"როცა საავადმყოფოს კართან ვდგავარ ... როცა მის თვალებში სიცოცხლეს ვეძებ..." - რას წერს ვატო ნარსავიძის დედა?
11 წლის ვატო ნარსავიძის ოჯახისთვის მძიმე დღეები კვლავ გრძელდება. მოზარდი, რომელსაც თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის მე-10 სართულიდან გადმოგდებული სკამი დაეცა, ხანგრძლივ მკურნალობასა და რეაბილიტაციას საჭიროებს. ვატოს დედა, თიკო ქანთარია, სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს და მადლობას უხდის ყველას, ვინც ამ უმძიმეს პერიოდში მის ოჯახს გვერდით დაუდგა.
როგორც დედა წერს, ერთი წამი საკმარისი აღმოჩნდა, რომ მისი და მისი ოჯახის ცხოვრება სამუდამოდ შეცვლილიყო. შვილის სიცოცხლისთვის ყოველდღიური ბრძოლა, შიში და იმედი მათი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. თიკო ქანთარია მადლობას უხდის ყველას, ვინც ვატოსთვის ლოცულობს, ამხნევებს ოჯახს და ფინანსურად ეხმარება
"მადლობა… ერთი პატარა სიტყვაა, მაგრამ დღეს ჩემთვის მთელი სამყაროა.
არასოდეს მიფიქრია, რომ ოდესმე მომიწევდა ასეთი წერილის დაწერა. არ ვარ ადამიანი, რომელსაც პოსტების წერა ეხერხება. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩემს შვილს მეათე სართულიდან საზიზღარი პათოლოგის ნასროლი სკამი დაეცემოდა და ჩვენი ოჯახის ცხოვრება ერთ წამში თავდაყირა დადგებოდა.
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი შვილის ღიმილის, სიცოცხლის და ფეხბურთის ნაცვლად, მისი საწოლის გვერდით დგომა მისი თითოეული ამოსუნთქვისთვის ლოდინი გახდებოდა ჩემი ყოველდღიურობა. ერთი წამი, მხოლოდ ერთი წამი იყო საკმარისი იმისთვის, რომ ცხოვრება ორ ნაწილად გაყოფილიყო - მანამდე და მის შემდეგ.
ვატოს ტრაგედიის შემდეგ ჩემი ოჯახისთვის ყოველი დღე ბრძოლაა - იმედი, შიში, ცრემლი და ისევ იმედი…
და ამ უმძიმეს დღეებში ჩვენ მარტო არ დაგიტოვებივართ. მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ვატოსთვის ილოცა.
მადლობა ყველას, ვინც ერთი სიტყვით გაგვამხნევა, მოგვწერა, დაგვირეკა, გააზიარა ჩვენი ამბავი.