კოდი 7500: არშემდგარ კამიკაძე-პილოტს ისრაელის მოქალაქეების მასობრივი დახოცვა სურდა?!
2026 წლის 30 სექტემბერს დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მფრენ Boeing 737 MAX 8 ტიპის ლაინერში, პილოტების კაბინაში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ცნობებით, ომანელმა მეორე პილოტმა დანით დაჭრა ემირატელი კაპიტანი და სცადა კონტროლის ხელში ჩაგდება, რათა თვითმფრინავი ჩამოეგდო. ბორტზე მყოფი სხვა პილოტები და მგზავრები დაეხმარნენ კაპიტანს მის გაუვნებელყოფაში.
კაბინაში ჩხუბის დროს გააქტიურდა კოდი 7500, რაც „უკანონო ჩარევას“ (თვითმფრინავის გატაცების მცდელობას) ნიშნავს, რის გამოც ისრაელმა გამანადგურებლები ჰაერში ასწია. თვითმფრინავმა მკვეთრად დაკარგა სიმაღლე, თუმცა საბოლოოდ საუდის არაბეთში, ტაბუკის აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა. ბორტზე მყოფი 174-ვე მგზავრი უვნებელია
Flydubai-ს რეისზე (FZ1073) მომხდარი ინციდენტის ზუსტი მოტივი ოფიციალურად ჯერ კიდევ დადგენილი არ არის, თუმცა ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებში მკვეთრად იზრდება ეჭვი, რომ ეს ტერორისტული თავდასხმისა და თვითმფრინავის განზრახ ჩამოგდების მცდელობა იყო.
ავიაციის ისტორიაში Flydubai-ის რეისის მსგავსი ინციდენტები, როდესაც პილოტი განზრახ ცდილობს თვითმფრინავის ჩამოგდებას ან კაბინაში ფიზიკური დაპირისპირება ხდება, უიშვიათესია, თუმცა რამდენიმე რეზონანსული შემთხვევა მაინც ფიქსირდება.
ამგვარი ინციდენტები ძირითადად ორ კატეგორიად იყოფა: პილოტის მიერ თვითმკვლელობის/მასობრივი მკვლელობის მცდელობა და ეკიპაჟის წევრების ფიზიკური კონფლიქტი.
SilkAir-ის რეისი 185 (1997 წელი): Boeing 737 ინდონეზიაში ჭაობში ჩამოვარდა (104 დაღუპული). ამერიკული გამოძიების დასკვნით, კაპიტანმა განზრახ გამორთო ბორტჩამწერები („შავი ყუთები“) და თვითმფრინავი ვერტიკალურად ქვევით მიმართა ფინანსური პრობლემების გამო.
EgyptAir-ის რეისი 990 (1999 წელი): ნიუ-იორკიდან კაიროს მიმართულებით მფრენი Boeing 767 ატლანტის ოკეანეში ჩავარდა, რასაც 217 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულმა საბჭომ (NTSB) დაადგინა, რომ კატასტროფა გამოიწვია შემცვლელი მეორე პილოტის განზრახ მოქმედებამ, რომელმაც კაბინიდან კაპიტნის გასვლის შემდეგ ავტოპილოტი გამორთო და თვითმფრინავი პიკირებაში გადაიყვანა.
LAM Mozambique Airlines-ის რეისი 470 (2013 წელი): კაპიტანმა ჰერმინიო დოს სანტოს ფერნანდესმა მეორე პილოტის კაბინიდან გასვლის შემდეგ კარი ჩაკეტა და ლაინერი განზრახ მიმართა მიწისკენ ნამიბიაში. დაიღუპა 33-ვე მგზავრი და ეკიპაჟის წევრი.
Germanwings-ის რეისი 9525 (2015 წელი): ეს არის ბოლო დროის ყველაზე მძიმე და ცნობილი შემთხვევა. მეორე პილოტმა, ანდრეას ლუბიცმა, ისარგებლა მომენტით, როდესაც კაპიტანმა კაბინა ტუალეტში გასასვლელად დატოვა, შიგნიდან ჩაიკეტა და თვითმფრინავი Airbus A320 საფრანგეთის ალპებში განზრახ ჩამოაგდო. დაიღუპა 150-ვე ადამიანი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ლუბიცს მძიმე ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
არსებობს შემთხვევები, როდესაც პილოტებს შორის კონფლიქტი იდეოლოგიური კი არა, პირადი ან პროფესიული უთანხმოების ნიადაგზე მოხდა:
Federal Express-ის რეისი 705 (1994 წელი): ეს შემთხვევა ყველაზე მეტად ჰგავს Flydubai-ს ბორტზე მომხდარ ფიზიკურ ბრძოლას. კომპანიის თანამშრომელმა (რომელიც მგზავრად მიფრინავდა) კაბინაში პილოტებს ჩაქუჩითა და ჰარპუნით დაესხა თავს, რათა თვითმფრინავი ჩამოეგდო და მის ოჯახს დაზღვევა მიეღო. მძიმედ დაჭრილმა პილოტებმა ჰაერში წარმოუდგენელი მანევრებითა და ფიზიკური ბრძოლით შეძლეს თავდამსხმელის გაუვნებელყოფა და ლაინერის უსაფრთხოდ დაშვება.
Air India-ს ინციდენტი (2009 წელი): დელი-მუმბაის რეისზე პილოტებსა და ბორტგამცილებლებს შორის კაბინაში ფიზიკური ჩხუბი მოხდა მგზავრების თვალწინ, მას შემდეგ რაც ბორტგამცილებელმა პილოტი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. თვითმფრინავი რამდენიმე წამით უმართავი გახდა, თუმცა ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდა.
Flydubai-ის შემთხვევის მთავარი უნიკალურობა ის არის, რომ მეორე პილოტის მცდელობა, დანით თავს დასხმოდა კაპიტანს და თვითმფრინავი მკვეთრ პიკირებაში შეეყვანა, წარმატებით აღიკვეთა როგორც კაპიტნის, ისე ბორტზე მყოფი მგზავრების მიერ, რამაც 174 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ოფიციალური პირები და მასმედია ხაზს უსვამს, რომ Flydubai-ის თვითმფრინავში „აბუნტებული“ მეორე პილოტი მგზავრების რანგში მყოფმა სხვა პილოტებმა განაიარაღეს, დიდი ალბათობით, ისინი შეიძლება ყოფილიყვნენ ისრაელის სპეცსამსახურების აგენტები, რომლებიც სამოქალაქო ტანსაცმელში ყოველთვის დაჰყვებიან ისრელიდან ან ისრაელისკენ მფრენ სამგზავრო თვითმფრინავებს (მათ შორის - საქართველოდან შესრულებულ რეისებზეც), რადგან ისრაელის მოქალაქეებზე მასობრივი ტერაქტების მოწყობის მსურველ პოტენციურ ტერორისტთა რიცხვი არცთუ ისე ცოტაა...