„ტურები, მელა, კვერნა და წარმოიდგინეთ ენოტიც, ერთ კადრში გადავიღე“
ბადრი ბერიაშვილმა ფოტოხაფანგით ტურები, მელა, კვერნა, ენოტი და რაჭველი მურა დათვიც კი გადაიღო. "თავდაცვის მიზნით ბუნებაში ცეცხლსასროლი იარაღი სულ თან მაქვს, მაგრამ მადლობა ღმერთს, ჯერ არასდროს დამჭირვებია. ვფიქრობ, უმიზეზოდ არაფერი წამოვა თავდასხმაზე", - ჩვენი რესპონდენტი საკუთარი თავგადასავლების შესახებ გვიამბობს.
- მე და ჩემი მეუღლე, ნინი ძაგანია, თბილისში დავიბადეთ და გავიზარდეთ. ერთმანეთი სოციალურ ქსელში გავიცანით, ბუნება ორივეს გვიყვარს. შემდეგ დავახლოვდით და ოთხი წელია ცოლ-ქმარი ვართ, ვცხოვრობთ თბილისში. მე 16 წლიდან თითქმის 10 წელია იუთუბერი ვარ. ვიღებ ვიდეოებს ბუნებაში, ლაშქრობებსა და თავგადასავლებს ჩემს საუკეთესო მეგობარ ტაისონთან ერთად. ტაისონი ჩემი ძაღლია, ინგლისური კოკერ-სპანიელი. მე, ჩემი მეუღლე და ჩვენი პატარა ბიჭიც დავდივართ ხოლმე ბუნებაში.
- ძირითადად, რას იღებთ?
- ბუნებაში, ადამიანებისგან შორს, ხშირად ვარ, ხალხს ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას, მაგალითად, გადარჩენის სხვადასხვა ხერხს და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც ბუნებაში გამოადგებათ. გასულ ზამთარს ფოტოხაფანგიც ვიყიდე ტყის ბინადრების გადასაღებად. ამ ზაფხულს რაჭაში მურა დათვიც გადავიღე, რომელმაც ჩემს კარავთან ჩაიარა ღამით.
- დიდი გამოხმაურება მოჰყვა ვიდეოს, სადაც გარეულ ცხოველებს წყალს ასმევთ, კვებავთ...
- ტყეში ტბორი იმიტომ გავაკეთე, რომ გარშემო წყალი არსად არ არის. ამიტომ ვიფიქრე, მათთვის ეს კარგი ვარიანტი იქნებოდა. ტბორთან ფოტოხაფანგი დავაყენე და დავტოვე თითქმის ერთი კვირით. იქვე მაქვს პატარა ქოხიც, ტოტებითა და ხავსით აშენებული. იმ ღამით იქ დავრჩი. ცხოველებს ტბორთან საჭმელიც დავუტოვე - ხორცის ნარჩენები, თევზი, ძაღლის საჭმელიც კი. დილით ფოტოხაფანგი რომ ვნახე, ძალიან გამიხარდა, ამდენი არსება ერთად იყო კადრში. ტურების ლეკვები, რომლებიც ძალიან დიდი სიფრთხილით მიეპარნენ საჭმელს, აიღეს და გაიქცნენ. გადავიღე დიდი ტურები, მელა, კვერნა და ჩემდა გასაკვირად, ენოტიც, რომელიც საქართველოში მობინადრე სახეობა არ არის, სწორედ ამიტომ გმიკვირდა მისი ნახვა. ტბორი განსაკუთრებით ენოტს მოეწონა. ამ კადრების ნახვის შემდეგ დიდი ბედნიერება ვიგრძენი, რადგან მათთვის რაღაც კარგი გავაკეთე.
- მტაცებელი ცხოველების არ გეშინიათ?
- იმდენად შევეჩვიე, შიში აღარც მაქვს. თავდაცვის მიზნით ბუნებაში ცეცხლსასროლი იარაღი სულ თან მაქვს, მაგრამ მადლობა ღმერთს, ჯერ არასდროს დამჭირვებია. ვფიქრობ, უმიზეზოდ არაფერი წამოვა თავდასხმაზე. ერთადერთი, რისიც მეშინია, ჩემს ძაღლს არ დავაკლო ყურადღება, რადგან მასზე ნებისმიერი მტაცებელი ინადირებს. ტაისონი ძალიან დამჯერია, თუმცა ძალიან ინტერესიანიც და ღამით სულ უნდა მათ ხმას გაეკიდოს. სანამ ტურები ყმუილს დაიწყებენ, ტაისონი რამდენიმე წუთით ადრე მაგებინებს, რომ ახლოს არიან. მტაცებლები ზედმეტად ახლოს არ მოდიან.
- განსაკუთრებულად შთამბეჭდავი რომელი გასვლა იყო ბუნებაში?
- ყველაზე ხშირად მყინვარწვერზე, ზღვის დონიდან 5054 მეტრზე ასვლას ვიხსენებ. ეს იყო განსაკუთრებული გამოცდილება, ყველაზე დიდი სირთულეც, ხუთდღიანი თავგადასავალი.
2-3 წელი ოცნებად მქონდა, რომ ავსულიყავი და შარშან ამიხდა. გამოცდილმა გიდმა ამიყვანა. ძალიან რთული იყო წნევის გამო, რაც უფრო დიდ სიმაღლეზე ადიხარ, მით უფრო ეცემა წნევა, მე კი ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ ბოლომდე მჯეროდა და შევძელი ასვლა. ვფიქრობ, ისევ ავალ.
- ლაშქრობებიც ასე დაუვიწყარია თქვენთვის?
- დიახ. ჩემს ორ გამომწერთან ერთად 3 დღით გოსტიბეს ალპურ ზონაში ვიყავით სალაშქროდ.
ყველა ლაშქრობა თავისებურად განსაკუთრებულია, მაგალითად, ამ ზაფხულს ქვემო რაჭის მთებში ვიყავი, კარვით დავრჩი ერთ ლამაზ გორაზე, რომელიც მთებითა და ტყეებით არის შემოსაზღვრული. ცხენებიც დამიმეგობრდნენ, იქ შემხვდნენ საძოვრად გაშვებული. ღამით კარავში ხმა გავიგონე, დათვის ხმას ჰგავდა. უცებ გავვარდი, მაგრამ გარეთ აღარ დამხვდა. კამერა დღისით რომ შევამოწმე, ზუსტად კამერის წინ იდგა რაჭველი მურა დათვი. ოცნებად მქონდა დათვის გადაღება და პირველივე ცდაზე გამოვიდა.