“ძნელბედობის ჟამს დედა ეკლესია აერთიანებდა და იცავდა ერს, ქრისტიანობა ჩვენთვის რწმენასთან ერთად იყო ის სულიერი ძალა და ინტელექტუალური საყრდენი, რომელმაც მძიმე ქარტეხილებში შეგვინარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობა“ - მიხეილ ყაველაშვილი
17 საუკუნის წინ, ჩვენმა სულიერმა არჩევანმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა ქართველი ერის სახე, კულტურა და ისტორიული გზა - უმძიმეს ისტორიულ მომენტებში და ძნელბედობის ჟამს სწორედ დედა ეკლესია აერთიანებდა და იცავდა ერს , - ამის შესახებ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა კონფერენციაზე - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ყაველაშვილმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ქრისტიანული მემკვიდრეობის როლზე ქართული სახელმწიფოებრიობის, ეროვნული იდენტობის, კულტურისა და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებაში.
„17 საუკუნის წინ, ჩვენმა სულიერმა არჩევანმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა ქართველი ერის სახე, კულტურა და ისტორიული გზა. უმძიმეს ისტორიულ მომენტებში და ძნელბედობის ჟამს სწორედ დედა ეკლესია აერთიანებდა და იცავდა ერს. ქრისტიანობა ჩვენთვის რწმენასთან ერთად იყო ის სულიერი ძალა და ინტელექტუალური საყრდენი, რომელმაც მძიმე ქარტეხილებში შეგვინარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობა და გვასწავლა, რომ ადამიანის ღირსება, სამშობლოს სიყვარული, თავისუფლება და პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან განუყოფელია“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.