რაზე ისაუბრეს გენპროკურორის მოადგილემ და ორი წლის წინ გარდაცვლილ სტიქაროსნის თემურ ხადურის დედამ?!
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ზურაბ ბელთაძე ორი წლის წინ გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გარდაცვლილის დედას, ნინო გვიშიანს შეხვდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრას ესწრებოდა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს თავმჯდომარე, თამარ ბეჟუაშვილი. „შეხვედრაზე ნინო გვიშიანს მიეწოდა ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის დეტალების, გამოძიების მიმდინარეობის და ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შესახებ.
თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო შეისწავლის, რომლის ფარგლებშიც საბჭოს მჭიდრო კომუნიკაცია ექნება ნინო გვიშიანთან. ასევე, საქმის შესწავლის შედეგების და შემდგომი ღონისძიებების შესახებ დეტალურად ეცნობება საზოგადოებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
"ინტერპრესნიუსი"