"ადრე გაზაფხულზე ჩამოდის, თიბავს, ხნავს..." - რას ჰყვება ლელა წურწუმია 80 წლის დედაზე და ხობში მდებარე მამაპაპისეულ სახლზე
ნინუცა ორჯონიკიძის იუთუბ-არხი ლელა წურწუმიას ესტუმრა მამაპაპისეულ, 150-წლიან სახლში, ხობში. ამ სახლს ლელას 80 წლის დედა, ნინო ლომთათიძე, რუდუნებით უვლის (ლელას მამა, ფიზიკოსი ლუდოვიკო წურწუმია, 68 წლის ასაკში, ინფარქტით გარდაიცვალა. დედა, გურული და დედით მეგრელი ქალბატონი, უცხო ენების სპეციალისტია. ლელას ჰყავს ორი და — ეკა და ხათუნა - რედ.).
- ყოველ გაზაფხულზე ჩამოდის დედა, გვიან შემოდგომამდე აქ არის და უვლის აქაურობას. თიბავს, ტრაქტორზე ზის და ხნავს... თავის ჯანმრთელობასაც მიხედა ამით, მოიფიქრა საქმიანობა, რაც ამხნევებს, აძლიერებს. ის ძალიან საჭირო ადამიანია, იმდენ რამეს აკეთებს ჩვენთვის და გვაბედნიერებს. 80 წლისაა დედა და ასე გამოიყურება...
ეს მამაჩემის და ბაბუაჩემის, წურწუმიების ძირი სახლია. ჩემი დიდი ბაბუის აშენებულია, 150 წლის... ყველანაირად ვცდილობ, მოვუარო და შევინარჩუნო. ვგიჟდებოდი აქ ყოფნაზე. მაისის ბოლოს ჩამოვიდოდი და წასვლა აღარ მინდოდა. ეს სახლიც დღემდე სულ მესიზმრება, ცუდი ამბავი ხდება თუ კარგი ჩემს ცხოვრებაში, ჯერ ამ სახლს ვხედავ სიზმარში.