“თანამედროვეობა ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს, ათასგვარი საცდური ცდილობს ჩაანაცვლოს ზნეობრივი ფასეულობები - ასეთ დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ სიყვარული, სამართლიანობა, შემწყნარებლობა ის ღირებულებებია, რომელთა არსიც არ იცვლება“ - შიო III
თანამედროვეობა ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს. ომები, დაპირისპირება, შუღლი, ათასგვარი საცდური ცდილობს ჩაანაცვლოს რწმენა და ზნეობრივი ფასეულობები - ასეთ დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარული, მოწყალება, პასუხისმგებლობა, სამართლიანობა, შემწყნარებლობა, კაცთა შორის მშვიდობისკენ სწრაფვა, ქრისტიანულ სწავლებაზე დაფუძნებული ის ზნეობრივი ღირებულებებია, რომელთა არსიც დროის წარმავლობის მიუხედავად, არ იცვლება, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ კონფერენციაზე - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ ამ კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა „ისეთ მნიშვნელოვან ფასეულობებს, როგორებიცაა ოჯახის ინსტიტუტი, ტრადიციული ღირებულებები“.
„ქრისტიანობამ მოგვცა უამრავი მოღვაწე და წმინდანი, დიდი და თავდადებული ადამიანი. მას შემდეგ მრავალმა ქარტეხილიანმა საუკუნემ განვლო, მრავალი დიდი თუ მცირე ქვეყანა აღიგავა პირისაგან მიწისა და ჩაიკარგა დროის მდინარებაში, მაგრამ ქრისტეს რწმენით ნასაზრდოებმა და ქრისტიანული ღირებულებებით შეჭურვილმა ქართველმა ერმა მაინც შეძლო შეენარჩუნებინა სარწმუნოება, ენა და მამული. ქრისტიანულმა აზროვნებმა და რწმენამ შესძინა სულ სხვა სულიერი და ზნეობრივი შინაარსი ევროპულ ცივილიზაციას. ჩვენი ქვეყანა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით და ისტორიით ოდითგანვე, სხვადასხვა კულტურის და ცივილიზაციის გზაჯვარედინზე მდებარეობდა. საქართველო საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა ბიზანტიის, ქრისტიანული აღმოსავლეთის და ევროპის მდიდარი საღვთისმეტყველო და ინტელექტუალური და კულტურული აზროვნებს საერთო სივრცეში. ამ კავშირით ქართველმა ერმა, ერთი მხრივ, შეინარჩუნა თვითმყოფადობა, ამავე დროს, კი გამორჩეული წვლილი შეიტანა მსოფლიო ქრისტიანობის სულიერ საგანძურში.