ვახტანგ მაისაია ნატოს გენერალურ მდივანს ხვდება?! - კვირის პალიტრა

ვახტანგ მაისაია ნატოს გენერალურ მდივანს ხვდება?!

13 იანვარს, გარეთ გამოსული პოლიტპატიმრებიდან ყველაზე მეტად სააკაშვილი ვახტანგ მაისაიას განთავისუფლებამ აანერვიულა.

"2006 წელს რუსეთის "გრუ"-ს აგენტები დავაკავეთ, რის გამოც მაისაია შეშინდა და მათთან თანამშრომლობაზე უარი თქვა. იმათ კი - ნურას უკაცრავად ბიჭო, შენ ხომ არაფერი გეშლება და "ნჯო" ხომ არ გგონოვართო, ჩვენ ვართ სპეც-სამსახური და 6-7 ათასი ევრო რომ გამოგვართვი ახლა უნდა ითანამშრომლოო და მანაც გააგრძელა. 2008-ში მაისაია იჯდა ჩვენი ოპერატიული თანამშრომლის გვერდით და რუსებს გადასცემდა ჩვენი ნაწილების გადაადგილების სქემებს. Aახლა მაისაია გარეთ გამოდის, როგორც პოლიტ-პატიმარი".

პრეზიდენტის ამ განცხადების მერე ცოტა ძნელი დასაჯერებელია ის, რომ რუსეთის აგენტად შერაცხულ მაისაიას საქმეში უწერია: "სლოვაკეთში ნატოს სპეც-სამსახურების აგენტი". მაგრამ ფაქტი ფაქტია, რუსეთი იქ არ წერია და შესაბამისად, მაისაიას რუსების აგენტობაც მინიმუმ დაფიქრებასა და საქმის გულდასმით გადახედვას მოითხოვს.

პრეზიდენტის მიერ მაიასაიას გამოშვების შეფასება მთელმა საქართველომ მოისმინა. სამაგიეროდ, ცოტამ თუ იცის ის, რაც ყოფილმა პოლიტპატიმარმა ვახტანგ მაისაიამ "კვირის პალიტრას" გაუმხილა ექსკუზიურ ინტერვიუში.

ვახტანგ მაისაია (პოლიტპატიმარი):

- პირველი შეგრძნება თავისუფლებაზე გამოსვლის შემდეგ რა იყო?

- არ დაგიმალავთ, ეს არის მეორე დაბადება ჩემთვის. ამ ხნის განმავლობაში მე ჩემმა მეგობრებმა გამოვიარეთ ნამდვილი ჯოჯოხეთი.Eეს იყო სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ყოფნა. ყოველ-შემთხვევაში, თვითონ პრეზიდენტის განცხადებების ფონზეც კი ჩანდა, რასაც აფრქვევდა ჩემი მისამართით, თუ რა რეპრესიებისა და ზეწოლის ქვეშEვიყავი პირადად მე. ამას დავარქმევდი "გადარჩე ცოცხალი სასაკლაოზე". გადასარჩენად ბრძოლაა საჭირო, ამიტომაც თვითონ ციხის შიგნით გავმართეთ ბრძოლა და შევქმენით პოლიტპატიმრების ორგანიზაცია მე, მელორი ვაჩნაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, შალვა გოგინაშვილმა, ლევან ჩაჩუამ, ჟორჟოლიანმა და ა.შ. უმძიმესი დღეები გვაქვს გამოვლილი 2010-11 წლებში ამ ხალხს. ამ ხნის განმავლობაში ციხეში არაერთხელ სასტიკად მაწამეს.

- არის ისეთი რამ, რასაც პატიმრობის პერიოდში ვერ ლაპარაკობდით და ახლა შეგიძლიათ გააჟღეროთ?

- 2010 წელს ისე მაწამეს, რომ ჩემი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. ე.წ. "კილერის" მითითებით მოხდა ჩემზე თავდასხმა და სასტიკად მცემეს. ოთხი დღე ვიყავი კარცერში არაადამიანურ პირობებში. რომ არა ჩემი მეგობრები, მე შეიძლება იქედან ცოცხალი ვერ გამოვსულიყავი. მაშინ თავის ტვინის უმძიმესი ტრამვა მივიღე. ამის შემდეგ ლაპარაკი მიჭირს, მეხსიერებაში კი პერიოდულად ჩავარდნები მაქვს. იმედი მაქვს, ჩემი ეს მდგომარეობა მკურნალობას დაექვემდებარება.

- კონკრეტულად ვისი მითითებით ხდებოდა თქვენი წამება?

- მე-8 დაწესებულების რეჟიმის უფროსის ვიქტორ ყაჭეიშვილის ბრძანებით მაწამეს და ჩემს მესაკნეებს განცხადება დააწერინეს, ვითომც ვახტანგ მაისაიამ თვითდაზიანება მიიყენა. ჩემმა ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ ყველა მასალა გადასცა იუსტიციის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელს და გაირკვა, რომ ორი კვირის წინ უკვე დაიკითხნენ მესაკნეები. მათ აღიარეს, რომ მათ მიერ დაწერილი განცხადებები ტყუილია და დაადასტურეს 2010 წელს ყაჭეიშვილის ბრძანებით ჩემი ცემის ფაქტი.

- პრეზიდენტი სააკაშვილი მთელი ამ წლების განმავლობაში აპელირებდა თქვენი ფიგურით, შეიძლება ითქვას, მან რუსეთის #1 ჯაშუშად გამოგაცხადათ.

- ჩემს საქმეში ოფიციალურად ფიგურირებს ნატოს სპეც-სამსახურები. ის, რაშიც ოფიციალურად მე ბრალი მედებოდა სისხლის სამართლის საქმის კუთხით, გახლავთ ნატოს სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობა. მეტსაც გეტყვით, ჩემს საქმეში წერია, რომ ვითომ მე სლოვაკეთის სამხედრო პირებმა გადმომიბირეს, რომელთაც ჰქონდათ თურმე ურთიერთობა რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურთან. ეს უკანასკნელი - "რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახური" საერთოდ არ არსებობს ბუნებაში. რომ დაეწერათ "ფსბ" ანდა "გრუ", კიდევ გასაგებია. მაგრამ დაწერეს ის, რაც არ არის. ამ ყველაფერს პირადად მოვახსენებ ნატოს გენერალურ მდივანს.

- რასმუსენთან აპირებთ შეხვედრას?

- აუცილებლად. წინა მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარებულია ჩემი ადვოკატის მიერ, რომელმაც გააგზავნა ოფიციალური წერილი საქმის დეტალებით და შეხვედრის მოთხოვნით.

- რას აპირებთ, თქვენს საამომავლო გეგმებზე გვითხარით?

- ამ საქმეს აუცილებლად მე მივიყვან ბოლომდე. ამ ეტაპზე ჩემი ადვოკატი ნათია კორკოტაძე, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს საქმეში, ათანხმებს ნატოს წარმომადგენლებთან შეხვედრის დეტალებს. 2009 წლის 5 მაისს, როდესაც დამაკავეს, ჩემი ადვოკატი იყო მანანა ჩიქოვანი, რომელმაც აღიარებითი ჩვენება მიმაცემინა. მეუბნებოდა, რომ თუ ისე არ აწერ, როგორც გიკარნახებენ, დედაშენს და შენს ცოლს მოგისვამენ გვერდზეო. ეს ის პერიოდია, როდესაც ოსანაძე დააკავეს და 17 ოჯახის წევრი მიუყვანეს მოდულში 2 თვის ბავშვთან ერთად. ანალოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა ჩემზეც. ჩიქოვანმა შემიყვანა შეცდომაში და მიმაცემინა ცრუ აღიარებითი ჩვენება, რაც გამოქვეყნდა. ერთ კვირაში გამოვიცვალე და ჩემი ადვოკატი გახდა ნათია კორკოტაძე, რომელმაც მაშინვე დაწერა განცხადება ჩემზე განხორციელებული ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის ფაქტზე. გამოსვლის შემდეგ, პირველ რიგში შევხვდები რასმუსენს, იმიტომ რომ ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილი ბრალდება ნატოსაც სცხებს ჩირქს. გარდა ამისა, ვაპირებ გასაჩივრებას. ჩემი ადვოკატი შეიტანს განცხადებას პროკურატურაში და მოვითხოვთ გრიფით საიუდმლოს მოხსნას. დღესაც გრიფი ადევს ამ მასალებს, არადა, აუცილებლად უნდა მოხდეს ჩემი საქმის საჯარო განხილვა.

თამარ როსტიაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)