"შეიძლება ამბიციურად გამომივიდეს, მაგრამ სიმართლე ხომ უნდა ვთქვა? - რას ჰყვება ლექს-სენი ოჯახსა და კარიერაზე?
Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარი იყო ქართველი რეპერი ლექს-სენი (ლექსო ქავთარაძე). მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ტელეინტერვიუს საინტერესო ეპიზოდების ელექტრონულ ვერსიას, ხოლო "სახალხო ინტერვიუს“ სრული გადაცემის ნახვას მითითებულ ბმულზე შეძლებთ.
"მოგესალმებით! მე ვარ ალექსი ქავთარაძე, იგივე "ლექს-სენი“, ქართველი რეპერი. ამ ეტაპზე ჩემი საქმიანობის ძირითადი არეალი ტრადიციულად ისევ ის არის, საიდანაც მოვედი: სტუდია, მუსიკა, გადაღებები და, რაც მთავარია, ძალიან ბევრი კონცერტი“ - ასე დაიწყო ლექს-სენმა საუბარი.
თინათინი:
- რა მოგიტანათ ფსევდონიმმა - ლექს-სენი? სწორი არჩევანი იყო?
- სხვათა შორის, სულ ახლახან, რამდენიმე კვირის წინ, ზუსტად ამაზე გვქონდა საუბარი უცხო ადამიანებთან. გამიხარდა, რომ ეს ჩემი ჩანაფიქრი საზოგადოებამ ასე სწორად მიიღო. რამდენიმე ადამიანმა პირდაპირ მითხრა: "ძალიან მაგარი სახელი გაქვსო“. ვკითხე: "რას გულისხმობთ-მეთქი?“. "ლექს-სენს,“ როგორ მოიფიქრეო?“ მერე გამახსენდა ამ სახელის მოფიქრების დრო - მეხის გავარდნასავით შევქმენი, მე თვითონ დავბადე და, როგორც ჩანს, გაამართლა.
რეზო:
- წარსულს რომ იხსენებთ, რა არის ყველაზე ძვირფასი მოგონება იმ პერიოდიდან, როდესაც კარიერას იწყებდით?
- წარსულის გახსენება ყოველთვის რთულია, რადგან ბევრი რამ ხდებოდა და უცებ ყველაფრის გახსენება ჭირს. თუმცა ჩემთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მაინც ის პროცესია, როდესაც კარიერას იწყებ: ეს საფეხურები, რომლებზეც უნდა ახვიდე - ერთი გააკეთე, გამოგივიდა, მერე მეორე უნდა გამოგივიდეს... თვითონ ეს პროცესი იმდენად კარგი მოსაგონარია, რომ როდესაც წარსულის გზას ვიხსენებ, ის განსაკუთრებით სასიამოვნოდ მახსენდება.
თიკო:
- 90-იანი წლების მიწურულს გქონდათ მოლოდინი, რომ საზოგადოება მომდევნო წლებში ასე გაგიცნობდათ, მიგიღებდათ. ელოდით ასეთ მასშტაბურ წარმატებას?
- შეიძლება ამბიციურად გამომივიდეს, მაგრამ სიმართლე ხომ უნდა ვთქვა? არ მიყვარს მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი. როცა ვიწყებდი, 100%-ით დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ყველაფერი გამომივიდოდა და საზოგადოება ზუსტად ისე მიიღებდა ამას, როგორც დავიწყე და გადმოვეცი. წინა კითხვაც რომ ვიხსენებ - ლექს-სენის სახელს და ა.შ. მგონი, ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია.
გიო:
- რას უკავშირდება თქვენი ტექსტების შექმნის ემოცია?
- ძირითადი პრობლემა, რაც მაშინ ჩემთვის არსებობდა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იყო. ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით გარკვეული შეზღუდვები ხელს გიშლიდა. ვერ იტყოდი, რომ, დავუშვათ, "ეს შარვალი მომწონს და უნდა ვიყიდო“, "ის გოგო მომწონს“ ან "ეს პოლიტიკოსი მომწონს/არ მომწონს“. არსებობდა კლიშეები, რომლებითაც ყველაფერს უყურებდნენ. ჩემი მიზანი ამ სტერეოტიპების დანგრევა იყო, რომ გამოხატვის თავისუფლება ემოციურად უფრო შესაძლებელი გამხდარიყო. სწორედ ამაზე აიგო ჩემი შემოქმედების ტექსტებიც. ვრცლად