუნებს, რომ ასე არ არის. ასევე, შესაძლებელია, რომ იმ რეაგირების ნაცვლად, რაც მოჰყვა საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან, ბევრად უფრო სწორი იქნებოდა, მათ ეს მიეტანათ მთავრობისთვის და მთავრობებს ელაპარაკათ ერთმანეთთან. არ არის გამორიცხული, რომ ეს განცხადება იყო პროვოკაციული. აქ უამრავი მიზეზი არის ნებისმიერ დროს, რომ ჩვენ კონფლიქტი ავტეხოთ ერთმანეთთან - გარეჯი იყო ძალიან კარგი მაგალითი. თუ ქვეყნებს სურთ კარგი ურთიერთობები, არ შეიძლება ყველაფრის ტელევიზიით გამოტანა და დაძაბვა. მიზეზები არის ძალიან ბევრი ასეთ ვითარებაში. სახელმწიფოები ჩამოყალიბების პროცესშია - საზღვრები, რომ არ გაქვს დელიმიტერბული, ესე იგი შენ ჩამოყალიბების სტადიაში ხარ და აქ დიპლომატია უნდა იყოს პირველ პლანზე და უნდა იყოს სიფრთხილე. ვფიქრობ, რომ საქართველოს მხრიდან აქ სიფრთხილე არ იყო გამოჩენილი და ჩვენ მივიღეთ ძალიან არასასიამოვნო პასუხი. ამიტომ ჯობია, რომ ახლა აზერბაიჯანის განცხადება განვიხილოთ როგორც საკმაოდ ხისტი, მაგრამ ის, რომ აზერბაიჯანი აბსოლუტურად მცდარია და გვართმევს რაღაცას, ასე არ უნდა განვიხილოთ, იმიტომ, რომ ის ლეგალურად სწორია“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა