"ქეთევან დედოფლის წამების ამბავი ჩემთვის ძალიან ემოციური იყო"
(არქივი)
"ვინც თავის რელიგიას პატივს სცემს, ის სხვის სიწმინდეებსაც ასე მოექცევა. როდესაც ეს ნაწილები ხელში დავიჭირე, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, მისი სიტყვებით გადმოცემა ძალიან ძნელია. საოცარი ენერგია და ძალა მომცა"
2021 წლის 9 ივლისს ინდოეთიდან საქართველოში, 400 წლის შემდეგ, წმინდა ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები ჩამოაბრძანეს. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ინდოელ დარისპან პრაშერს, რომელიც 10 წელია, საქართველოს მოქალაქეა. განსაკუთრებულად უყვარს ჩვენი ქვეყანა, იცის საქართველოს ისტორია, კულტურა და ქართულადაც კარგად ლაპარაკობს. ის ვრცლად გვესაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა საქართველოში, როგორ შეიფარეს სრულიად უცხო ადამიანებმა ქუჩაში უფულოდ დარჩენილი და რა გზა გაიარა ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილებმა, ვიდრე კვლავ საქართველოში დააბრუნებდნენ.
- დავიბადე ქალაქ ამრიტსარში, პენჯაბის შტატში. სკოლის დამთავრების შემდეგ დელიში გავაგრძელე სწავლა, ენერგეტიკის ფაკულტეტზე. ვმუშაობდი რამდენიმე ადგილას, მქონდა სამშენებლო ბიზნესიც. 2002 წელს ინდოეთში გავიცანი ქართველი, რომელმაც მირჩია, რომ საქართველოში ბიზნესის წამოწყება ძალიან მომგებიანი იქნებოდა და შემომთავაზა, საქმე ერთად დაგვეწყო. სამწუხაროდ, პირველი ჩამოსვლა არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც წარმომედგინა.
ფული, რაც ვითომ საქმეში ჩავდე, აღარ მქონდა და დავრჩი ქუჩაში - ერთი სიტყვით, იმ ადამიანმა ისარგებლა ჩემი ნდობით და მომატყუა. რა თქმა უნდა, წავედი პოლიციაში და დავწერე განცხადება, რომ თაღლითობის მსხვერპლი გავხდი, მაგრამ იმ პერიოდში როგორი განუკითხაობა იყო, ხომ გახსოვთ? ჩემი პასპორტი დაიტოვეს, სანამ ეს საქმე არ დასრულდება, ჩვენთან უნდა იყოსო. ასე რომ, ინდოეთშიც ვეღარ ვბრუნდებოდი. აი, სწორედ ასეთი გაჭირვებისა და უიმედობის დროს გამოჩნდა ხალხი, ვინც დახმარების ხელი გამომიწოდა და ისინიც ქართველები იყვნენ!
მანამდე საერთოდ რომ არ ვიცნობდი, ისეთმა ადამიანებმა შემიფარეს. როგორც ოჯახის წევრს, ისე მექცეოდნენ. მაშინ ყველას უჭირდა და ძალიან მერიდებოდა, მაგრამ თუ არაფერს ვჭამდი, სწყინდათ, ნუ გერიდებაო. შეიძლება ითქვას, გადამარჩინეს. აი, იქიდან შემიყვარდა საქართველო და ქართველები, იმ პირველი იმედგაცრუების მიუხედავად. ცუდი და კარგი ხომ ყველგან არის? მთავარია, მეტი კარგი ქართველი ვნახე, ვიდრე - ცუდი. მაშინ დავიწყე ქართულის შესწავლაც დამოუკიდებლად. მხოლოდ ერთი თვე მყავდა მასწავლებელი, რომელმაც ანბანი მასწავლა. ცხრა თვის შემდეგ პოლიციაში კვლავ დავწერე განცხადება, რომ აღარ მინდოდა საქმის გაგრძელება, პასპორტი წამოვიღე და ინდოეთში დავბრუნდი. მაშინ 26 წლის ვიყავი, მყავდა ცოლი და ერთი შვილი, მეორე მერე გაგვიჩნდა. ინდოეთში, ფაქტობრივად, თავიდან დავიწყე ყველაფერი. მაშინაც ქართველი დამეხმარა. შემომთავაზა, ფულს გადმოგირიცხავ და ინდური გრანიტი გამომიგზავნეო. ნელ-ნელა ფეხზე დავდექი და 2004 წელს ისევ ჩამოვედი საქართველოში. სულ მქონდა ამის სურვილი, უცნაურად ვგრძნობდი თავს, თითქოს რაღაც მაკლდა. მშობლები მეუბნებოდნენ, რაც დაბრუნდი, ხასიათი შეგეცვალა და თუ ასე შეგიყვარდა ის ქვეყანა, დაბრუნდიო.
- მაინც რამ მოგხიბლათ, ასე ძალიან რამ შეგაყვარათ ჩვენი ქვეყანა?
- ბავშვობიდან ვსწავლობდი, რომ სტუმარი ღვთისაა, მეგობრობა, სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია და ეს ყველაფერი აქ, ამ ქვეყანაში, იმ ოჯახსა და ხალხში აღმოვაჩინე, ვინც უანგაროდ მეხმარებოდნენ მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად მიჭირდა და თვითონაც ბევრი არაფერი ებადათ. ტაქსის მძღოლისთვის ქართულად რომ მითქვამს ორი სიტყვა, გახარებულს რამდენჯერ ფული არ გამოურთმევია! ამ ყველაფერმა შემაყვარა საქართველო და კვლავ დამაბრუნა უკან. მერე ყოველ წელს ჩამოვდიოდი. 2010 წელს ინდოეთში საქართველოს საელჩო რომ გაიხსნა, მეგობარმა შემომთავაზა სამსახური, რადგან ინდურიც ვიცოდი და ქართულიც. ჩემს ცხოვრებაში ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. საქართველო ძალიან პატარაა, ყველა ერთმანეთს იცნობს და ვინც ინდოეთში გამგზავრებას აპირებდა, ყველას ჩემს ნომერს აძლევდნენ, ეუბნებოდნენ, რომ მათ დახმარებას შევძლებდი. სწორედ საელჩოში მუშაობისას შევიტყვე, რომ ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები შეიძლებოდა ინდოეთში ყოფილიყო. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უკვე გაგზავნილი ჰქონდა წერილი ინდოეთის მთავრობასთან.
- ბევრმა არ იცის, როგორ აღმოჩნდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთში.
- როგორც იცით, ირანის შაჰის ბრძანებით, ქეთევან დედოფალი 1624 წლის 12 სექტემბერს ქალაქ შირაზში საჯაროდ, წამებით მოკლეს. დედოფალი ძალიან შეეცოდათ შირაზის მცხოვრებლებს, მაგრამ შაჰის შიშით ვერავინ ბედავდა მის ნეშტთან მიახლოებას. წამებას ესწრებოდა პორტუგალიელი ავგუსტინელი მისიონერი, მამა ამბროზიო დუშ ანჟუში, რომელიც თურმე ქეთევანსაც იცნობდა. სწორედ მან აღმოაჩინა ქეთევან დედოფლის საფლავი დასჯიდან რამდენიმე თვეში, ამოასვენა ცხედარი და საიდუმლოდ წაასვენა მონასტერში. ამის შემდეგ დუშ ანჟუშს დედოფლის ცხედარი ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში გადაუსვენებია. მალე, შაჰის ბრძანებით, ისპაჰანის მონასტრის ავგუსტინელი ბერებიც დაუპატიმრებიათ და შირაზში გადაუყვანიათ. მონასტრის წინამძღვარს თან წაუღია წმინდა დედოფლის სხეული. 10 თვის შემდეგ ბერებისთვის ისპაჰანის მონასტერში დაბრუნების უფლება მიუციათ. მათ წამებული დედოფლის ნეშტის წმინდა ნაწილები საგანგებოდ გამზადებულ ლუსკუმაში ჩაუსვენებიათ და კვლავ თან წაუღიათ.