წიგნი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა - გიორგი კეკელიძე
წიგნის კითხვა მხოლოდ ინფორმაციის მიღების საშუალება არ არის - ეს არის გონების ვარჯიში, ემოციური ინტელექტის განვითარება და საკუთარ თავთან შეხვედრის საუკეთესო გზა.
რატომ არის წიგნის კითხვა განსაკუთრებული და რას აძლევს ის ადამიანს? ის ტვინისა და მეხსიერების ვარჯიშია. ფსიქოლოგების განმარტებით, კითხვისას ტვინი აქტიურად მუშაობს - იმახსოვრებს სიუჟეტურ ხაზებს, პერსონაჟებს, დეტალებსა და კონტექსტს. ეს აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს, ფოკუსს და ამცირებს კოგნიტიური დაქვეითების რისკს ასაკის მატებასთან ერთად.ასევე აღრმავებს ემპათიას. მხატვრული ლიტერატურა საშუალებას გვაძლევს, "ვიცხოვროთ“ სხვადასხვა პერსონაჟის ცხოვრებით, დავინახოთ სამყარო მათი თვალით და უკეთ გავუგოთ განსხვავებული გამოცდილების, კულტურისა თუ მსოფლმხედველობის ადამიანებს.
კითხვა ავითარებს ლექსიკური მარაგსა და მეტყველება. რეგულარული კითხვა ბუნებრივად ამდიდრებს ენას, აუმჯობესებს აზრის მკაფიოდ და გამართულად გამოხატვის უნარს, როგორც ზეპირმეტყველებაში, ისე წერისას.
ამცირებს და დასვენებისთვის საუკეთესო საშუალებაა. კვლევები აჩვენებს, რომ რამდენიმეწუთიანი ყურადღებით კითხვაც კი საგრძნობლად ამცირებს სტრესის დონეს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ეხმარება ადამიანს ყოველდღიური შფოთვისგან დისტანცირებაში.
სპეციალისტები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ წიგნი მკითხველს ეხმარება კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში. წიგნი გვასწავლის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვას, მოვლენების სიღრმისეულ ანალიზს და საკუთარი დამოუკიდებელი აზრის ჩამოყალიბებას.
კითხვა არ არის უბრალოდ ჰობი ეს არის ჩვევა, რომელიც ამდიდრებს შინაგან სამყაროს და სამყაროს აღქმას უფრო მრავალფეროვანს ხდის.Ambebi.ge ამ თემასთან დაკავშირებით მწერალი და პუბლიცისტი გიორგი კეკელიძე ესაუბრება.
- რა იყო პირველი წიგნი, რომელიც წაიკითხეთ და რა შთაბეჭდილება შეგიქმნათ?
- ტომ სოიერის თავგადასავალი. ჯერ მამაჩემი მიკითხავდა და კითხვა რომ ვისწავლე, თავიდან გადავფურცლე. სადმე თვალს რომ მოვკრავ, აუცილებლად გადავშლი და გენიალურ დასაწყისს: ტომ! პასუხი არ არის! წამის უსწრაფესად გადავყავარ ქალაქ ოზურგეთში, კალანდარიშვილის ქუჩაზე - 12 ა ნომერში.
- როგორ ფიქრობთ, ბავშვები როგორ უნდა დაუახლოვდნენ წიგნს და შეიყვარონ კითხვა?
- საჭიროებას თუ დავანახებთ, თუ ავუხსნით, რომ წიგნი აქამდე განცდილი გამოცდილებების ჯამია, რომ რამდენ წიგნსაც წავიკითხავთ, იმდენი პერსონაჟით მეტი ჩასახლდება ჩვენში და რამდენი პერსონაჟით მეტი ჩასახლდება, იმდენჯერ უფრო მდიდარი იქნება ფიქრით ჩვენი გონება - უფრო იოლად მივიყვანთ წიგნთან.
კითხვა ზოგს ეყვარება და ზოგს არა - ეს გარდაუვალი ამბავია, მაგრამ კითხვით ყველამ უნდა იკითხოს. ადამიანად ყოფნის ერთი ნიშანთაგანი ესეც არის.
ბევრი მეთოდია და საუკეთესო მაინც მაგალითის მიცემა მგონია და მონაწილეობა.