“საქართველოს საპატრიარქო დელეგაციის მოსკოვში ჩასვლა არ არის გამორიცხული - ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება, ეს შესაძლებლად კი არ მიმაჩნია, ეს ფაქტია!“ - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - კვირის პალიტრა

“საქართველოს საპატრიარქო დელეგაციის მოსკოვში ჩასვლა არ არის გამორიცხული - ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება, ეს შესაძლებლად კი არ მიმაჩნია, ეს ფაქტია!“ - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

არ არის გამორიცხული [საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს] - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, ამიტომ შეუძლებლად მიგაჩნიათ ურთიერთობა ეკლესიებს შორისაც, ზოგს, მაგალითად. ურთიერთობა გრძელდება და ეს ურთიერთობა გაგრძელდება, ფაქტია ეს - შესაძლებლად კი არ მიმაჩნია, ფაქტი არის, - ასე პასუხობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჟურნალისტის კითხვას: დაპატიჟების შემთხვევაში გაემგზავრება თუ არა მოსკოვში საქართველოს საპატრიარქო.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს საპატრიარქოს მიწვევასთან დაკავშირებით მოსკოვის საპატრიარქოდან „კონკრეტული რამე არ ყოფილა“.

„ჩვენ თუ მოწვევას ვუწოდებთ იმას, რომ რაიმე თარიღია შერჩეული და კონკრეტულად სამზადისია ამისთვის დაწყებული, ასეთი რამ არ ყოფილა, მაგრამ ზოგადად, ნებისმიერი ეკლესია, როდესაც ჩამოდის ან ჩვენ, როდესაც ვსტუმრობთ მათ, ყოველთვის არის საუბარი, რომ საპასუხო ვიზიტი შედგეს, თუმცა კონკრეტული რაიმე არ ყოფილა“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს საპატრიარქოს რუსეთის საპატრიარქო სტუმრობდა, დადგება თუ არა საკითხი, რომ საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში, ანდრია ჯაღმაიძე ასე პასუხობს:

„არ არის გამორიცხული, მაგრამ დღეს არაფერი არ არის ამის შესახებ კონკრეტული“, - აცხადებს ჯაღმაიძე.

კითხვაზე: რა გადაწყვეტილებას მიიღებს პატრიარქი შიო III, დეკანოზი აღნიშნავს, რომ „არ არის გამორიცხული“ [მოსკოვში წასვლა].

„არ არის გამორიცხული. იცით, რაშია საქმე? ძალიან ხშირად ეკლესიებს შორის ურთიერთობა არასწორად აღიქმება, აღიქმება იმ სათვალით, რომელსაც პოლიტიკური თვალსაზრისით განსჯიან ადამიანები. ეკლესიების ურთიერთობა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა და მას თავისი საფუძვლები აქვს. ასე რომ, თქვენი შეკითხვა სწორედ აქედან გამომდინარეობს. რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, ამიტომ შეუძლებლად მიგაჩნიათ ურთიერთობა ეკლესიებს შორისაც, ზოგს, მაგალითად. ურთიერთობა გრძელდება და ეს ურთიერთობა გაგრძელდება, ფაქტია ეს - შესაძლებლად კი არ მიმაჩნია, ფაქტი არის“, - აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.

კითხვაზე, რატომ უნდა ჩავიდეს საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია უკრაინაში ომს აწარმოებს, კრემლის პოლიტიკას კი რუსეთის საპატრიარქოს მხარდაჭერა აქვს, ანდრია ჯაღმაიძე ასე პასუხობს:

„გასაგებია, ბევრი რამ ხდება სხვადასხვა ეკლესიებში, რომელიც მიუღებელი შეიძლება იყოს და ჩვენ ეს არ გავიმეოროთ, არ მივესალმოთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შევწყვიტოთ ურთიერთობები“, - აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.

განაგრძეთ კითხვა