რა ხდება ამ დროისთვის ზუგდიდის სოფელ ტყაიაში, სადაც გუშინ განგაში გამოცხადდა?!
გუშინ ენგურჰესიდან წყალი გაუშვეს, რამაც მდინარეში წყლის დონის მატება გამოიწვია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიაში რამდენიმე სახლი დაიტბორა.
სოფელი ტყაია - მდინარე ენგურის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 125 მეტრზე მდებარეობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხშირად ხდება ენგურჰესიდან ჭარბი წყლის გაშვება. გუშინ წყლის გაშვებას დაემატა ძლიერი, კოკისპირული წვიმა, ამის გამო ადიდდა მდინარეები: მაგანა, ოლირი, ხუფაია, რამაც გამოიწვია მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და სოფელ ტყაიას ტერიტორიაზე, ენგურის სანაპირო ზოლის ზოგი მონაკვეთის დატბორვა.
როგორც ირკვევა, განგაში საღამოს 18:00 საათზე ატყდა. “გთხოვთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, გამოიჩინოთ სიფრთხილე და უსაფრთხოების მიზნით, იმ სახლებში, სადაც წყალი შევიდა ან იმატებს, სასწრაფოდ გამორთეთ ელექტროენერგია. საჭიროების შემთხვევაში, გადავიდეთ უსაფრთხო ადგილზე ან ზედა სართულზე. რაიმე დახმარება თუ დაგჭირდათ, დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე”, - ამ შინაარისის ინფორმაცია გამოქვეყნდა სოფელ ტყაიას ადმინისტრაციის ფეისბუქგვერდზე.
შეშინებული მოსახლეობა ქუჩაში გავიდა, თუმცა მოგვიანებით ისინი სახლებში საფრთხის გადავლის შემდეგ დაბრუნდნენ. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც მოსახლეობას ეხმარებოდნენ.
როგორც მერის წარმომადგენელი სოფელ ტყაიაში - გიორგი მიქავა ჩვენთან საუბარში ამბობს, ამ ეტაპზე სოფელში პანიკის საფუძველი არ არსებობსო.
- ახლა შედარებით სიმშვიდეა, ამ წუთას, აგერ, ენგურთან ვიმყოფები, აშკარად დაკლებულია წყლის დონე, საგანგაშო მდგომარეობა არ არის.
- ბატონო გიორგი, წინასწარ იყავით ინფორმირებულები, რომ წყალს უშვებდნენ?
- კი, ვიყავით ინფორმირებულები, მაგრამ წყალი კალაპოტიდან რომ გადმოვიდოდა, არავინ იცოდა. ამის მოლოდინი არ გვქონდა, სამწუხაროდ, გადმოვიდა და ჩვენს სოფელში ოთხი- ხუთი ოჯახია დაზარალებული. მოვახერხეთ მოსახლეობის ოპერატიულად გაფრთხილებაც. დღისით გამოუშვეს წყლის ნაკადი, ამას დაემატა ძლიერი წვიმა, რამაც გამოიწვია კიდევ ერთი მდინარის, მაგანას ადიდება. ჩემი აზრით, მდინარე მაგანას ადიდებამ გამოიწვია კალაპოტიდან წყლის გადმოსვლა, თორემ წყალს ხშირად უშვებენ ენგურჰესიდან და აქეთ არ გადმოდის. მოსახლეობა წუხელვე დაბრუნდა სახლებში.
- მარტო თქვენი სოფელი დაიტბორა თუ ეს სხვა სოფლებსაც შეეხო?
- ამაზე ჯერ ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენთანაც ვისაც შეეხო, მათ დაეტბორათ თხილნარები, ეზოები, თორემ სახლებში წყალი არ შესულა... სადღაც, საღამოს ექვსი საათი იყო, დამირეკეს და მითხრეს, რომ გამოუშვეს ენგურჰესიდან წყალი. როცა წყალს უშვებენ, ყოველთვის გვაფრთხილებენ. საქართველოს წარმომადგენლები მუშაობენ იქ, ის ადგილი არ არის ოკუპირებული და ბუნებრივია, ინფორმაციას გვაწვდიან.
- რამდენად ხშირად ხდება წყლის გაშვება?
-წვიმების სიხშირეს გააჩნია. წყლის შემოდინება როდესაც ისეთი დიდია, რომ წყალსაცავი სრულად ივსება და მისი ტევადობა ზღვარს აღწევს, ჰესის უსაფრთხოების მიზნით ხდება ჭარბი წყლის ორგანიზებულად გადაშვება სპეციალური სიღრმული წყალმიმღებებისა და ნაგებობების გავლით, რათა კაშხალმა ზედმეტი დატვირთვა აიცილოს თავიდან. როდესაც ჰესის მიერ წყლის რეგულირებას ემატება ძლიერი წვიმები და სტიქია, ერთდროულად მდინარის ადიდება, ასეთ დროს მდინარისპირა სოფლებში წყალი აცდება ხოლმე კალაპოტს. ეს მოხდა ამჯერადაც და ამან გამოიწვია სასოფლო-სამეურნეო მიწების დატბორვა.
- მოსახლეობაში პანიკა ხომ არ არის?
- საფრთხე ამ ეტაპზე არ არის. წვიმამაც გადაიღო, დღეს უკვე მზიანი დღეა და მოსახლეობაში სიმშვიდეა. არავითარი ღამის გათენება ქუჩაში არ ყოფილა, ჩვენთან ერთად იყვნენ გუშინ და მთელ ღამეს პოლიციის თანამშრომლები და მაშველები და მაქსიმალურად კონტროლდებოდა სიტუაცია. მდინარის კალაპოტში წყლის დონე დაწეულია, ადგილობრივ მოსახლეობასა და სოფელს საფრთხე არ ემუქრება.
(სპეციალურად საიტისთვის)