„დიახ, ოპოზიციის სისუსტის გამო, პროცესები შესაძლოა სახიფათო სცენარით განვითარდეს“ - ვახტანგ ძაბირაძის პროგნოზი
"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ცვლილებიდან 14 წლის შემდეგაც პენიტენციარულ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე კვლავ ისმის საზოგადოების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის მძიმე ბრალდებები, რაც პერიოდულად სისტემური პრობლემების, არაადამიანური მოპყრობისა თუ უფლებების დარღვევის ეჭვებს აჩენს. განსაკუთრებული რეზონანსი მოჰყვა პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეს, რომელიც საზოგადოებასა და მედიაში ფართო განხილვის საგნად იქცა - 36 წლის მსჯავრდადებულმა სააპელაციო სასამართლო პროცესზე უმძიმესი განცხადება გააკეთა - მისი მტკიცებით, რუსთავის №6 პენიტენციარულ დაწესებულებაში, კერძოდ, დეესკალაციის/სამარტოო ოთახში ყოფნისას ის ბადრაგების სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. სპეციალურმა პენიტენციარულმა სამსახურმა მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ბრალდებების შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა - უწყებამ კატეგორიულად უარყო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ფაქტი და მსჯავრდადებულის განცხადებას ცილისწამება უწოდა. ხელისუფლების წარმომადგენლები პატიმრის განცხადებაში პოლიტიკურ კონტექსტს და მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას ხედავენ, ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი კი მიუთითებენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის 14 წლის შემდეგ, როდესაც მმართველი გუნდი კვლავ ხშირად აპელირებს 2012 წლამდე ციხეებში არსებულ სისტემურ დანაშაულებზე, მსგავსი მძიმე ბრალდებები ცხადყოფს, რომ პენიტენციარული სისტემის რეფორმირება და პატიმართა უფლებების დაცვა კვლავ სერიოზული პრობლემაა. სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:

- ვიდრე არსებობს ხელისუფლების მოწყობის არსებული სისტემა და ზოგადი პრინციპები, ვიდრე არ გვექნება დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტები, მანამ ამგვარი სისტემური პრობლემის აღმოფხვრა (ზოგადად ვამბობ, არა მხოლოდ დავითაძის საქმეზე), წარმოუდგენელია.
თავად ის ფაქტი, რომ "ქართული ოცნების" თოთხმეტწლიანი მმართველობის განმავლობაში ვერ მოხერხდა რუსთავის მე-6 პენიტენციარული დაწესებულების, განსაკუთრებული რისკის ციხის დირექტორის, ვინმე შოთა ტრაპაიძის ჩანაცვლება, რომელიც თურმე იმავე "ნაციონალების" ხელისუფლებიდან მოდის, ბევრ რამეს ააშკარავებს. როგორც ითქვა, მას რამდენჯერმე გაუუქმეს უფლებამოსილება, თუმცა შემდგომ კვლავ აბრუნებდნენ სისტემაში, ისმის კითხვა, რატომ? - იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ვერ მოიძებნა ისეთი პიროვნება, რომელიც მას ჩაანაცვლებდა და ისეთ დავალებებს შეასრულებდა, როგორსაც ის ასრულებს. ეს ამ პრობლემის ერთი მხარეა. მეორე და უფრო მნიშვნელოვანი მხარე ის არის, რომ სასამართლო ხელისუფლება ვერ გათავისუფლდა ოდიოზური პირებისგან. უზენაესი სასამართლო ისევე დაკომპლექტდა და ისეთივე პროცესები მიდის, როგორიც "ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო. შესაბამისად, ასეთი ფაქტები მთელ სახელისუფლებო სისტემასა და ვერტიკალს ეუბნება მხოლოდ ერთ რამეს: ნუ გეშინიათ, არაფერი შეცვლილა, ყველაფერი ისევ ისეა, როგორც იყო და თქვენ არაფერი დაგემუქრებათო - აი, ეს არის უმთავრესი პრობლემა, რომლის მოგვარება შეუძლებელია ავტორიტარული რეჟიმის ხელში; ამას სჭირდება დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობა.
ამ ხალხს, ვინც დასაქმებულია სახელისუფლებო ვერტიკალში, ყოველთვის აქვს განცდა, რომ უმაღლესი ხელისუფალი მათ არ გაწირავს. არა მხოლოდ მათ, ეს განცდა საზოგადოებაშიც არის. შესაბამისად, ამ ატმოსფეროს ჩვენ როგორღაც ვეგუებით. ასეთ ვითარებაში, როცა არც საზოგადოების მხარდაჭერაა მოსალოდნელი და ხელისუფლებასაც არ სურს მძიმე რეფორმების გატარება, ძალიან რთულია პოზიტიური შედეგის მიღება.
- ბატონო ვახტანგ, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ ცილისწამებაა და პოლიტიკური მიზნით ხდება. ამბობენ, რომ მათ მოწინააღმდეგეებს სურთ დახატონ სურათი, რომ თითქოს "ნაციონალური მოძრაობის" დრო დაბრუნდა...
- თითქმის ყველა მიმართულებით ისე მოქმედებს "ქართული ოცნება", რეალურად "ნაციონალური მოძრაობა" წავიდა კი სადმე? მართვის ის სისტემა, რაც დღეს არის დამკვიდრებული ქვეყანაში, იმეორებს იმას, რაც იყო - არ შეცვლილა. დიახ, იგივეა, რაც იყო "ნაციონალური მოძრაობის" დროს. უბრალოდ, მისი ოდნავ ტრანსფორმირება მოხდა, მეტი არაფერი. როდესაც მართვის სტილი არ იცვლება, როცა იგივე ხალხია ხელისუფლებაში, სასამართლოში, ბიზნესზე აღარაფერს ვამბობ, ბუნებრივად იბადება კითხვა, ვინ და რატომ შეცვლიდა მნიშვნელოვნად პენიტენციარულ სისტემას?! როდესაც "ქართულ ოცნებაზე" თოთხმეტი წლის წინ ვლაპარაკობდით, ვამბობდი, რომ თუ არსებული სისტემა არ შეიცვლება, მისი მართვა შეუძლებელი იქნება რეპრესიებისა და კორუფციის გარეშე-მეთქი. სამწუხაროდ, მივიღეთ როგორც რეპრესიული მიმართულება, ისე კორუფციული.
რეალობა ასეთია: ვიდრე მართლაც არ შევცვლით მართვის სისტემას და არ შევქმნით დემოკრატიულ ინსტიტუტებს, სულ ასეთ ვითარებაში ვიქნებით - იქნება ეს "ქართული ოცნება" თუ მოვა ოპოზიცია.
ისევ დავითაძის საქმეს დავუბრუნდეთ. მესმის, რომ აუცილებელია ამ საქმის ისე გამოძიება, რომ კითხვები არ დარჩეს, მაგრამ ამ ხელისუფლების, ამ სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის პირობებში ვინმეს სჯერა, რომ ობიექტური გამოძიება ჩატარდება? პირადად მე, ამის არ მჯერა...
როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს ციხის კადრები გამოქვეყნდა და საზოგადოება აღშფოთდა, უკვე არსებობდა პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჰქონდა მიზიდულობა და რომელიც იმჟამინდელ ელექტორალურ ოპოზიციასა და ძირითად მასას აერთიანებდა. ამიტომ ამას დაემატა ეს კადრები და ამან გამოიწვია "ნაციონალური მოძრაობის" ვერტიკალის ცვლაც და "ნაციონალური მოძრაობის" გარკვეული ნაწილის ტრანსფორმირებაც "ქართულ ოცნებაში". დღეს, სამწუხაროდ, ოპოზიციაში არ გვყავს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომლისადმიც ოპოზიციურ ელექტორატს ლოიალური დამოკიდებულება ექნება.
ოპოზიცია დაყოფილია ჯგუფებად. თავი რომ დავანებოთ ლიდერების დონეზე კრიტიკას, თავად ელექტორატიც არ არის ერთიანი. ამიტომ არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში ამგვარი შემთხვევები გამოიწვევს გაღიზიანებას, კიდევ უფრო გაამძაფრებს საზოგადოებრივ ნეგატიურ განწყობას "ქართული ოცნებისადმი", მაგრამ ეს არ აისახება პოლიტიკურ აქტივობაში - ქუჩის აქტივობას ვგულისხმობ.
ყველაზე რთული და სახიფათო ის არის, რომ უარყოფითი მუხტი საზოგადოებაში იზრდება, ხოლო მისი რეალიზაციის შესაბამისი პოლიტიკური სპექტრი არ არსებობს. მუხტი გაიზრდება, მაგრამ რადგან პოლიტიკური სპექტრი ამას ვერ პასუხობს, არის საშიშროება, რომ ამან შეიძლება სპონტანურად, რაღაც ფაქტორის გამო კულმინაციას მიაღწიოს და უმართავ პროცესებში გადაიზარდოს. ეს ძალზე სახიფათოა არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, არამედ ქვეყნისთვის. რეალობა ასეთია და მისი გამოსწორების საშუალება ჯერ არ ჩანს, რადგან არ არსებობს პოლიტიკური სპექტრი, რომელიც მისაღები იქნება ოპოზიციური ამომრჩევლისთვის. დიახ, ოპოზიციის სისუსტის გამო, პროცესები შესაძლოა სახიფათო სცენარით განვითარდეს.
- რადგან ოპოზიციაზე ჩამოვარდა სიტყვა, აქვე ვახსენოთ გასულ კვირას გამართული "ნაციონალური მოძრაობის" აქცია, რომელიც კრახით დასრულდა...
- ჩემი დამოკიდებულება "ნაციონალებისადმი" დიდი ხანია ცნობილია, მიუხედავად ამისა, მეც კი არ ველოდი პროტესტანტების ასეთ მცირე რაოდენობას. ეს ნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კარგავს ერთგულ ელექტორატს. თუ წინა არჩევნებში მათ ორასი ათასის ფარგლებში შეძლეს ხმების აღება, დღეს, გამომდინარე იქიდან, რაც ვნახეთ, გამოდის, ძალიან რთული ვითარება აქვთ. რჩევის მიცემა არ მინდა, მაგრამ თუ მეტის თავი არ ჰქონდათ, ჯობდა, აქცია საერთოდ არ გაემართათ.
- როგორ ფიქრობთ, რა არის "ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატის დაკარგვის მიზეზი?
- ვფიქრობ, მიზეზი კომპლექსურია. ძალიან ცუდი პროცესი მიდის თავად "ნაციონალურ მოძრაობაში". ვგულისხმობ თავმჯდომარეების გაუთავებელ ცვლას. სხვათა შორის, აქციას მედიასაშუალებებით შევხედე და გამიჩნდა კითხვა, სააკაშვილის ახალი ფავორიტი, ნანუკა ჟორჟოლიანი, რატომ არ იყო აქციაზე? რამე შეიცვალა ისევ? მოკლედ, აღარც ძველი იყო, აღარც ახალი... რამდენიც არ უნდა იძახოს სააკაშვილმა, რომ გრაფი მონტე-კრისტო და მანდელაა, სამწუხაროდ, არც ერთია და არც მეორე. სიმდიდრე, რა თქმა უნდა, დედამისს აქვს, მაგრამ მონტე-კრისტოს სიმდიდრეს ვერ შეედრება, ხოლო მანდელასთან შედარება საერთოდ ანეკდოტურია.
ასეთი განცხადებები და სააკაშვილის ხშირი აქტიურობა თვით მასა და "ნაციონალურ მოძრაობას" ხელს უშლის იმის მიღწევაში, რასაც ცდილობენ.
- გასულ კვირას ღარიბაშვილის კიდევ ერთი ეპისტოლე ვნახეთ. ამჯერად მან საკუთარ მიღწევებსა და დამსახურებებზე გაამახვილა ყურადღება საკმაოდ ვრცელ წერილში...
- ისევე, როგორც სააკაშვილი, ღარიბაშვილიც ცდილობს რამენაირად თავი დააღწიოს პატიმრობას, ოღონდ სხვადასხვა გზითა და მიმართულებით. ღარიბაშვილი ისევ და ისევ ცდილობს ივანიშვილს თავი შეაცოდოს, რათა მან გაიღოს მოწყალება და გაათავისუფლოს. ღარიბაშვილის მთელი ეპისტოლარული ჟანრი სწორედ ამას ემსახურება. ჩემი ღრმა რწმენით, ის ცდილობს დაუმტკიცოს ივანიშვილს, რომ მისი ერთგული იყო და არის. რაც შეეხება იმას, თუ როგორ იმოქმედებს ეს საზოგადოებაზე, ჩემი აზრით, არანაირად... არ ვლაპარაკობ იმ ჯგუფზე ხელისუფლებაში თუ ხელისუფლების გარეთ (ბიზნესჯგუფებზე), რომელიც ღარიბაშვილთან იყო მიბმული და, ფაქტობრივად, იკვებებოდა ღარიბაშვილის ხელიდან - ისინი, რა თქმა უნდა, გაღიზიანებული არიან, მაგრამ ხმას არ ამოიღებენ, ვიდრე არ გაიგებენ ივანიშვილის გადაწყვეტილებას.
ღარიბაშვილმა, უბრალოდ, ჩათვალა, რომ ივანიშვილს ახლა სჭირდება, რომ ვიღაცამ კობახიძესა და მდინარაძეს შეუტიოს, და აი, აქედან გამომდინარე დაიწყო აქტიურობა. ჩემი აზრით, ეს არასწორი პოლიტიკური გათვლაა, იმიტომ, რომ ივანიშვილს არც ღარიბაშვილი სჭირდება და არც არავინ.
ერთი სიტყვა რომ თქვას, უცებ გაქრება კობახიძე ხელისუფლებიდან (მდინარაძე კი გაისტუმრა უკვე). მე არ მჯერა, რომ ღარიბაშვილი ივანიშვილის თამაშს თამაშობს კობახიძის წინააღმდეგ, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ამგვარი დახმარება, უბრალოდ, არ სჭირდება...
ისევ საზოგადოებაზე ამ ეპისტოლეების გავლენას რომ დავუბრუნდეთ, ღარიბაშვილმა პირველ რიგში უნდა თქვას ის, თუ რა წარმომავლობისაა ის ექვსი მილიონი, სახლში რომ ედო ნაღდ ფულად. ისევ ხომ არ იტყვის, პენსიონერმა მამამ მაჩუქაო, როგორც თავის დროზე გვითხრა? აი, ეს არის, უპირველეს ყოვლისა, განსამარტი. რაც შეეხება იმას, რომ მის პერიოდში თურმე ქვეყანა ყვაოდა, არა მგონია, რომ ეს აყვავება საქართველოს მოსახლეობის ძირითად ნაწილს შეხებოდა, თვითონ და მისი გარემოცვა კი ყვაოდნენ.
- მიმდინარე კვირას ავანსცენაზე გამოჩნდა ბერა ივანიშვილი. მან გაავრცელა მიმართვა, რომელშიც ამბობს, რომ მას ცილს სწამებენ რიგი მედიასაშუალებები და აპირებს, რომ ყველას სამართლებრივად უპასუხოს. ბევრმა ეს აღიქვა როგორც ახალი რეპრესიებისა და ახალი ტალღის დაწყების ნებართვა ქვეყანაში. საინტერესოა, თქვენ რას ფიქრობთ?
- ამ მიმართვაში არის ერთი საინტერესო მომენტი: იქ ნათქვამია, რომ მან თავისი უფლებების დაცვა მიანდო პროფესიონალსა და ერთ-ერთ ცნობილ ადვოკატს დავით ასათიანს. მე ასათიანის პროფესიონალიზმზე არაფერს ვიტყვი, მართლაც კარგი ადვოკატია, მაგრამ ამ ვითარებაში არანაირი იურიდიული განათლება არ არის საჭირო იმისთვის, რომ თუ ივანიშვილი სარჩელს შეიტანს სასამართლოში, ის მოიგოს. რა აუცილებელია ამ პროფესიონალის დაკავება და მოწყვეტა რეალურ საქმეზე? იყოს ნებისმიერი - რომელი მოსამართლე იტყვის დღეს უარს და გაამტყუნებს ბერა ივანიშვილს? ასე რომ, თავისთავად ეს წერილიც და ეს პროცესიც ჩემთვის იუმორისტული ჟანრია, იმიტომ, რომ ბერა ივანიშვილის გამტყუნება საქართველოში წარმოუდგენელია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ წერილით ზეგავლენას მოახდენს საზოგადოებაზე, ცდება. დარწმუნებული ვარ, მისი, სულ ცოტა, 90%, მათ შორის "ქართული ოცნების" მომხრეებიც, ზუსტად ჩემსავით ფიქრობენ.