გიგანტური პერსონაჟი საშინელებათა ფილმებიდან
ანაკონდა ყველაზე იდუმალების მოცული ქვეწარმავალია დედამიწაზე. ამ უზარმაზარ მახრჩობელაზე ხალხში უამრავი მითი და ლეგენდაა გავრცელებული, თუმცა რეალური ფაქტები უფრო საინტერესოა. ამ გიგანტური არსების შესახებ ჩვენი სტუმარი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი დავით თარხნიშვილი გვიამბობს.
- ანაკონდა XVII საუკუნეში აღმოაჩინეს და ამ პერიოდის განმავლობაში მასზე უამრავი ლეგენდა გავრცელდა. მათ შორის უნდა დასახელდეს ინგლისელი მოგზაურის, მაიორ ფორსეტის მოგონება, რომ მან 19-მეტრიანი ანაკონდა მოკლა. მეცნიერებმა მიიჩნიეს, რომ ეს მითია. აღიარებულია, რომ ანაკონდა ყველაზე დიდი გველია დედამიწაზე. მართალია, ბადისებრი პითონები სიგრძით უფრო დიდები არიან, მაგრამ ანაკონდა ყველაზე მძიმე გველია. ის პითონზე უფრო სქელიცაა და ძლიერიც. დაფიქსირებულია ანაკონდას მაქსიმალური წონა - 250 კილოგრამი. აღიარებულია, რომ მწვანე ანაკონდა მსოფლიოში ყველაზე მძიმე გველია. ილიას უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ამ ქვეწარმავალს გერმანელ კოლეგებთან ერთად ვსწავლობდით და მასზე ბევრი საინტერესო ფაქტი დავადგინეთ. ყველაზე დიდი რაოდენობით სამხრეთ ამერიკაში მწვანე და ყვითელი ანაკონდა გვხვდება. ცალკე უნდა გამოვყოთ ბოლივიური ანაკონდა, რომელიც სულ რაღაც 25 წლის წინ აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ მისი ლათინური სახელი ეუნეცტეს "კარგ მოცურავეს" ნიშნავს, ხოლო ანაკონდა ადგილობრივი ინდიელების შერქმეული სახელია, რომელიც მერე ესპანელებმა გადააკეთეს და დაამახინჯეს.
- სად ბინადრობს ანაკონდა ყველაზე დიდი რაოდენობით?
- ეს ქვეწარმავალი მხოლოდ სამხრეთ ამერიკის ტროპიკებში გვხვდება. ანაკონდა წყლის გველია, რომელიც, ძირითადად, ჭაობებსა და მდინარეებში ცხოვრობს, თუმცა მწვანე ანაკონდა ტყის ეკოსისტემაში უფრო კარგად გრძნობს თავს. ყვითელი ანაკონდა უფრო ღია, სავანისმაგვარი ეკოსისტემის ბინადარია. ზოოპარკებში ანაკონდა ხშირად ჰყავთ და ამრავლებენ კიდეც, მაგრამ ჩვენთან, თბილისის ზოოპარკში, ის არ არის. ანაკონდას მთავარი საკვები ზოოპარკებში მკვდარი კურდღლები და ამ ზომის ცხოველებია, თუმცა ბუნებაში ისინი გაცილებით დიდ ცხოველებზეც ნადირობენ. ანაკონდა, როგორც სხვა მახრჩობელა გველები, საკვებს რომ მოიპოვებენ, მერე ძალიან პასიური ხდებიან. ამ თვისებით გველები მკვეთრად განსხვავდებიან ხვლიკებისგან, რომლებსაც უფრო სწრაფი ნივთიერებათა ცვლა აქვთ, საკვებს ყოველდღიურად დაეძებენ და აქტიური ცხოვრების წესი აქვთ. მდედრი ანაკონდას საშუალო წონა 32 კილოგრამზე მეტია ანუ ის ათჯერ პატარაა, ვიდრე მისი მაქსიმალური წონა, ხოლო მამრი მხოლოდ 7 კილოგრამს იწონის. ის მგუდავია და მსხვერპლს სხვა მახრჩობელა გველების მსგავსად გუდავს. საინტერესოა, რომ ანაკონდას თვალები და ნესტოები თავის ზედა ნაწილში აქვს განლაგებული, ნიანგის მსგავსად. ეს მას საშუალებას აძლევს, მთელი სხეულით წყალქვეშ დაიმალოს და მსხვერპლს ისე უთვალთვალოს, რომ ზედაპირზე მხოლოდ თვალები უჩანდეს. მსხვერპლს ელვისებურად ეხვევა სხეულზე და მანამ უჭერს, ვიდრე ეს უკანასკნელი სუნთქვას არ შეწყვეტს. ცხოველი, რომელსაც ის დაიჭერს, მტანჯველი სიკვდილით იღუპება.

- როგორია მისი "მენიუ"?
- ანაკონდას შეუძლია ისეთი მსხვილი ცხოველი მოინადიროს, როგორიცაა კაპიბარა - მსოფლიოს ყველაზე დიდი მღრღნელი, რომელიც მისი ყველაზე ხშირი მსხვერპლია, ასევე კუ, თეთრკუდა ირემი, კაიმანი... სხვა გველების მსგავსად, ანაკონდას ყბები ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის, ამიტომ შეუძლია ისეთი ცხოველი გადაყლაპოს, რომელიც მასზე დიდია. იყო შემთხვევები, როდესაც მას ტაპირიც გადაუყლაპავს. ამავე დროს, ანაკონდა წარმატებით ნადირობს წყალმცურავ ფრინველებზე, თევზებსა და იხვებზე. ხშირად სვამენ კითხვას: ემტერება თუ არა ანაკონდა ადამიანს? - ფილმებსა და ლიტერატურულ ნაწარმოებებში ბევრგან არის აღწერილი, როგორ ესხმის ანაკონდა თავს ადამიანებს, მაგრამ ამის დოკუმენტურად დასაბუთებული შემთხვევა არ არსებობს. ბადისებრ პითონზე აღწერილია შემთხვევები, როცა მას ბავშვი ან მცირე ზომის ადამიანი შეუჭამია,Aანაკონდაზე კი დადასტურებული ფაქტები ხელთ არა გვაქვს, ალბათ, იმის გამო, რომ ის წყალში ცხოვრობს. მიუხედავად საშინელებათა ფილმებში აღწერილი ფაქტებისა, ანაკონდას მიერ ადამიანის შეჭმის ოფიციალური მტკიცებულება არ არსებობს, მით უმეტეს, ადამიანი მათი ბუნებრივი რაციონის ნაწილი არ არის და ანაკონდა, როგორც წესი, ცდილობს ტყის სიღრმეში მიიმალოს, როცა ადამიანების მოახლოებას გრძნობს. თეორიულად, დიდ ანაკონდას კი შეუძლია ბავშვს მოერიოს და მოკლას, მაგრამ მსგავსი ფაქტები დადასტურებული არ არის. თუმცა ანაკონდა საკმაოდ ბრაზიანია და იმის მიუხედავად, რომ შხამიანი არ არის, კბენაც შეუძლია.
- კიდევ რა თავისებურებები გამოარჩევს ამ გიგანტურ ქვეწარმავალს სხვებისგან?
- ანაკონდებში მკვეთრადაა გამოხატული სექსუალური დიმორფიზმი - მდედრები ბევრად დიდი და ძლიერი არიან, ვიდრე მამრები. გამრავლების პერიოდში, როცა ისინი ერთმანეთს ხვდებიან, ერთ მდედრს რამდენიმე მამრი უწყვილდება, შემდეგ კი, ობობებისა და ჩოქელების მსგავსად, ზოგიერთი მდედრი თავის მეწყვილეს ყლაპავს. ისინი, როგორც სხვა მახრჩობელა გველები, იშვიათად იკვებებიან. ანაკონდამ შეიძლება თვეში ერთხელ რაღაც გადაყლაპოს და მერე მთელი ეს პერიოდი საკვების მონელებას მოუნდეს. განაყოფიერების შემდეგ მდედრისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საკმარისი საკვები ჰქონდეს. იმის გამო, რომ უფრო დიდია, მამრს თავისუფლად ერევა და გემრიელად ჭამს. ეს აშკარად გამოხატული კანიბალიზმია, თუმცა მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ქცევა მდედრს ეხმარება ადვილად გადაიტანოს 7-თვიანი ფეხმძიმობა, რომლის დროსაც ის ვერ ინადირებს.
ემბრიონები დედის სხეულში ვითარდებიან და ანაკონდა პატარა, ცოცხალ გველებს ბადებს, თითოეული მათგანის სიგრძე 50-60 სანტიმეტრია. ანაკონდა ცოცხლად მშობიარობს - სხვა გველებისგან განსხვავებით, ის კვერცხებს არ დებს. გარდა ამისა, ანაკონდას ფაკულტატიური პართენოგენეზიც ახასიათებს ანუ როცა გაუნაყოფიერებელი მდედრი ისეთ შთამომავალს აჩენს, რომელიც მისი ზუსტი ასლია, ეს შეიძლება კლონირებას შევადაროთ. ამით ისინი ჩვენებურ, პართენოგენურ ხვლიკებს ჰგვანან - მათ მსგავსად, მდედრი ანაკონდას სხეულში გაუნაყოფიერებელი კვერცხი ვითარდება, რომლისგანაც ისევ მდედრი იბადება და ის დედის ასლია.

- ბატონო დავით, გველების მიმართ ყველას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს: უმრავლესობას მათი ეშინია, თუმცა არსებობს ხალხი, რომელსაც ისინი ძალიან მოსწონს, ზოგი კი საკვებადაც იყენებს. ეს რით აიხსნება?
- მეც მთელი ცხოვრება ქვეწარმავლებსა და ამფიბიებს ვსწავლობ, ვაკვირდები და ეს ცხოველები ძალიან საინტერესოდ მეჩვენება: ისინი ცოცხალი ნამარხებივით არიან. ეს გაცილებით ძველი ჯგუფია, ვიდრე ძუძუმწოვრები და ამის გამო გველები ჩემთვის მიმზიდველი ცხოველები არიან. რაც შეეხება საკვებად გამოყენებას: ტროპიკულ ქვეყნებში მათი კერძებისგან დელიკატესებს ამზადებენ და ანაკონდას ისევე სიამოვნებით მიირთმევენ, როგორც პითონს.
- დასასრულ, როგორია ანაკონდას სიცოცხლის ხანგრძლივობა?
- მისი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 30-37 წელიწადია. ზოოპარკში მას ისეთი ტერარიუმი სჭირდება, სადაც წყალიც ექნება და ამოსაძრომიც. როგორც ზემოთ ვთქვი, ზოოპარკში ამ ქვეწარმავლის მოვლა რთული სულაც არ არის, მით უმეტეს, მცირე ზომის ანაკონდებისა, რომელთა მოვლა პრობლემა არ არის.
ხათუნა ჩიგოგიძე