"სტუმრად იყვნენ მეგობართან და კორპუსიდან რომ ჩამოდიოდნენ, ლიფტი მაშინ მოწყდა" - როგორია სანზონაში მე-10 სართულიდან მოწყვეტილ ლიფტში მყოფი ახალგაზრდების მდგომარეობა?!
თბილისში, სანზონაში, გურამიშვილის გამზირზე, წუხელ ლიფტი ჩაწყდა. მე-10 სართულიდან ლიფტი მოწყდა მაშინ, როცა ლიფტში 6 ახალგაზრდა იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები, მაშველები და სასწრაფოს ბრიგადები მალევე მივიდნენ.
ჩვენ დავუკავშირდით სამაშველო სამსახურის პრესასმსახურს, იქ გვითხრეს, რომ ყველა მათგანი იყო კონტაქტური და იქვე იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადები, ამიტომ გადარჩენილების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას სამაშველო სამსახური არ ფლობს.
როგორც ამ კორპუსის მაცხოვრებელი ჩვენთან საუბარში ამბობს, საბედნიეროდ, ყველა მათგანი გადარჩა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
“ერთ-ერთი კორპუსის მესამე სადარბაზოს მე-10 სართულიდან მოწყდა ლიფტი, რომელშიც 6 ახალგაზრდა იმყოფებოდა. 16-17-18 წლის ბავშვები არიან დაშავებულები. სატვირთო ლიფტია და თავისუფლად შეიძლებოდა, იქ 6 ადამიანი შესულიყო, რომ არ გაჩნდეს ამ კუთხით კითხვა. ნაწილი "ჯერარსის" კლინიკაში გადაიყვანეს, დანარჩენები - მე-8 საავადმყოფოში. მთავარია, რომ ყველანი ცოცხლები არიან და კარგად არიან. შოკიდან ვერ გამოვდივარ, ძალიან განვიცადე. წარმოუდგენელია, ქვეყანაში ყველაფერი საშიში როგორ ხდება, ასე გაგრძელება არ შეიძლება, ვიღაცა ხომ უნდა ამოწმებდეს ლიფტებს. ადამიანების უსაფრთხოებაზე დღეს არავინ ფიქრობს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს”,- ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.
"ერთს აქვს ფეხი მოტეხილი, კლინიკაშია. სტუმრად იყვნენ მეგობართან ბავშვები და რომ ჩამოდიოდნენ კორპუსიდან, მაშინ მოწყდა უცებ ლიფტი, საბედნიეროდ, ცოცხლები არიან და გადარჩნენ",- ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.
ჩვენ დავუკავშირდით „ჯერარსის“ კლინიკას. როგორც გავარკვიეთ, ამ კლინიკაში ორი ახალგაზრდა იყო შეყვანილი:
“გუშინ 00 საათსა და 14 წუთზე ორი პაციენტია შემოყვანილი, 19 წლის ცოტნე ჯ. და 16 წლის ალექსანდრე თ. ორივე პაციენტი შემოყვანილია 112-ის მიერ. ცოტნე ორივე ქვემო კიდურის არეში უჩიოდა ტკივილს. ანამნეზი ასეთია, რომ სამგზავრო ლიფტში იმყოფებოდნენ, მოწყდა ლიფტი და ორივე პაციენტმა მიიღო დაზიანება. რა თქმა უნდა, ჩაუტარდათ კვლევები. ცოტნეს მუხლის რენდგენოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდა, რადგან ზურგის არეში, უკანა მხარეს გრძნობდა ტკივილს. კვლევის შედეგად დაზიანება არ აღმოაჩნდა. კონსულტაცია ჩაუტარა შესაბამისი პროფილის ექიმმა, ტრავმატოლოგმა და გაეწერა სახლში. რაც შეეხება მეორე პაციენტს, ეს არის არასრულწლოვანი, რომელთანაც იგივე ანამნეზია: ლიფტში იმყოფებოდა ეს პაციენტიც, მოწყდა ლიფტი და ჩამოვარდა. ტკივილს გრძნობდა წინა მხრის არეში, თავი არ დაუტყამს, თუმცა თავის არეშიც მსუბუქი ტკივილი აღენიშნებოდა. პაციენტს თავის ტვინის კომპიუტერული კვლევაც ჩაუტარდა. ნევროლოგის მიერ შემოწმდა, ტრავმატოლოგმაც შეაფასა და პაციენტი სტაბილური მდგომარეობით, დაზიანების გარეშე გაეწერა კლინიკიდან. არც ერთ პაციენტთან მწვავე მოტეხილობა და დაზიანება, არც ორგანული, არც ტრავმატოლოგიური არ ყოფილა, ორივე პაციენტი შესაბამისი დანიშნულებით გაწერილია 03 საათსა და 40-ზე”,- ამბობს ჩვენთან საუბარში “ჯერარსის” გადაუდებელი დეპარტამენტის მიმართულების ხელმძღვანელი თეა მესხიძე.
როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბარში ამბობენ, დანარჩენი ახალგაზრდებიც, საბედნიეროდ, კარგად არიან. თუმცა ერთ-ერთმა ადგილობრივმა გვითხრა, რომ რამდენიმეს მოტეხილობა აღენიშნება.
მოგვიანებით განცხადება გააკეთა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, ლალი ტურძელაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ არც ერთი ახალგაზრდა არ რჩება კლინიკაში და ყველა გაწერილია. რომ მათ აღენიშნებოდათ პატარ-პატარა დაჟეჟილობები.
"სამი პაციენტი იყო და სამივე გაწერილია, რადგან სერიოზული დაზიანება არ ჰქონდათ, მხოლოდ პატარ-პატარა დაჟეჟილობები აღენიშნებოდათ", - ამბობს ლალი ტურძელაძე
(სპეციალურად საიტისთვის)