“მოხდა დარღვევა, რასაც სჭირდება სამართლებრივი რეაგირება, ჯუმბერ ბოლქვაძემ კი ისე, რომ კაციშვილს არ მოუთხოვია, თავად მიიღო გადაწყვეტილება წასვლის შესახებ“ - რას აცხადებს მიხეილ სარჯველაძე
ბათუმთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, დიდ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რომელიც იმპულსურად შეიქმნა - ექიმი უარს ამბობდა პაციენტისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევაზე, რაც ნებისმიერი ექიმისგან აბსოლუტურად მიუღებელია - ამას ყოველთვის შევეწინააღმდეგებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელის, ჯუმბერ ბოლქვაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
მისი თქმით, პაციენტის მიღებაზე უარის მიზეზად იმის დასახელება, თითქოს ადგილები არ იყო, აბსოლუტური ტყუილია, რადგან სარჯველაძის მტკიცებით, იმ დროისთვის საავადმყოფოში საკმარისი ადგილები იყო როგორც გადაუდებელი დახმარების, ისე რეანიმაციულ განყოფილებაში.
„ბათუმთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, დიდ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რომელიც იმპულსურად შეიქმნა. ვითარება ასეთია: ივნისის დასაწყისში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნაოპერაციებ 85 წლის ქალს ოპერაციის შემდგომი გართულების გასწორება დასჭირდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური დაუკავშირდა კლინიკას, თუმცა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ კონკრეტულმა თანამდებობის პირმა პაციენტის მიღებაზე მიზეზის დაუკონკრეტებლად განაცხადა უარი. სრულიად უმნიშვნელოა, როგორ გააფორმა მან ეს ყველაფერი - მთავარია, რომ ექიმი უარს ამბობდა პაციენტისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევაზე, რაც ნებისმიერი ექიმისგან აბსოლუტურად მიუღებელია. ამას ყოველთვის შევეწინააღმდეგებით. ასე რომ, ბატონი ჯუმბერისთვის გასაგები იყო, რომ მას ამაზე პასუხისმგებლობა მოუწევდა. მიზეზად იმის დასახელება, თითქოს ადგილები არ იყო, აბსოლუტური ტყუილია. იმ წუთას საავადმყოფოში საკმარისი ადგილები იყო როგორც ემერჯენსის, ისე რეანიმაციულ განყოფილებაში. ამის დასტურია ისიც, რომ მას შემდეგ, რაც ლამის მე და რამდენიმე ხელმძღვანელი პირი პირადად ჩავერიეთ, იმავე კლინიკაში პაციენტის მიღება შესაძლებელი გახდა. ამას ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ერთი კონკრეტული პირი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ამბობდა პაციენტის მიღებაზე უარს.