მაწიმელი ფერმერების წარმატებული ბიზნესი
მაწიმი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფელია. ისტორიულად ერთ-ერთი ძველი სოფელია, 200-მდე კომლი ცხოვრობს და, ძირითადად, მესაქონლეობასა და მებოსტნეობას მისდევენ. შოთა ბიწაძე ლაგოდეხელია. იურისტია, მაგრამ პროფესიით არასდროს უმუშავია. ამჟამად მეუღლესთან ერთად ფერმას ამუშავებს.
"2019 წელს გადავწყვიტეთ, ლაგოდეხთან სამ კილომეტრში მდებარე სოფელ მაწიმში მიწის ნაკვეთის შეძენა. ჯერ სათბურები გავაკეთეთ - ბოსტნეული გვქონდა, კუსტარულად აშენებულ საღორე-საქათმეში ქათმები და ღორები გვყავდა, ხანდახან ვყიდდით. მერე შევხედეთ, რომ მეფრინველეობა და მეღორეობა მომგებიანი საქმეა და 2021 წელს პირველი რისკიანი გადაწყვეტილება მივიღეთ. ვისარგებლეთ ,,შეღავათიანი აგროკრედიტით" და 60 კვმ კაპიტალური საღორე ავაშენეთ. გავზარდეთ საბეკონე ჯიშის 30-მდე ღორი, რამაც კარგ შედეგზე გაგვიყვანა და სესხი მალევე დავფარეთ", - გვეუბნება ფერმერი შოთა ბიწაძე.

შოთა ბიწაძე:
- ჩვენს საქმეში შეძლებისდაგვარად ადგილობრივებს ვასაქმებთ და ბიზნესი რომ გაფართოვდება, ისევ ადგილობრივები იქნებიან. უპირატესია ქალების დასაქმებაც, ვინაიდან მათთვის სამუშაო ადგილები ხშირად ჭირს.
"იორკშირი", "ჰემპშირი", "დიუროკი" და "ლანდრა" - ოთხი ჯიშია, რომლებსაც ვაჯვარებთ. 20230-შიც გადავწყვიტეთ ჩვენი საქმის გაფართოება და კვლავ ვისარგებლეთ "შეღავათიანი აგროკრედიტით", რადგან მარცვლეულის შესანახის უქონლობა გვაფერხებდა. ავაშენეთ სასაწყობე ნაგებობა, სადაც მოყვანილ სიმინდს ვინახავთ. დავამატეთ საგოჭე მიმართულებაც: გავიჩინეთ სადედე გუნდი, რათა საბეკონეებიც გაგვეზარდა და გოჭებიც გაგვეყიდა. მათ ცოცხლად ვყიდით. საქმე კარგად წავიდა - იმდენად, რომ კმაყოფილი მომხმარებლების მოთხოვნაც გაჩნდა, ჩვენ თვითონ გაგვეკეთებინა მაღაზია.

მაწიმში ნაკვეთი გზის პირას ვიყიდეთ. ბიზნესისთვის ხელსაყრელია, ხალხი მიდი-მოდის. მაღაზია ადგილობრივ ბაზარს ემსახურება და ყველამ იცის, რომ ჩვენი ფერმის პროდუქტი სანდოა.
ფერმის ტერიტორიაზე კუსტარულად აშენებულ შენობაში 50-მდე ქათამიც გვყავდა, რომელსაც უფრო ოჯახისთვის მოვიხმარდით, ზოგსაც ვყიდდით. ამასობაში გამოცდილება დაგროვდა და ბაზარზე მოთხოვნაც გაჩნდა. 2024 წელს ENPARD-ის საგრანტო კონკურსში ჩავერთეთ, ვინაიდან ჩვენი საქმიანობა უკვე მდგრადი იყო, გვქონდა გამოცდილება და განვითარების რეალური ხედვა, თანამედროვე საქათმის მშენებლობა დაგვიფინანსდა. ის 2000 ფრთაზეა გათვლილი და აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით - გათბობა-გაგრილების, ავტომატური საწყურებლების, საკვებურების სისტემით. საქმე აქაც წარმატებით მიდის და ჯერ ყველაფერს ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით.

აგროტურიზმიც გამოგვდის, ვინაიდან პროდუქტის საყიდლად მოსულ მომხმარებელს სურვილი უჩნდება საკუთარი თვალით ნახოს, როგორ გარემოში იზრდება ღორი და ფრინველი. ბევრიც სოციალური ქსელით გვადევნებს თვალს, მოდიან, ინტერესდებიან ჩვენი საქმიანობით. მათ ჩვენს ნაშრომს ვათვალიერებინებთ და მოტივაციას ვუჩენთ, რომ შეუძლებელი არაფერია, თუ მოინდომებენ, შეძლებენ მსგავსი საქმიანობის წამოწყებას.
- სათბური გქონდათ, არ გაამართლა ბოსტნეულმა?
- ჩემი მიწები მაინცდამაინც ნაყოფიერი არ აღმოჩნდა, უფრო ქვიანი ტერიტორიაა, ამიტომ მეტად შრომატევადი იყო, ვიდრე მეცხოველეობა. ფერმებში თანამედროვე სტანდარტებით მეცხოველეობისა და მეფრინველეობის მოწყობა გაცილებით აადვილებს საქმეს და ადამიანურ რესურსს ზოგავს. რატომ მაინცდამაინც ღორი და ქათამი? მოგეხსენებათ, ლაგოდეხი ტურისტულად აქტიური მუნიციპალიტეტია, ტყესთან ახლოს ბევრი კოტეჯი, რესტორანი, სასტუმროა და მოთხოვნაც უფრო სამწვადე ღორის ხორცზეა. მოთხოვნაა შემწვარ ქათამზეც. ვინაიდან გამოცდილება უკვე გვქონდა, ამ საქმეს მივყევით.

- გარდა სამეურნეო საქმის ცოდნისა და ფიზიკური შრომისა, ალბათ, მენეჯერული უნარებიც არის საჭირო. ამ ყველაფერს თავი როგორ მოუყარეთ?
- თავიდან გეგმა მე და ჩემმა მეუღლემ ერთად დავსახეთ, რა გაგვეკეთებინა. დღემდეც ერთად ვგეგმავთ, რა უნდა გავაკეთოთ. საკუთარ საქმეში თვითონ უნდა იყო ჩართული, იცოდე, რასაც აკეთებ, თუ წარმატება გინდა. ბუნებრივია, სანდო პერსონალიც გვყავს, რომლის ერთგულებასა და შრომას ძალიან ვაფასებთ. ასე რომ, დიდი ოჯახი გვაქვს, სადაც გარემო მეგობრული უფროა, ვიდრე სამსახურებრივი. ბუნებრივია, ზოგჯერ რთული დღეებიც არის, ფორსმაჟორული გარემოებებიც, რისკებიც, თუმცა მთავარია, შეძლო პროცესის დროული მართვა და ყველაფერს დასძლევ.
- ფერმაში რამდენი ღორი და ფრინველია?
- დაახლოებით 100 ღორის ბრუნვაში ვართ. "ბრუნვას" რატომ ვამბობ? - ხან 100-ია, ხან 80, ხანაც 50, ყიდვასა და შობადობაზეა დამოკიდებული. შენობების ტევადობაც შესაბამისია. ახლანდელი პერიოდი უფრო გასავლიანია, ვიზიტიორები ჩამოდიან, საქეიფო ადგილი ბევრია და ხორციც იყიდება... ქათმების ფერმა 2000 ფრთაზეა გათვლილი, ერთდღიან წიწილებს ვყიდულობთ. ბრუნვაში 3000 ცალია. ინკუბატორი ჯერ არა გვაქვს, მაგრამ ვგეგმავთ, რომ საჩეკი დავამატოთ.
- სამუშაო ადგილებიც შეგიქმნიათ.
- ამ პროცესში დასაქმების სააგენტოს პროგრამა დაგვეხმარა, სამი თვე გვყავდა სამი კაცი ფერმის მეთვალყურედ დასაქმებული და პროგრამის დასრულების შემდეგ ორმა ჩვენთან განაგრძო მუშაობა. სულ ამჟამად ხუთი კაცია დასაქმებული.
შარშან ახალი საქმეც წამოვიწყეთ. ვინაიდან ხორცპროდუქტების საყიდლად მოსული მომხმარებლებისგან, ვიზიტიორებისა და ადგილობრივი მოსახლეობისგან გაჩნდა მოთხოვნა პურსა და სხვა ცომეულ მზა პროდუქტზე, ვისარგებლეთ "აწარმოე საქართველოში" სასესხო პროგრამით და საცხობი ობიექტი დავამატეთ. ჩვენი მცხობელი ქალები უგემრიელეს პურებსა და ღვეზელებს აცხობენ. დღეს სამი კაცი მუშაობს საცხობში, ორიც - ფერმაში. ჩვენი ყოველი დილა დილის 5 საათიდან იწყება და დაღამებამდე გრძელდება.

- რით კვებავთ ღორებსა და ფრინველებს და როგორ უვლით თითოეულს?
- საკვების დასამზადებლად იფქვება სიმინდი, ხორბალი, შვრია და ქერი. საკუთარი წისქვილი გვაქვს, სადაც შესაბამისი თანაფარდობით ზავდება კომბინირებული საკვები.
ქათამი მხოლოდ ყვითელი, დაღერღილი სიმინდით იკვებება. ეს ძალიან კარგ გემოვან თვისებებს აძლევს. მომხმარებლები ხშირად ამახვილებს ყურადღებას, რომ ჩვენი ხორცპროდუქტები ძალიან გემრიელია, ამას სწორი თანაფარდობით შეზავებული საკვები გვაძლევს.
- მათ ჰიგიენასა და ჯანმრთელობას როგორ იცავთ?
- საღორე ყოველდღე, საკვების დაყრამდე, სარეცხი აპარატით ირეცხება. ღორები ყოველდღე "ბანაობენ" და საკვებს მერე ვუყრით. ჰიგიენა იმდენად არის დაცული, რომ შედიხარ, სუნიც არ იგრძნობა.
საქათმეში ნახერხი გვაქვს გაშლილი ბიობაქტერიაზე და იქ გარეცხვა არ სჭირდება. საჭიროა ტემპერატურის კონტროლი, განათება და ვენტილაცია. როცა პარტიას სრულად გაყიდი, სანამ ახალს ჩასვამ, აუცილებელია დეზინფექცია, რაც გულისხმობს შენობის მთლიანად გარეცხვას, ნახერხისა და ბიობაქტერიის შეტანას და ამის შემდეგ წიწილის ჩასმას.
გოჭები დაბადებისთანავე იცრებიან და ეჭრებათ კუდები, რადგან ყველაზე მეტ ბაქტერიას კუდიდან იღებს. კუდებთან ერთად ვაჭრით ეშვებსაც - ეს დაბადებისთანავე აუცილებელია. რაც შეეხება ქათმებს, ერთდღიანი წიწილა რომ მოგვყავს, მე-18 დღემდე გრძელდება ვაქცინაცია - პირველ დღეს ერთი წამალი ერევა წყალში, მეორე დღეს იგივე მეორდება, მესამე დღესაც. მეშვიდე დღეს კეთდება ვაქცინაცია სხვა წამლით, ასევე მე-14, მე-17 და მე-18 დღესაც. ამის შემდეგ უკვე მედეგები არიან ყველაფრის მიმართ.
- ამდენი შრომის შემდეგ რაში დარწმუნდით?
- დავრწმუნდი, რომ შრომას, სწორ დაგეგმვასა და საქმის სიყვარულს შეუძლია წარმოება წარმატებულ, მდგრად ბიზნესად აქციოს. როცა ხედავ, როგორ ვითარდება შენი ფერმა და როგორ გენდობა მომხმარებელი, ხვდები, რომ თითოეული უძილო ღამე და დახარჯული ენერგია ამად ღირდა, ამასთან დავრწმუნდი, რომ ასეთი მასშტაბური შრომა და წარმატება წარმოუდგენელია ოჯახის თანადგომის გარეშე. ჩემი მეუღლის გარეშე, რომელიც საქმის ყველა ეტაპზე ჩემ გვერდითაა და ჩემთან ერთად ინაწილებს ყოველდღიურ გამოწვევებსა თუ პასუხისმგებლობას, მაწიმის ფერმა ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდა.