როგორ მუშაობს "გაღატაკების მანქანა" საქართველოში?! - "თამაშდამოკიდებულება ფსიქიკური დაავადებაა, რომლის ტირაჟირებასაც სათამაშო ბიზნესი ახდენს“ - კვირის პალიტრა

როგორ მუშაობს "გაღატაკების მანქანა" საქართველოში?! - "თამაშდამოკიდებულება ფსიქიკური დაავადებაა, რომლის ტირაჟირებასაც სათამაშო ბიზნესი ახდენს“

საქართველოში აზარტული თამაშები კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს. "ერთადერთი გამოსავალი მარეგულირებელი ორგანოს შექმნაა. ეს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია აღნიშნულ პრობლემაზე მუშაობისთვის. მხოლოდ პერმანენტული ცვლილებები საკმარისი არ არის, ამ საკითხს მუდმივი მუშაობა სჭირდება", - გვეუბნება სარეაბილიტაციო ცენტრ "დღე პირველის" დირექტორი, "აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის" დამფუძნებელი გუგა ბესელია. მისივე თქმით, ეს განპირობებულია იმით, რომ სათამაშო ბიზნესის რეგულირებაზე ოთხი სხვადასხვა უწყებაა პასუხისმგებელი, რის გამოც ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება ვერ ხერხდება.

- ახლახან საგანგაშო მონაცემები გამოქვეყნდა - აზარტული თამაშების სექტორის ბრუნვამ 88 მილიარდზე მეტი ლარი შეადგინა... მიუხედავად შეზღუდვისა, რის ხარჯზე იზრდება ეს მაჩვენებელი?

- ეს არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ ერთი წლის ჭრილში. უნდა დავაკვირდეთ მთლიან სტატისტიკას, რომელიც ყოველ­წლიურად მზარდია და იცვლება - ანუ ახლა არის 88 მილიარდი ლარი, ამის წინ იყო 76 მილიარდი ლარი, იმის წინ - 65-64 მილიარდი და ა.შ. ანუ ბრუნვა ყოველწლიურად დაახლოებით ერთი და იმავე პროპორციით იზრდება, რაც ნიშნავს, რომ რეგულაციებს ეფექტი არა აქვს და არც მისი მონიტორინგი მიმდინარეობს.

ახლა თამაშდამოკიდებულების პრობლემა გადანაწილებულია ოთხ სამინისტროში: ჯანდაცვის, განათლების, ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში. ამ ოთხმა სამინისტრომ ამ საკითხზე ერთიანი პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს და ერთიანი ძალებით მუშაობა შეძლოს, რათა, ასე ვთქვათ, პერიოდული და ყოველდღიური მუშაობის ხასიათი ჰქონდეს. წარმოიდგინეთ, ოთხი სამინისტრო მუდმივად უნდა იკრიბებოდეს და მსჯელობდეს, რა უყონ თამაშდამოკიდებულებას, როგორ გადაინაწილონ პასუხისმგებლობები. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია.

- რატომ?

- იმიტომ, რომ თამაშდამოკიდებულება თითოეული სამინისტროსთვის არის ერთ-ერთი რიგითი საკითხი - შინაგან საქმეთა სამინისტროს თამაშდამოკიდებულების გარდა, კიდევ უამრავი რამ აქვს მოსაგვარებელი, ფინანსთა, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებსაც. ანუ არც ისე პრიორიტეტულია ეს თემა, შესაბამისად, თამაშდამოკიდებულება ვერასდროს იქნება მუდმივ პრიორიტეტში და ეს ოთხი სამინისტრო ვერასდროს იმუშავებს ერთდროულად. საბოლოო ჯამში, ამ სამინისტროებს ოპონირებას თვითონ სათამაშო ბიზნესი უწევს, რომელიც 24/7-ზე იცავს საკუთარ ინტერესებს, რათა ამ გარემოში თავი გადაირჩინოს, რაც ბიზნესისთვის ლოგიკურია. აქედან გამომდინარე, სათამაშო ბიზნესი მუდმივად გამარჯვებული გამოდის.

- და მუდმივად ყველაზე მომგებიან ბიზნე­სადაც ითვლება საქართველოში, მისი ბრუნვა კი, როგორც ბრძანეთ, ყოველწლიურად იზრდება. მაინც რა არის მთავარი პრობლემა და რა გამოცდილება აქვთ ევროპის ქვეყნებს?

- მთავარი პრობლემა ზუსტად ის არის, რომ არ არსებობს მარეგულირებელი ორგანო. ევროპული გამოცდილება მუშაობს იმ პრინციპზე, რომ თამაშდამოკიდებულების საკითხი სრულად არის ათვისებული მარეგულირებელი ორგანოს მიერ - ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, წარმოიდგინეთ ერთი სამინისტრო, ერთი ორგანო, ერთი ორგანიზაცია, რომელიც სრულად იღებს პასუხისმგებლობას პრობლემის მოგვარებაზე, სხვა მოვალეობა ამ ორგანოს არა აქვს. ის პრევენციულ და საგანმანათლებლო პროექტებს კურირებს, ემსახურება ცნობიერების ამაღლებას, ამუშავებს სარეაბილიტაციო პროცესებს, აინიცირებს ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელიც ამჟამად არის ქვეყანაში. მარეგულირებელი ორგანო თუ არ იქნება, სათამაშო ბიზნესის ფინანსური ბრუნვა წლიდან წლამდე მხოლოდ გაიზრდება.

- თუ იცით, ამაზე მიდის მუშაობა?

- ამ საკითხზე 2024 წელს ვიმუშავე პარლა­მენტში, თემატური მოკვლევის ავტორი გახლავართ. ბრიტანეთიდან ჩამოყვანილი მყავდა მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლები, რომლებმაც ამ საკითხზე საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარეს. უშუალოდ პარლამენტშიც მქონდა ამასთან დაკავშირებით შეხვედრა და ჩემი, როგორც ექსპერტის მოვალეობა, სწორედ ის იყო, რომ უნდა გამეცა რეკომენდაცია, თუ რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო. სულ ორი რეკომენდაცია შევიმუშავე: შეიქმნას მარეგულირებელი ორგანო და დაითვალოს, რა დაჯ­დება მისი მუშაობა. ორივე რეკომენდაცია თაროზეა შემოდებული და, როგორც თქვენ არ განგიხილავთ ეს საკითხი, ისე პარლამენტს.

- სათამაშო ბიზნესში ხალხის ჩართვა მხოლოდ დამოკიდებულებაა? კიდევ რა განაპირობებს იმას, რომ ამდენი ხალხია ჩართული?

- თამაშდამოკიდებულება ფსიქიკური დაავადებაა, რომლის ტირაჟირებასაც, ბუნებრივია, სათამაშო ბიზნესი ახდენს. ფსიქიკურ დაავადებას აქვს ორი გამომწვევი მიზეზი: ერთი შიდაპიროვნული და მეორე - გარეგანი ფაქტორები. გარეგანი ფაქტორებია, მაგალითად, ეკონომიკური პრობლემები, სიღარიბე, დაბალი განათლების ხარისხი, ცნობიერების პრობლემები, ის, რომ ახალგაზრდებში და მოწყვლად სეგმენტში ეს საკითხი ტრენდულია. მაგრამ მხოლოდ გარემო ფაქტორები არ არის მთავარი - არის შიდაადამიანური ფაქტორებიც, მაგალითად, დაბალი თვითშეფასება, რომ ოჯახმა არ იცის, როგორ გაზარდოს შვილი.

ჩვენმა კვლევებმა აჩვენა, რომ განსაკუთრებით რეგიონებში, მშობლები თვითონ ათამაშებენ შვილებს, ვინაიდან თავად თამაშ­დამოკიდებული მშობლები თვლიან, რომ ახალბედა მოთამაშეს იღბლიანი ხელი ექნება. ასეთი ფაქტი არაერთია. ამ ხალხის ცნობიერების ამაღლებაზე არავინ ზრუნავს. ამაში ჯანდაცვის სამინისტროს როლი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ეს, პირველ რიგში, ფსიქიკური დაავადებაა. განათლების სამინისტროს როლიც ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს და ა.შ. უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია, სამოქალაქო განათლების საკითხებში უნდა ჩაიდოს ეს საკითხი.

- სხვა ყველა "სიკეთესთან" ერთად, თამაშში ჩართულობა კრიმინალსაც ზრდის...

- ცხადია... როცა ლაპარაკი იყო ასაკის 25 წლამდე აწევაზე, ამის გვერდით ეფექტებს ვხედავდი, სხვები კი არ ხედავდნენ და დღეს გამოვიდა ისე, რომ 25 წლამდე პირებს აუკრძალეს თამაში - მათ, ვინც უკვე ისედაც თამაშდამოკიდებული იყო. საბოლოო ჯამში ისინი ახლა სხვისი ექაუნთით თამაშობენ, ზოგიც "ხელზე" და ეს ყველაფერი კრიმინალის ზედამხედველობით ხდება, ზოგიც, საერთოდ, საზღვარგარეთულ ონლაინკაზინოებში თამაშობს... არ შეიძლებოდა ასე ასაკის დაწესება. ამას სჭირდება კვლევა, ნიადაგის მომზადება და ასე შემდეგ.

ჰოლანდიის მაგალითი მოვიყვანოთ: სანამ ჰოლანდიაში მარიხუანას ლეგალიზება დაიშვებოდა, სახელმწიფომ რამდენიმე წლით ადრე შეიმუშავა მასობრივი პოლიტიკა საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, რათა მის ლეგალიზებას მძიმე უკუშედეგები არ გამოეწვია, რომ ჰოლანდიის მთელი მოსახლეობა მარიხუანაზე დამოკიდებული არ გამხდარიყო. ჩვენ რა ვქენით? 25 წლამდე ავწიეთ ასაკობრივი ზღვარი. საქართველოში კიდევ უამრავი 25 წლამდელი მოქალაქეა, რომელიც თამაშდამოკიდებულია და როცა მათ თამაშზე წვდომას წაართმევ, აუცილებლად მონახავენ ალტერნატიულ გზას.

- რეკლამასაც დიდი ძალა აქვს... ამ მხრივ როგორ არის საქმე?

- ქუჩის ბანერები, სატელევიზიო რეკლამა, მასმედიას სრულად აქვს აკრძალული სათამაშო ბიზნესის რეკლამა, თუმცა ძირითადი დატვირთვა მაშინაც და ახლაც (განსაკუთრებით ინტერნეტის ეპოქაში) მაინც ინტერნეტზე მოდის. ინტერნეტში რეკლამის აკრძალვა შეუძლებელია, უფრო სწორად, არ არის აკრძალული იმიტომ, რომ YouTube-ს, ონლაინსტრიმს, სათამაშო ბიზნესის რეკლამას ვერავის ავუკრძალავთ. აქედან გამომდინარე, რეკლამის შეზღუდვა არ არის იმ მასშტაბის, რა მასშტაბიც სჭირდება.

"საქსტატის" მონაცემებით, აზარტული თამაშების სექტორის ბრუნვამ 2025 წელს მორიგ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. გასულ წელს მაჩვენებელმა 88.370 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.215 მლრდ ლარით, ანუ დაახლოებით 16%-ით მეტია. მთლიანად კი გასულ წელს სათამაშო ბიზნესის წილი ბიზნესსექტორის მთლიან ბრუნვაში 34.8% იყო. ცნობისათვის, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 32.3%-ს შეადგენდა, 2023 წელს - 31.2%-ს, 2022 წელს - 29%-ს, 2021 წელს - 32%-ს, 2020 წელს კი 28%-ს