რატომ შეწყდა საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის მატჩი 10 წამში? - რა განცხადება გაავრცელა ქალთა საფეხბურთო კლუბმა "ლანჩხუთმა"
საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის მორიგ ტურში ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდი ნიკე ლუსოს მასპინძლობდა, თუმცა მატჩის დაწყებიდან 10 წამში ლანჩხუთელმა ფეხბურთელებმა მატჩი შეწყვიტეს და სტდიონზე ბანერი გამოფინეს: "ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა".
მომხდართან დაკავშირებით ქალთა საფეხბურთო კლუბი "ლანჩხუთი" განცხადებას ავრცელებს:
"ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა! თითქოს არაფერი მოხდა ისე გამოვიდეთ და ფეხბურთი ვითამაშოთ არ იქნება გამართლებული. სამწუხაროდ, ჩვენი დღევანდელი მეტოქე (ნიკე-ლუსო) ის კლუბია, რომლის გულშემატკივრებმა და თანამშრომლებმაც გასული წლის სექტემბერში მოედანზე ფიზიკურად იძალადეს ჩვენს ფეხბურთელებზე და მწვრთნელებზე.
ეს ის კლუბია, რომელიც გასახდელებში დამონტაჟებული ვიდეოკამერებით იწერდა ფეხბურთელებს, შეგახსენებთ რომ ამ კლუბში ასევე ირიცხებიან არასრულწლოვანი გოგონებიც. და ბოლოს ეს ის კლუბია, რომლის მფლობელი და პრეზიდენტი თავისი კლუბის ფეხბურთელის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს მიმდინარე წლის იანვარში.
ჩვენი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა სექსუალური ძალადობის მსხვერპლს, საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელს, რომელიც თვეებია იბრძვის რომ დაუბრუნდეს ცხოვრებას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით!" - ნათქვამია განცხადებაში.