კიევის ხიდების აფეთქება "ულვაშებიანმა“ რუსულმა "გერანებმა“ დაიწყეს... - კვირის პალიტრა

კიევის ხიდების აფეთქება "ულვაშებიანმა“ რუსულმა "გერანებმა“ დაიწყეს...

ნებისმიერი ქვეყნის დიდი ქალაქების შუაში ჩამავალ მდინარეებზე გადებულ ხიდებს სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება,მით უმეტეს თუკი ეს ქვეყანა დიდ ომშია ჩართული და მისი დედაქალაქი გამუდმებით იბომბება მოწინააღმდეგის მხრიდან...

უკრაინის დედაქალაქი კიევი დღეს სწორედ ასეთ ურთულეს მდგომარეობაშია,როდესაც ყოველღამე და უკვე დღის საათებშიც კი, აგრესორი რუსეთი კომბინირებულ(დრონებით,ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით) საჰაერო დარტყმებს აყენებს მას და კრემლის მიერ მონიშნულ სამიზნეებს კიევში,ბოლო დღეებში დაემატა მდინარე დნიპროზე გადებული ხიდებიც...

კიევში მდინარე დნიპროზე სულ 8 ძირითადი ხიდია (მათ შორის საავტომობილო, სარკინიგზო, მეტრო და საფეხმავლო ხიდები), რომლებიც ქალაქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს ერთმანეთთან აკავშირებს.გარდა ამისა, დედაქალაქში არსებობს ათეულობით მცირე ზომის ხიდი, რომლებიც გადაჭიმულია არხებსა თუ დნიპროს შენაკადებზე.

მდინარე დნიპროზე არსებული ძირითადი ხიდებია: ჩრდილოეთის ხიდი,სამხრეთის ხიდი, პატონის ხიდი, მეტროს ხიდი, დარნიცკის ხიდი, პოდილის ხიდი, პეტროვსკის სარკინიგზო ხიდი და პარკის საფეხმავლო ხიდი.

rusetidaukraina-1791103894.jfif

რუსული რეაქტიული „გერან-4“... „ულვაშებით“...

მდინარე დნიპროს სიგანე კიევში ადგილმდებარეობის მიხედვით იცვლება და ძირითადად 400-დან 700 მეტრამდე აღწევს, ზოგიერთ გაფართოებულ მონაკვეთსა და წყალსაცავის ზონაში კი სიგანემ შესაძლოა რამდენიმე კილომეტრსაც მიაღწიოს (კუნძულებისა და ტოტების გათვალისწინებით). ქალაქის ფარგლებში მდინარის კალაპოტი დაყოფილია ტოტებად, ყურეებად და კუნძულებად, ხოლო თავად მთავარი წყლის სივრცე საშუალოდ დაახლოებით 700 მეტრის სიგანისაა.

შედარებისთვის-საქართველოს დედაქალაქში თბილისში ჩამომავალი მდინარე მტკვრის კალაპოტის სიგანე 30-დან 80 მ-მდე მერყეობს.

კრემლისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას,რომ ეს ზამთარი რაც შეიძლება გაუსაძლისი გაუხადოს უკრაინის და პირველ რიგში კი კიევის მილიონობით მაცხოვრებელს,რისთვისაც პუტინის კონკრეტული ბრძანების თანახმად მიზნმიმართული სისტემატური საჰაერო დარტყმები ხორციელდება კიევის თბოელექტროსადგურებზე კიეველების გათბობის გარეშე დასატოვებლად ზამთრის ყინვებში,ელექტროსადგურებზე კიევის სრულად ჩასაბნელებლად,ბუნებრივი აირის გადამანაწილებელ ცენტრებზე,წყალსაქაჩ სადგურებზე უკრაინის დედაქალაქში სასმელი წყლის დეფიციტის შესაქმნელად და საკანალიზაციო სისტემებზე კიევში ანტისანიტარიის შესაქმნელად.

rusetiukraina-1791103773.jfif
„გერანის“ დატეხილი „ულვაშები“,რომლებიც საბრძოლო ნაწილის დამატებით დეტონატორები აღმოჩნდა...

და ამ ყველაფერს კრემლმა ბოლო დღეებში სამიზნეებად დაამატა კიევში ჩამავალ მდინარე დნიპროზე გადებული ხიდებიც,რათა უკრაინის დედაქალაქი ორად გახლიჩოს და კიეველებს ძალზე გაუძნელოს გადაადგილება დნიპროს ერთი ნაპირიდან მეორეზე.

კიევის უდიდეს,სამხრეთ და ჩრდილოეთ ხიდებზე რამდენიმე დღეა მიზანმიმართული რუსული საჰაერო დარტყმები მიმდინარეობს,რის გამოც მათზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა და მალე შეიძლება საერთოდ შეწყდეს.

საგულისხმოა,რომ კიევის ხიდებზე შესატევად რუსეთი იყენებს სპეციალურად მოდერნიზებულ რეაქტიულ კამიკაძე-დრონებს „გერანებს“,რათა უკეთესად ააფეთქოს ამ ხიდების დამჭერი კონსტრუქციების რკინის ბაგირები.

ირანული „შაჰიდების“ შეძენისა და მათი ლიცენზიით „გერანის“ სახელით სერიულად გამოშვების დაწყების შემდეგ რუსეთმა ამ დრონების არაერთი გაუმჯობესებული მოდიფიკაცია შექმნა,თუმცა კიევის ხიდებზე შემტევი რეაქტიულძრავიან „გერან-4“-ებს ვიზუალურად დაუფიქსირდათ,მათი ცხვირის ნაწილში პერპენდიკულარულად დამონტაჟებული ორი გრძივი მილი,რამაც ერთგვარი „ულვაშების“ ასოციაცია შექმნა.

უკვე აფეთქებული ამ „გერანების“ ფრაგმენტების დეტალური ანალიზის შემდეგ, უკრაინელი სპეციალისტები მივიდნენ იმ დასკვნამდე,რომ ამ მოდიფიკაციის „გერანებს“ ცხვირის ნაკვეთურში უყენიათ ახალი,40 კგ-იანის საბრძოლო ნაწილი КРСН -კუმულაციურ-მჭრელი მოქმედების სპეციალური საბრძოლო ნაწილი,რომლის მთავარი ფუნქციაა მაღალი ძაბვის სადენებისა და ხიდების კონსტრუქციის რკინის ბაგირების გადაჭრა.

მაგრამ, ასეთ მცირე ზომის სამიზნეებზე მოხვედრისას ძველი „გერანების“ საბრძოლო ქობინების დეტონატორები არ იმოქმედებდნენ,ამიტომაც მოდერნიზებულ „გერანს“ დაუმატეს ორი „ულვაში“ დეტონატორებით ,რაც ზრდის მათი მექანიკურად შეხების ალბათობას დენის სადენებთან თუ ხიდების კონსტრუქციების დამჭერ რკინის ბაგირებთან.

kievisxidiafetkeba-1791103638.jfif
დღეს დილას კიევის ჩრდილოეთ ხიდზე რუსული საჰაერო დარტყმის მომენტი...

გარდა ამისა,უკრაინელ სამხედრო ექსპერტები თითქმის დარწმუნებულები არიან,რომ კიევში მოქმედებს რუსული დაზვერვის მიერ დაყენებული რამდენიმე ძალიან კარგად შენიღბული რადიოშუქურა,რომლებიც მხოლოდ რამდენიმე წუთით ირთვებიან მორიგი რუსული საჰაერო შეტევის დროს და „გერანების“ ოპერატორებს საშუალებას აძლევენ წერტილოვანი დარტყმები განახორციელონ კონკრეტულ სამიზნეებზე უკრაინის დედაქალაქში,რის გამოც უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ ამოქმედებული რადიოელექტრონული ჩახშობის სისტემების მუშაობა(რომლებმაც წესით უნდა „დააბნიონ“ რუსული დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების დამიზნების საბორტე აპარატურა) არაეფექტიანი ხდება.