როგორ ამოვიცნოთ „მკვლელი ჭურჭელი“? - კვირის პალიტრა

როგორ ამოვიცნოთ „მკვლელი ჭურჭელი“?

ჩვენს მაღაზიებში საოჯახო ჭურჭლის დიდი არჩევანია. ეს ჭურჭელი ერთმანეთისგან ფასითა და ხარისხით გამოირჩევა. ალბათ, ყველას მოგვისმენია, ან წაგვიკითხავს ინფორმაცია, რომ ზოგიერთი მასალისგან დამზადებული ჭურჭელი არაერთი დაავადების და მათ შორის, სიმსივნის პროვოცირებას იწვევს. როგორ ავირჩიოთ ჭურჭელი ისე, რომ ჩვენი ჯანმრთელობა არ დავაზიანოთ? - ამ შეკითხვით მივმართეთ ტოქსიკოლოგ ნინო დათუკიშვილს:

- ალბათ, ჩვენს მკითხველსაც შეუძენია უხარისხო მასალისგან დამზადებული ჭურჭელი, რომელიც მალე გაფუჭებულა და დაზიანებულა. ასეთი უსიამოვნო გამოცდილება მეც მაქვს. ამიტომ, ვიდრე რაიმეს შევიძენთ, გულდასმით უნდა დავათვალიეროთ და ვნახოთ, რა მასალისგანაა დამზადებული, რამდენად გამძლეა და ხომ არ შეგვიქმნის ჯანმრთელობის პრობლემებს.

- ქ-ნო ნინო, ერთხანს, დიდი პოპულარობით სარგებლობდა ე.წ. ტეფალის ჭურჭელი, დღეს კი, მას „მკვლელ ჭურჭელს“ უწოდებენ. რატომ?

- ტეფალის ანუ ტეფლონის ჭურჭელი ძალიან მალე გამოდის მწყობრიდან. როცა ტეფლონის ჭურჭელი გაიკაწრება, ან დაზიანდება, აღარ უნდა გამოვიყენოთ, რადგან ამ ნაკაწრებიდან კანცეროგენური ნივთიერებები გამოიყოფა. სხვათა შორის, ასეთი ჭურჭელი მეც მქონდა და ძალიან ვუფრთხილდებოდი, სპეციალური ხის კოვზი შევიძინე, რომლითაც ვურევდი, თუმცა, მალევე დავრწმუნდი, რომ ეს მასალა ძალიან მალე ცვდება და მაღალ ტემპერატურასაც ვერ იტანს. თუ მაღალ ცეცხლზე დადგამთ, ისეთ ორთქლს გამოყოფს, რომელიც ქიმიურია. საერთოდ, ტეფალის ზედაპირი ისედაც ქიმიურია და მაღალ ტემპერატურაზე ორთქლთან რეაქციაში შედის. ამ დროს, ისეთ ნივთიერებებს გამოყოფს, რაც არასასურველია და ეს ტეფალის უარყოფითი მხარეა. ტეფალის ჭურჭელი როგორც კი დაზიანდება, უკვე აღარ ვარგა, მაგრამ ის ხალხში მაინც პოპულარულია, ალბათ იმის გამო, რომ მსუბუქია და მარტივად იწმინდება. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ჭურჭელი ტეფლონის დაფარვით ტოქსიკურ ნივთიერებებს გამოყოფს და ცხადია, საშიშია. ამიტომ, ყველას უნდა ვურჩიო, რომ ახლავე გადააგდოს ისეთი ტაფა და ქვაბი, რომელიც დაკაწრული და დაზიანებულია. ყველა ჭურჭელს საფარით ამუშავებენ იმისათვის, რომ ჩვენი ჯანმრთელობა დავიცვათ და საკვებს მავნე მინარევები არ გამოყვეს. როდესაც ის დაიკაწრება, სულ რომ ერთი ნაკაწრი ჰქონდეს, უკვე საშიშია ჯანმრთელობისთვის.

- თქვენ რომელ მასალას ანიჭებთ უპირატესობას?

- ძალიან მომწონს გრანიტის ჭურჭელი, რადგან ძალზე მსუბუქი და გამძლეა, ამასთან, საკვებსაც არ იკრავს. გრანიტის ტაფა-ქვაბებს მინიმალური ცხიმი სჭირდება, თუმცა, მასაც ხის, ან სილიკონის კოვზებით უნდა მოვურიოთ, რომ ნაკაწრები არ გაუჩნდეს. გრანიტი ნაკაწრების მიმართაც მდგრადია და თუჯთან შედარებით მსუბუქია, მაგრამ თუჯი ბევრად უკეთესი მასალაა. თამამად ვიტყოდი, რომ თუჯის ქვაბებს, ტაფებს და სხვა სახის ჭურჭელს ალტერნატივა არა აქვს. თუჯის ჭურჭელი თუ გაქვთ, დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებთ, ის ძალიან მდგრადია ნაკაწრების მიმართ და რთულად ზიანდება. თუჯს არაფრით ჩამოუვარდება უჟანგავი ფოლადი, რომელსაც ტიტანის ზედაპირი აქვს. ასეთი ჭურჭელი საკმაოდ ძვირია, მაგრამ ეკოლოგიურად სუფთაა, არ იკაწრება და ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც არ ზიანდება. უჟანგავი ფოლადის ტაფებს ხშირად იყენებენ პროფესიონალი მზარეულები. ის ერთ-ერთი პირველია ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ჭურჭელთა შორის. ეს არის ჭურჭელი, რომელიც რთულად ზიანდება და ნაკაწრებიც ძნელად უჩნდება.

- სხვა მასალებზე რას გვეტყოდით?

- დავიწყებ მინით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა, რადგან რეაქციაში არ შედის მჟავე და ტუტე გარემოსთან. რაც შეეხება ალუმინს, ყოველთვის ამბობდნენ, რომ ეს ცუდი მასალაა, ხოლო ემალის ჭურჭელი რომ ამოტყდება, უკვე აღარ ვარგა. ამიტომ, ემალი უსაფრთხოა იქამდე, ვიდრე მისი საფარი არ დაზიანდება. დაზიანებული ჭურჭელი მანგანუმს და კადმიუმს გამოყოფს, რაც ძალიან საშიშია. მის გასარეცხად არ უნდა გამოვიყენოთ რკინის უხეში სახეხი, ასევე, რკინის კოვზები და ნიჩბები. ამ მიზნით, რბილი ბადე უნდა გამოვიყენოთ. ძალიან კარგია თიხის ჭურჭელიც, მაგრამ მოფრთხილება სჭირდება, რომ არ გასკდეს. თიხის ჭურჭელი არ უნდა გარეცხოთ ქიმიური საშუალებებით, რადგან მას ფორები აქვს, ღრმად ჯდება მათში და საჭმლის მომზადების დროს ნელ-ნელა გამოიყოფა. ასევე მოსაფრთხილებელია კერამიკა, ერთადერთი რაც უნდა გავითვალისწინოთ არის ის, რომ შეიძლება მარტივად გატყდეს და ბზარები გაუჩნდეს. კერამიკისგან დამზადებული ჭურჭელი ვერ უძლებს დავარდნას, ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას და ეს უნდა გავითვალისწინოთ.

- სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი მომხმარებელი წერდა, რომ ინტერნეტით შეუკვეთა ტაფა-ქვაბების ნაკრები, რომელიც უხარისხო იყო, მალე დაზიანდა და გადასაგდები გაუხდა... ამ შემთხვევაში რა რჩევას მისცემდით ჩვენს მკითხველს?

- ინტერნეტით გამოწერილი ბევრი ნივთი მეც არ გამომადგა, ზოგიერთი მათგანი გადავყარე. ამიტომ, მე მირჩევნია მივიდე, კარგად დავათვალიერო ნივთი, რომლის შეძენაც მსურს და ყურადღებით ავარჩიო. მომხმარებლები ალბათ ჭურჭელს ფერის, კომფორტულობის, წონისა და ფასის მიხედვით არჩევენ, მაგრამ ცოტა თუ ფიქრობს მასში შემავალ მავნე ნივთიერებებზე და იმაზე, რამდენად უსაფრთხოა ამ ჭურჭლით მომზადებული საკვები.

- და ბოლოს, ძალიან ბევრი ჭურჭელი საკვებს იკრავს და ეს საკვები სარეცხი ღრუბლით არ შორდება, ასეთ დროს რა უნდა ვიღონოთ?

- კარგია თუ წყალს ჩავასხამთ და როცა დარბილდება, სოდით, ან მარილიით გავწმენთ. სხვათა შორის, ეს საუკეთესო გზაა ალერგიული ადამიანებისთვის. რასაკვირველია, რკინის ღრუბლები, კოვზები და ნიჩბები უნდა გადავაგდოთ იმიტომ, რომ ჭურჭლის შიდა საფარს აზიანებს. როდესაც საკვებს რკინის, ან მეტალის კოვზით ვურევთ, შიდა საფარი ყოველთვის ზიანდება. ყველაზე სასურველი და კარგია სილიკონის, ან ხის ნიჩაბი, რომელიც მაღალ ტემპერატურასაც უძლებს. ამ მარტივი, მაგრამ საჭირო წესების დაცვა ძალიან ბევრი უსიამოვნებისგან დაგვიცავს.

ხათუნა ჩიგოგიძე

(სპეციალურად საიტისთვის)