პუტინმა "უკრაინკიდან“ აფრენილი უკრაინის დამბომბველი მორიგი სტალინისდროინდელი "დათვი“ დაკარგა...
2026 წლის 29 სექტემბერს რუსეთის ამურის ოლქში, სასწავლო-საწვრთნელი ფრენის დროს, რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-95МС-ი ჩამოვარდა. მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა ეკიპაჟის 6 წევრი, ხოლო 1 გადარჩა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თვითმფრინავი სოფელ კრასნოიაროვოს მახლობლად, დაუსახლებელ პუნქტში ჩამოვარდა.
წინასწარი მონაცემებით, კატასტროფა ტექნიკურმა გაუმართაობამ (სავარაუდოდ, ძრავაზე გაჩენილმა ხანძარმა ან საწვავის აფეთქებამ) გამოიწვია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბომბდამშენი საბრძოლო კომპლექტის (ამუნიციის) გარეშე მიფრინავდა.
კატასტროფას გადაურჩა ეკიპაჟის მხოლოდ 1 წევრი, რომელიც საშუალო სიმძიმის ტრავმებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამხედრო გამომძიებლები მისგან ელიან უმნიშვნელოვანეს ჩვენებას იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა მოხდა ბორტზე მართვის დაკარგვამდე და რატომ ვერ მოასწრო ეკიპაჟის დანარჩენმა 6-მა წევრმა თვითმფრინავის დატოვება.
ეს,რაც შეეხება ავიაკატასტროფიდან რამდენიმე საათის შემდეგ გავრცელებულ ოფიციალურ და არაოფიციალურ ინფორმაციას,თუმცა სხვა დასკვნების გამოტანაც შეიძლება...
პირველი-ავიაკატასტროფის ადგილის სიახლოვეს სოფელში დამონტაჟებულ სათვალთვალო ვიდეოკამერაზე მოჩანს თუ ღამის ცაში რა დაბალ სიმაღლეზე მარჯვენა კრენით მოფრინავს ფარებანთებული რუსული სტრატეგიული დანიშნულების რაკეტმზიდ-ბომბდამშენი Ту-95МС-ი და რამდენიმე წამში ის ვიდეოკამერის თვალთახედვის მიღმა ეცემა და ფეთქდება, რისი მიხვედრაც შეიძლება არემარეს დღესავით განათების გამო.
მეორე-ეს რუსული 50 მ სიგრძისა და 185 ტ მასის რაკეტმზიდ-ბომბდამშნი, რომელსაც ნატოს კლასიფიკაციით „დათვს“ ეძახიან და რომლის პროტოტიპიც-Ту-95-ი, ჯერ კიდევ 1952 წლის 12 ნოემბერს ანუ სტალინის სიცოცხლის პერიოდშივე აფრინდა, ბაზირებდა რუსეთის ამურის ოლქის „უკრაინკას“ სამხედრო აეროდრომზე, საიდანაც კატასტროფის ადგილამდე 30 კმ-ია და წესით ეკიპაჟს ამ მანძილზე ბევრად მეტი სიმაღლე უნდა აეღო,მაგრამ სავარაუდოდ, ძრავების გამართული მუშაობის პრობლემა გაჩნდა.
მესამე- ერთგვარი ბედის დაცინვაა, რომ რუსული სამხედრო აეროდრომიდან „უკრაინკიდან“ აფრენილი Ту-95МС-ები მეხუთე წელია ფრთოსან რაკეტებს უშვებენ უკრაინის ქალაქების დასანგრევად.
„უკრაინკას“ სამხედრო აეროდრომიდან უკრაინის საზღვრამდე არანაკლებ 6 ათასი კმ-ია და ამ სიშორეზე რუსული „დათვები“ თავს დაცულად გრძნობენ უკრაინული შორსმფრენი კამიკაძე-დრონების საპასუხო შურისმაძიებელი სტუმრობებისგან,თუმცა,2025 წლის 1 ივნისს „უკრაინკის“ რუსული „დათვები“ ბეწვზე გადაურჩნენ განადგურებას, როდესაც უკრაინის სპეცსამსახურებმა საიდუმლო სპეცოპერაციის „აბლაბუდას“ ფარგლებში FPV-დრონებით (რომლებიც ტრაილერებზე დადებული ხის სახლების სახურავებში იყო ფარულად განთავსებული) რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომს ერთდროულად შეუტიეს სწორედ რუსული „დათვების“-Ту-95МС-ების მიწაზე გასანადგურებლად და მეხუთე ტრაილერს, რომელიც რამდენიმე კმ-ში გაჩერდა „უკრაინკის“ აეროდრომიდან,მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქება მოხდა, რამაც ჩაშალა უკრაინული დრონების თავდასხმა „უკრაინკას“ „დათვებზე“.
თავად სახელი „უკრაინკა“ ამ აეროდრომმა ჯერ კიდევ 1950-იან წლებში იმიტომ მიიღო,რომ ის აშენდა სოფელ უკრაინკას მახლობლად,თავად სოფელს კი ეს სახელი იმ უკრაინელების გამო დაერქვა,რომლებიც 19-20 საუკუნების გასაყარზე მეფის რუსეთმა უკრაინიდან შორეულ აღმოსავლეთში,ამურის ოლქში გადაასახლა.
მეოთხე- Ту-95МС-ის ეკიპაჟი შვიდი კაცისგან შედგება,რომლებიც თითქმის განწირული არიან ისეთ ავარიულ შემთხვევებში,როგორშიც 29 სექტემბერს კატასტროფაგანცდილი რუსული „დათვი“ აღმოჩნდა.
საქმე ის არის,რომ ეკიპაჟის არცერთი წევრისთვის არ არის განსაზღვრული...კატაპულტირებადი სავარძელი,უფრო მეტიც-იმისთვის,რომ წინა ჰერმეტიული კაბინიდან ეკიპაჟის წევრები პარაშუტებით გადმოხტნენ,ამისთვის ჯერ თვითმფრინავის წინა შასის იძულებითი გამოშვება ხდება,რის შემდეგაც ეკიპაჟის წევრები წვრილ გასაძრომში უნდა ჩაცურდნენ,რომ როგორმე მოასწრონ ავარიული თვითმფრინავის დატოვება.ადვილი წარმოსადგენია,რამდენად რთულია ამის სასწრაფოდ გაკეთება და თანაც ძალიან დაბალ სიმაღლეზე,რაც პარაშუტის გახსნისა და ჰაერით შევსების დროსაც აღარ ტოვებს.