„მამას ყველაფერში ვგავარ“ - ორი თაობის ისტორია რუსთაველის თეატრის სცენაზე
რუსთაველის თეატრში თითქმის ოთხი ათეული წელი მოღვაწეობდა მსახიობი და პოეტი გივი ჭიჭინაძე. მამის კვალს მიჰყვება და იმავე თეატრში აგრძელებს მსახიობობას მარიკა ჭიჭინაძე, რომელიც უკვე 40 წელზე მეტია სცენაზე დგას. როგორ დაიწყო მამა-შვილის გზა ხელოვნებაში, რამდენად რთულია ეს გზა, რა სიძნელეებს აწყდება მსახიობი - ქალბატონ მარიკასთან ამ და სხვა თემებზეც ვისაუბრე.
- მამაჩემს ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა - ეს იყო 30-იანი წლების რეპრესიები, სამამულო ომი, ომისშემდგომი გაჭირვება. პატარა იყო, როცა დაკარგა მამა, მერე უფროსი ძმა ახალგაზრდა გარდაიცვალა. გივის ნათესავები ქორეთში (საჩხერის რაიონი) ცხოვრობდნენ და ზაფხულობით მათთან იყო ხოლმე. რთული ცხოვრების მიუხედავად, მამას თავისი დარდითა და ტკივილით არავინ შეუწუხებია. ყველა ამბობდა, რომ ის იყო ოპტიმისტი, ხალისიანი, მოსიყვარულე, უშურველი, დაუზარელი... უყვარდა მეგობრები, მუსიკა, მოვიდოდა სახლში და ვთქვათ, არ იყო კარგად - იწყებდა დაკვრას, ასე „ატანდა“ მუსიკას ყველაფერ ცუდს. ჩვენთან ხშირად იშლებოდა სუფრა, სტუმრები უყვარდა. მამას უახლოესი მეგობრები იყვნენ და ხშირად მოდიოდნენ ჩვენთან მხატვარი თაზო ხუციშვილი და ხელოვნების ისტორიკოსი იუზა ხუსკივაძე (ნანუკა ხუსკივაძის მამა). მამაჩემი და ზაზა ლებანიძე ერთად მუშაობდნენ სოხუმის თეატრში. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ზაზა ხშირად იხსენებდა მას დიდი სიყვარულით. გივი ძალიან უყვარდა სოფიკო ჭიაურელს და ბევრ სხვა პიროვნებას. იუზა ხუსკივაძესთან მეც ვმეგობრობდი და სხვათა შორის, სიგარეტის მოწევა დავიწყე იმიტომ, რომ როცა მესაუბრებოდა, გემრიელად ეწეოდა და მომწონდა. ძალიან საინტერესო პიროვნება იყო, წასაკითხ წიგნებს მირჩევდა ხოლმე.

ფოტო: გივი ჭიჭინაძე
- მამა-შვილმა რატომ აირჩიეთ მსახიობის პროფესია?
- ბავშვობაში ზღაპრის გმირებს ვბაძავდი, მათში საინტერესო პერსონაჟებს ვხედავდი, მათ ტყავში მინდოდა შესვლა... ალბათ, მსახიობობა უკვე მაშინ მინდოდა. მამას ყველაფერში ვგავარ და ვფიქრობ, ბავშვობაში იმასაც ასეთი განწყობები ჰქონდა. რატომ გახდი მსახიობი-თქო? კონკრეტულად არასოდეს მიკითხავს. ერთი თავისი ხელნაწერი წიგნის წინასიტყვაობაში მამა წერს: „ჩემი თაობის უმრავლესობა პოეზიის მადლს იმ ძნელბედობის ჟამს ეზიარა, როცა ნახევრად მშიერ-ჩაუცმელი, შაოსანი დედები ლექსით გვიპურებდნენ სულს, იმედს გვიღვივებდნენ, რათა სასოწარკვეთილებს ოცნებისა და ღიმილის უნარი არ დაგვკარგვოდა...მერე ჩვენც ვწერდით ლექსებს, მოზარდმაყურებელთა თეატრიდან დაბრუნებულნი შინ ვმართავდით სპექტაკლებს, ქვაფენილზე და ფანჯრის დაორთქლილ მინებზე ვხატავდით მზესა და ყვავილებს, ბავშვური სიჯიუტით გვჯეროდა ხვალინდელი დღის...“. თეატრალური ინსტიტუტი რომ დაამთავრა, სამუშაოდ წავიდა სოხუმის თეატრში (მე სოხუმში დავიბადე). წარმატებული როლებით დაიწყო მისი კარიერა და ორი წლის შემდეგ მიიწვიეს რუსთაველის თეატრში, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ემსახურა.

ფოტო: მარიკა ჭიჭინაძე
გივი ჩემი მსახიობობის წინააღმდეგი იყო, ძალიან ემოციური ვიყავი და ახლაც ასეთი ვარ. მამა ჩემს ფსიქიკას უფრთხილდებოდა, თავადაც მგრძნობიარე ადამიანი იყო. ჯერ ვეუბნებოდი, თეატრმცოდნეობაზე ვაბარებ-მეთქი, მერე გამოვტყდი. წამიყვანა მუმუშა გაწერელიასთან, რომელსაც სთხოვა: იქნებ დაელაპარაკო და უარი უთხრაო. მან მომისმინა, ლექსები წამაკითხა და მამაჩემს (თავის მეგობარს) გამოუცხადა - უნდა ჩააბაროსო. გამოცდების დაწყების დღეს მამას პირველად აუწია წნევამ.
- ლილი იოსელიანთან სწავლობდით და როგორ გაუძელით მის სიმკაცრეს?
- ლილი იყო არაჩვეულებრივი პედაგოგი, ოღონდ ძალიან მძიმე და ზედმეტად მკაცრი. ერთხელ რაღაც ისეთი მითხრა, რომ აუდიტორიიდან გავიქეცი, უკან დაბრუნებას არ ვაპირებდი. ლილიმ რატომღაც ფსიქოთერაპევტი გამომიგზავნა... რაში მჭირდებოდა? ვტიროდი - ინსტიტუტი აღარ მინდა-მეთქი. მერე მამაჩემს სთხოვა - დავბრუნებულიყავი. სხვათა შორის, რომ დავბრუნდი, ლილი სხვანაირად მექცეოდა. როლზე მუშაობისას სულ ძიებაში ვარ, მგონია, რომ კიდევ რაღაც მჭირდება და ის არ არის, რაც მინდა... ამას ხედავდა მამა და ისე განმაწყობდა ხოლმე, რომ დავმშვიდებულიყავი.

ფოტო: მარიკა ჭიჭინაძე ნუცას როლში
რობიკოსთანაც მქონია გაქცევის მომენტი... ძალიან კარგად ვიმუშავეთ სპექტაკლზე „ასულნი“. მხოლოდ ერთ დღეს მოვიდა რეპეტიციაზე უხასიათოდ და ყველანი დაგვზაფრა, გავხედე მსახიობებს - ვაიმეო, იძახიან. ამ დროს, სიცილი ამიტყდა. მარიკა რა გაცინებსო? გაუკვირდა რობიკოს... კარგახანია იუმორით ვუყურებ ასეთ სიტუაციებს. სულ ამას ვამბობ: რეჟისორმა შეიძლება იყვიროს ან გაბრაზდეს, ეს გასაგებია, მაგრამ მსახიობს ყვირილით არ უნდა აუხსნას ესა თუ ის ეპიზოდი, ან რაღაც საშინელება არ უნდა უთხრას. მითუმეტეს, შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენოს. მხატვარი როცა ხატავს, ის ეფერება საღებავსაც, ფუნჯსაც... მსახიობი და რეჟისორი ხომ ერთ საქმეს აკეთებენ?! თეატრის სამყარო საოცრებაა, მაგრამ აქ არის უსამართლობაც, ინტრიგებიც... მამაჩემსაც ბევრი რამ საკუთარ თავზე გამოუცდია.
- რომელია პირველი როლი თეატრსა და კინოში?
- ჯერ ისევ ვსწავლობდი, როცა რობიკომ შემიყვანა სპექტაკლში „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე“ საპოჟნიკოვას როლზე. ბელა მირიანაშვილი მამეცადინებდა, რეჟისორის ასისტენტი იყო, როლზე სამუშაოდ მასთან სახლში მივდიოდი. ამ ქალზე ვგიჟდებოდი, ისე მიყვარდა. კოპლებიანი კაბა რომ აცვია ფილმში „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“, ძალიან მომწონდა და მეც მინდოდა ისეთი კაბა მქონოდა.
პირველი ფილმი იყო „ქორწინება იმერულად“, თუმცა თავიდან მე არ დამამტკიცეს ნუცას როლზე. რამდენიმე ეპიზოდი გადაიღეს სხვისი მონაწილეობით, რომელსაც მერე რაღაც პრეტენზიები გასჩენია... ამ დროს ვისვენებ ოჯახთან ერთად გაგრაში (ზაფხულია), ყოველ წელს ლიტფონდის სანატორიუმში მივდიოდით. უცებ მამას ურეკავენ კინოსტუდიიდან და ეუბნებიან, რომ უნდა ჩავიდე გადაღებაზე ჭიათურაში. მერე გავიგე, სესილიას უთქვამს, სხვა გოგონების ფოტოები მაჩვენეთო და არჩევანი ჩემზე შეუჩერებია - ეს მოიყვანეთო. გაგრაში ჩამსვეს მატარებელში და იმ სადგურში, სადაც უნდა ჩავსულიყავი მსახიობები დამხვდნენ (მათ შორის, დოდო აბაშიძე იყო). ასე აღმოვჩნდი პირდაპირ გადასაღებ მოედანზე.

ფოტო: რუსთაველის თეატრში
- ბატონი გივი იყო არაჩვეულებრივი საბავშვო პოეტი, დრამატურგი. ლექსი „სიმღერა საქართველოზე“ წლების წინ შესული იყო დაწყებითი კლასის სახელმძღვანელოში, არაერთი სიმღერა აჟღერდა მის ლექსებზე. მისი შემოქმედების ამ მხარეზე მიამბეთ.
- სხვათა შორის, თქვენ რომ დამირეკეთ ინტერვიუზე შესათანხმებლად, მერე განათლების სამინისტროდან დარეკეს და მითხრეს, რომ ლექსის შეტანა გვინდა სახელმძღვანელოშიო. ისე გამიხარდა, რომ არ მიკითხავს, რომელ ლექსს გულისხმობდნენ და ისიც ვუთხარი, თანხით არ ვარ დაინტერესებული-მეთქი. მამას პიესები ხშირად იდგმებოდა თოჯინების თეატრში. ის იყო პირველი თოვლის ბაბუა, რომელიც დადიოდა საბავშვო ბაღებში და ბავშვებს ახალ წელს ულოცავდა. შენახული მაქვს უამრავი ფოტო, სადაც გივი ბავშვებთან ერთადაა გადაღებული სხვადასხვა შეხვედრაზე. მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა კრებული „ქაღალდის ყვავილი“, აქ შევიდა ლექსები, ასე ვთქვათ, დიდებისთვის (წიგნს მაჩვენებს - ავტ.). აქ იმდენი ტკივილია, განცდები, ემოცია... შეიძლება ითქვას, რომ ამ ლექსებს ვინც წაიკითხავს, ის გივი ჭიჭინაძეს გაიცნობს. ეს კრებული მამამ თავად შეადგინა, გამოცემას აპირებდა 1989 წლის გაზაფხულზე, მაგრამ 9 აპრილის ტრაგედიამ ყველაფერი შეცვალა. მამა იმ ღამეს მოიწამლა და ჯანმრთელობა შეერყა, მერე ქვეყანაც აირია...
- ალბათ, ხშირად გადაიკითხავთ ხოლმე მის ლექსებს...
- ბოლოს დაწერილ ლექსს წაგიკითხავთ, უკვე მძიმედ იყო - „ტირილით მოველ, კივილით მოველ / მცირე რამ მქონდა გასახარელი. / მე ლექსის გარდა ვერარა ვპოვე / და აღსასრულსაც კეთილს არ ველი. / ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი, / იყო საღამო და უმზეო დღე, / მთელი ბავშვობა და სიყმაწვილე / კოჭლი სტრიქონი მყავდა მეოხედ. / ისე უეცრად მოდგა სიბერე, / დამიმორჩილა ძალით თუ ნებით, / შუა ჭალაში დავკეცე ფრთები და / და მორიელის ნაკბენით ვკვდები.“

ფოტო: გივი ჭიჭინაძე პიონერთა სასახლეში
- ჩვენი საუბარი იმ ლექსით დავამთავროთ, შვილებს რომ მოგიძღვნათ.
-„ჩემო მარიამ, ლევან და ანავ, / უფალმა კარგად გვამყოფოს მანამ, / ვიდრე ქართველნი ქართულ მარანში / წურავენ კახურს, ქვიშხურს და მანავს. / სიონის ზარი ვიდრემდე რეკავს / და ნათელსა ჰფენს ქართულ ხასიათს, / ყველა, ყველა და ყოფნას ამ ქვეყნად / ამის გარეშე რაღა ფასი აქვს.“
ნანული ზოტიკიშვილი
(სპეციალურად საიტისთვის)