„ის, რაც დღეს ჩვენ გარშემო ხდება, პროვოცირებულ პროცესს ჰგავს“
რუსეთის ბირთვული რიტორიკა, ევროპის სამხედრო მზადყოფნის გაძლიერება, უკრაინის ომის გაფართოების რისკი და აშშ-ის ერთდროული დაპირისპირება რამდენიმე მიმართულებით - მსოფლიო უსაფრთხოების გარემო სწრაფად იცვლება. ამასობაში მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებს უფრო აძლიერებს, დასავლეთი კი ევროპის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე გადადის. როდესაც ძალთა ბალანსი და უსაფრთხოების გარემო ასე სწრაფად იცვლება, რა პოლიტიკა უნდა ჰქონდეს საქართველოს, როგორ უნდა დაიცვას ქვეყანამ სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ევროპული კურსი ახალ რეალობაში, ამ საკითხებზე უსაფრთხოების ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება.
- დღეს მსოფლიოში ძალთა გადანაწილების ახალი ეტაპი მიმდინარეობს. თუ ადრე მთავარი ბრძოლა ტერიტორიებისთვის იყო, ახლა გადამწყვეტი ხდება გავლენის, სავაჭრო გზების, ფინანსური ნაკადებისა და სტრატეგიული რესურსების გაკონტროლება. ამ პროცესში დიდი მოთამაშეები უგულებელყოფენ, არა მხოლოდ მცირე ქვეყნების, არამედ მოკავშირეების ინტერესებს. ამის ნათელია მაგალითია აშშ-ის პოლიტიკის ცვლილებებიც როგორც ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის, ისე ჩინეთის მიმართ. ვაშინგტონის მიზანი გლობალური ლიდერობის შენარჩუნებაა, ხოლო ჩინეთისთვის ძლიერი, მაგრამ მეორე პოზიციის დატოვება, სხვა ქვეყნები კი ცდილობენ ამ რეალობას მოერგონ. გამონაკლისად შეიძლება განვიხილოთ ინდოეთი, რომელსაც ადამიანური რესურსით, ეკონომიკური პოტენციალითა და გეოგრაფიული მასშტაბით გლობალური ძალების სამეულში მოხვედრის შესაძლებლობა აქვს, თუმცა ზესახელმწიფოობის პრეტენზია ამ ეტაპზე არა აქვს. მისი გზავნილი უფრო მარტივია: "ჩემს ინტერესებსაც გაუწიეთ ანგარიში".
- ინდოეთი, ალბათ, ერთადერთი გამონაკლისი არ არის, გაცილებით დიდი გეოპოლიტიკური ამბიციები აქვს რუსეთს, რომელიც მთელ მსოფლიოს ბირთვული იარაღით აშანტაჟებს.
- რუსეთის ბირთვული მუქარა მიუღებელია ყველასთვის, მათ შორის ჩინეთისთვისაც კი, რომელიც რუსეთის პარტნიორად მიიჩნევა. პეკინის მიზანი ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების გაგრძელება და აშშ-ისთვის სერიოზული კონკურენციის გაწევაა. ამისთვის კი სტაბილური სავაჭრო ურთიერთობები და ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე წვდომა სჭირდება. ჩინეთის მიზანია 2030 წლისთვის უკვე გააძლიერებული პოზიცია ჰქონდეს ტექნოლოგიებში, ინდუსტრიაში, სავაჭრო გზებსა და სტრატეგიულ რესურსებზე წვდომაში. ნებისმიერი ფართომასშტაბიანი სამხედრო ესკალაცია ამ მიზნებს სერიოზულად დააზიანებს. ამიტომ პეკინისთვის სტაბილურობის შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება რუსეთის ბირთვულ მუქარას, მისი გამორიცხვა არ შეიძლება. განსაკუთრებით ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა რჩება ერთ-ერთ მძიმე სცენარად, რომელსაც რუსეთი კრიზისულ ვითარებაში გამოიყენებს. თუმცა ამას რუსეთისთვის ძალიან მაღალი პოლიტიკური და ეკონომიკური ფასი ექნება. ევროპისთვის ბირთვული დაპირისპირება უკიდურესად მძიმე საფრთხეა. მართალია, საპასუხო დარტყმის შემთხვევაში რუსეთიც დიდი საფრთხის ქვეშ დგება, მაგრამ ეკონომიკური და ადამიანური დანაკარგი ევროპისთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება. თუ გადავხედავთ ევროპის კომპეტენტურ წყაროებს, ეს აშკარაა. კარგია, რომ ევროპა გადაიარაღებას იწყებს, მაგრამ ძალიან ბევრი დრო გაფლანგა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს თავდაცვის სისტემების გადალაგება სწრაფად მიმდინარეობს, ის ეკონომიკური განვითარების ტემპი და რესურსები, რომლებიც ევროპას აქვს, ჯერ კიდევ არ შეესაბამება თანამედროვე თავდაცვის სისტემის შექმნის საჭიროებებს. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც - თუ ვითარება ევროპასა და რუსეთს შორის ბირთვული დაპირისპირების დონემდე მივა, აშშ გულგრილი ვერ დარჩება. ამერიკელები ევროპას მაინც დასავლური სამყაროს ნაწილად აღიქვამენ და გამორიცხულია, რუსეთს საშუალება მისცენ ევროპა ისე დააზიანოს, რომ ამას აშშ-ის უსაფრთხოებაზე გავლენა ჰქონდეს.

- თუ რუსეთმა ბირთვული მუქარა აასრულა, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უკრაინაში?
- რუსეთისთვის დღეს უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა უკრაინის არმიაა, ვიდრე ევროპის თავდაცვის სისტემა. პირველ რიგში, რუსეთისა და უკრაინის არმიები ერთმანეთს კარგად იცნობენ, მეორე - უკრაინის არმია დღეს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმიაა და მესამე - უკრაინის თავდაცვის სისტემამ ტექნოლოგიურ განვითარებაში არნახულ წარმატებას მიაღწია. მართალია, თავდაცვის სისტემაში ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ შეტევითი შესაძლებლობების განვითარებისთვის ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი რამ გაკეთდა და საკმაოდ ეფექტურ სისტემებს ქმნის. მაგალითად, ცოტა ხნის წინ უკრაინამ მებრძოლი რობოტების სისტემები გამოიყენა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ ომში, პრაქტიკულად, მთელი მსოფლიოს წარმომადგენლები არიან ჩართული. როგორ დასრულდება ომი, არავინ იცის, თუმცა რუსეთისთვის ომის დასრულების აუცილებლობა სულ უფრო აშკარა ხდება. ამავე დროს, პუტინისთვის ეს ძალიან რთული პოლიტიკური საკითხია, რადგან ეს შეიძლება მისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს. ამასთან, რუსეთში უკვე სხვა კითხვებიც ჩნდება. მაგალითად, ქვეყანაში უზარმაზარი ტერიტორიები უკაცრიელდება, მოსახლეობისგან უკვე დაიცალა 24 000 სოფელი, მიტოვებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ პროპაგანდის საშუალებით ომს მხარდაჭერა აქვს, საზოგადოებაში ჩნდება კითხვა, საბოლოოდ, რისთვის ვიბრძვით? ამასთან, რუსეთის მოსახლეობა ხედავს, რომ ქვეყნის შორეულ აღმოსავლეთში უზარმაზარ ტერიტორიებზე ჩინეთის ეკონომიკური გავლენა იზრდება. შედეგად, წინააღმდეგობრივი სურათი იკვეთება: რუსეთი დასავლეთისკენ, მათ შორის უკრაინის ტერიტორიების ხარჯზე, ცდილობს გაფართოებას, მაშინ როცა ქვეყნის აღმოსავლეთში ჩინეთის გავლენა იზრდება. ეს ყველაფერი რუსეთისთვის ძალიან რთულ ვითარებას ქმნის. ამას ემატება ეკონომიკური პრობლემებიც... თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, მოსკოვს ომის დაფინანსებისა და ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება ძალიან გაურთულდება. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთში ჯერჯერობით, მასობრივი სახალხო მღელვარება მოსალოდნელი არ არის.
- ამ ფონზე რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ კავშირებს აძლიერებს და აცხადებს, რომ ურთიერთობები "ისტორიულ მაქსიმუმზეა". რას ნიშნავს ეს საქართველოს უსაფრთხოებისთვის?
- რუსეთს სამხრეთ კავკასიაში დაკარგული გავლენის აღდგენა სჭირდება. ამისთვის ის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებას ცდილობს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და სომხეთში, გიუმრიში არსებული სამხედრო ბაზა. ამიტომ რუსეთის ნაბიჯები მხოლოდ საქართველოსა და სომხეთის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებად არ უნდა განვიხილოთ. ეს სამხრეთ კავკასიაში გავლენის აღდგენის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია და, შესაბამისად, პირდაპირ ეხება საქართველოსაც. რუსეთმა რეგიონში მნიშვნელოვანი პოზიციები დაკარგა. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ყარაბაღია. მოსკოვმა ვერ შეძლო აზერბაიჯანის შეჩერება. 2020 წლის ომმა და შემდგომმა მოვლენებმა რუსეთის გავლენის შემცირებაც აჩვენა. ამასობაში თურქეთმა სამხრეთ კავკასიაში საკუთარი პოზიცია მნიშვნელოვნად გააძლიერა, ხოლო რუსეთი ცდილობს ეს სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტებით დააბალანსოს. უახლოეს მომავალში რუსეთმა შესაძლოა ისეთი ნაბიჯი გადადგას, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სტატუსს შეეხება. ამის შესაძლებლობა მოსკოვს ყოველთვის ჰქონდა, თუმცა დღეს მისთვის მნიშვნელოვანია, სანქციების პირობებში სამხრეთ კავკასიის გავლით ეკონომიკური და სავაჭრო შესაძლებლობები შეინარჩუნოს. მაგალითად, ცხინვალის რეგიონის უფრო ფორმალური ინტეგრაციით რუსეთი პრაქტიკულად ბევრს ვერაფერს მიიღებს, რადგან ისედაც სრულად აკონტროლებს ტერიტორიას და იქ სამხედრო ბაზა აქვს. მოსკოვისთვის უფრო მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური ფუნქცია, მათ შორის რეგიონის მნიშვნელობა ჩრდილოეთ-სამხრეთის სავაჭრო დერეფნისთვის. ამიტომ რუსეთისთვის არსებული მდგომარეობის შენარჩუნებასაც პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. თუმცა ეს საფრთხის არარსებობას არ ნიშნავს.
- საქართველოსთვის კიდევ ერთი გამოწვევა შეიძლება იყოს მეზობლების მიერ ისტორიულ და რელიგიურ თემებზე მანიპულირება. იქნება ეს ირანის ელჩის განცხადებები ქეთევან დედოფალზე, რასაც საგარეო უწყებაში მისი დაბარება მოჰყვა, თუ აზერბაიჯანის მკაცრი დიპლომატიური რეაქცია ქურმუხის ტაძრის შესახებ.
- ხაზგასმით ვამბობ: ის, რაც დღეს ჩვენ გარშემო ხდება, პროვოცირებულ პროცესს ჰგავს. ქეთევან დედოფალთან დაკავშირებული განცხადებები, ასევე ქურმუხის ტაძრის საკითხი და სხვა მსგავსი თემები ახალი არ არის. ისტორიულ თემებზე პრეტენზიები ადრეც არსებობდა, მაგრამ დღეს ამას ისეთი ფორმა ეძლევა, რომელიც ძალიან სახიფათოა. გამოცდილება მაჩვენებს, რომ ხშირად ვებმებით ხაფანგში, რომელიც ჩვენს ემოციურ რეაქციებზეა გათვლილი. დღესაც ჩანს ასეთი ხაფანგის დაგების ცდა.
ხათუნა ბახტურიძე