"ნარკოეპიდემიის ზღვარზე ვართ"... - კვირის პალიტრა

"ნარკოეპიდემიის ზღვარზე ვართ"...

საჯარო სამსახურებში, მაღალი თანამდებობის პირების მიერ ნებაყოფლობითი ნარკოტესტის ჩატარება არახალია. სხვადასხვა დროს, პერიოდულად ნარკოლოგიურ შემოწმებას გადიოდნენ ხან საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და ხანაც აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები. ცოტა ხნის წინ კი ნარკოლოგიური შემოწმება შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა ყველა მოადგილემ ჩაიტარეს. იანვრიდან ძალაში შევიდა წინა პარლამენტის მიერ მიღებული კანონიც, რომლის თანახმადაც, საჯარო მოხელეებს ევალებათ ნარკოტესტის გავლა. რას ითვალისწინებს ახალი კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, ვისთვის უნდა გახდეს სავალდებულო ნარკოტესტის ჩატარება და როგორი უნდა იყოს უწყება, რომელიც ამ კვლევას ჩაატარებს - ამ და სხვა თემებზე სპეციალისტებს ვესაუბრეთ.

ნინო ბურჭულაძე, ჟურნალისტი, ექსპერტი: "ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ თანამდებობის პირებისთვის უნდა იყოს სავალდებულო ნარკოტესტის ჩატარება, არამედ ყველა იმ პროფესიის ადამიანისთვის, ვისაც გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს აღებული საზოგადოების წინაშე. იქნება ეს პედაგოგი, ექიმი, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი თუ სხვა. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით ნარკოტიკების შეძენა, შენახვა და მოხმარება აკრძალულია. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც ამას ჩადის, ფაქტობრივად დამნაშავეა. პირი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, ხელისუფლებაში არ უნდა იყოს. გარდა ამისა, აუცილებელია იმ ადამიანების ნარკოტესტირება, ვისაც უშუალო შეხება აქვს ნარკოტიკულ ნივთიერებებთან. მაგალითად ექიმები, პოლიციის თანამშრომლები. თუ ეს ტესტირება იქნება სავალდებულო, ეს გამოხატავს საზოგადოების დამოკიდებულებას თავად ნარკოტიკების მოხმარების მიმართ. მით უფრო, რომ ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხთან მიმართებაში ცხადია და კანონმდებლობაც არ ეგუება ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარებას. ახლა საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების თვალსაზრისით საკმაოდ მწვავე ვითარებაა და შეიძლება ითქვას, რომ ნარკოეპიდემიის ზღვარზე ვართ. იმ შემთხვევაში თუ ნარკოტესტირება ზოგადად იქნება სავალდებულო, ეფექტურად მოხდება იმის განსაზღვრა თუ სადამდე და რა დარგებში შეაღწია ნარკომანიამ. ავღანეთში მომხდარი ბოლო ეპიზოდის შემდეგ ძალიან აქტუალური გახდა ჯარში ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელთა რაოდენობის გამოვლენა და არსებობა. მოგეხსენებათ, რომ ავღანეთი, სადაც ქართული სამშვიდობოების კონტიგენტი დგას, ჰეროინის პირველი მწარმოებელი ქვეყანაა მსოფლიოში. მართალია ამ დროისთვის ჰეროინის ლაბორატორიები ავღანეთში აღარ არის და პაკისტანშია გადატანილი, მაგრამ ოპიუმის მოსავალი ძალიან დიდია და შესაბამისად ცდუნებაც დიდია. შესაბამისად ალბათ სიურპრიზი არავისთვის იქნება, თუ ვიტყვით, რომ ავღანეთში მყოფი ქართველ ჯარისკაცებს შორის იყვნენ და არიან ნარკოტიკების მომხმარებლები.

ძალიან მნიშვნელოვანია მკაცრად განისაზღვროს იმ სამსახურის უფლებამოსილებანი და დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის ხარისხი, რომელიც ჩაატარებს ნარკოტესტირებას. იყო კონკრეტული მაგალითები, მაგალითად 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, როცა "ეროვნულმა საბჭომ" გადაწყვიტა ნარკოტესტირების ჩატარება, ლევან გაჩეჩილაძეს მიღებული ჰქონდა (თავის ტკივილების გამო) ტკვილიგამაყუჩებელი პრეპარატი "კაფეტინი" და ძალიან დიდი პოლიტიკური ზეწოლა იყო ექიმებზე, რომ მათ დაედასტურებინათ ოპიუმის არსებობა მის ორგანიზმში. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმაც და მაშინდელი ხელისუფლების წევრებმაც კარგად იცოდნენ, რომ ეს გამოწვეული იყო ტკვივილგამაყუჩებელი პრეპარატით. ნარკოტესტირება არ უნდა იყოს პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღი, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. ეს არ უნდა იქცეს კორუფციის წყაროდ. იყო ასევე შემთხვევები, როცა ექიმები დააკავეს იმის გამო, რომ ყალბ ცნობებს ამზადებენ ნარკოტესტებთან დაკავშირებით".

ირაკლი გამყრელიძე, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორი: "სხვადასხვა ქვეყანაში პრაქტიკა ამ მიმართულებით სხვადასხვაგვარია - არის ქვეყნები, სადაც ნარკოტესტის ჩატარება ყველა საჯარო მოხელისთვის სავალდებულო იყო და შემდეგ გააუქმეს, ზოგან კი პირიქით, სავალდებულო გახდა. გარკვეულწილად ამას განსაზღვრავს რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა კონკრეტული ქვეყნისთვის. ამ შემთხვევაში არ არის საუბარი მხოლოდ თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებზე, არამედ ნარკოლოგიური შემოწმების აუცილებლობა დგება კონკრეტული სპეციალობის ადამიანების შემთხვევაში, იქნება ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი, პედაგოგი თუ სამართალდამცავი. სხვადასხვა პერიოდულობით სავალდებულო უნდა იყოს ნარკოტესტის ჩატარება სხვადასხვა უწყებაში და არსებობდეს შესაბამისი მარეგულირებელი მექანიზმები, რათა უფრო გაიზარდოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხარისხი, ასევე პრევენციული ღონისძიებები. ნარკოტესტირება საკმაოდ ფართო მცნებაა. თუ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ სრული გამოკვლევა უნდა ჩავუტაროთ კონკრეტულ თანამდებობის პირებსა თუ სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებს, ეს უნდა გულისხმობდეს არა მხოლოდ ლაბორატორიულ ტესტირებას, არამედ კლინიკურ გამოკვლევას და გარკვეული ინფორმაციის მიღებას ამ პიროვნებასთან დაკავშირებით. კანონმდებლობა უშვებს, რომ გარკვეული ნივთიერებების მოხმარება ექიმის დანიშნულებით, არ წარმოადგენდეს რამე სანქციის საფუძველს. კანონში საუბარია სწორედ რომ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო მოხმარებაზე, ბოროტად გამოყენებასა და ამ ნივთიერების მიმართ დამოკიდებულებაზე. ყოველივე აქედან გამომდინარე, მართებულია ის თეზისი, რომ თანამდებობის პირები, საჯარო მოხელეები უნდა გადიოდნენ სავალდებულო ნარკოტესტირებას და საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ამბობს, რომ შესაძლებელია პირის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდეს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებზე დამოკიდებულება ან მათი უკანონო მოხმარება. შემდეგ, საქმიანობის პერიოდშიც, აუცილებლობის გაჩენის შემთხვევაში, შესაძლებელია საჯარო მოხელეს მოეთხოვოს ნარკოტესტის ხელახლა გავლა. ეს არის რასაც გვეუბნება კანონი საჯარო სამსახურის შესახებ. ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონი კი შეზღუდვებზე საუბრობს. უფრო კონკრეტულად კი, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული შეზღუდვები გარკვეულ პროფესიებსა და საქმიანობაზე თუ პირი არის ამა თუ იმ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე დამოკიდებული ან უკანონო მომხმარებელი. ამ პროფესიათა ნუსხა, ეს შეზღუდვები და შემოწმების პერიოდულობა განსაზღვრული არ არის და უნდა განსაზღვროს საქართველოს მთავრობამ".

ემა ტუხიაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)